ივანიშვილის ინტერვიუს მთავარი აქცენტები - ერთად და მოკლედ

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ახლა უკვე ოფიციალურად გაფორმებულმა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ პირველი სატელევიზიო ინტერვიუ საზოგადოებრივ მაუწყებელს მისცა. განსაკუთრებული სტუმრის გამო, გადაცემამ აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად ფორმატიც შეიცვალა და ინტერვიუ არა პირდაპირ ეთერში, არამედ ჩანაწერის სახით შეკვეთილიდან გავიდა.

ივანიშვილის ინტერვიუს დიდი ნაწილი ქვეყანაში არსებულ სიღარიბესა და დემოკრატიას შორის არაპროპორციულობასა და გიორგი კვირიკაშვილთან კონფლიქტს უკავშირდებოდა. ივანიშვილმა არაფორმალურ მმართველობაზეც ისაუბრა და ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატზე განსხვავებული პოზიციაც დააფიქსირა.

რატომ დაბრუნდა ივანიშვილი პოლიტიკაში?

ახლა უკვე ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუ პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზების კიდევ ერთხელ განმარტებით დაიწყო. მისი თქმით, დაბრუნება არ უნდოდა, თუმცა გუნდსა და საზოგადოებაში არსებულმა პრობლემებმა აიძულა ეს ნაბიჯი გადაედგა.

ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge

"პოლიტიკაში დაბრუნება დიდად რომ არ მესიამოვნა, ყრილობაზეც დამეტყო სიტყვაში", - ეს იყო ივანიშვილის პირველი ფრაზა ინტერვიუს პირველ კითხვაზე.

ივანიშვილის თქმით, საქართველო უპრეცედენტო შემთხვევაა, რადგან "ასეთი მცირე ეკონომიკის, ასეთი ღარიბი ქვეყნის შემთხვევაში, დემოკრატიული ღირებულებები ევროპის, დასავლეთ ევროპის განვითარებული ქვეყნების შესადარია".

მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა ღარიბია და ყველას ყველაფრის უფლება აქვს, რაც ძალიან კარგია, გაღრმავდა და გაიზარდა ხალხის რაოდენობაც და გამონათქვამებიც, ვინც პრობლემებზე თავისუფლად საუბრობს. ამასთან, მისი შეფასებით, ამ ფონზე, ხშირად მედიაც აჭარბებს.

"კარგია თავისუფალი მედია, გადააჭარბოს სჯობს, ვიდრე შეზღუდული იყოს", - დააზუსტა ივანიშვილმა.

რა არ მოსწონს ივანიშვილს ოპოზიციაში?

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანაში იყოს კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლებასთან სწორად ოპონირებს, რეალურად, ის უპასუხისმგებლო და არაკონსტრუქციულია.

"ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ გვყავდეს კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც სწორად ოპონირებდეს ხელისუფლებასთან, რაც ასე ჰაერივით სჭირდება დღევანდელ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს და სახელმწიფოს მდგრადობას, რეალურად გვყავს უპასუხისმგებლო, არაკონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც ნაცვლად დასაბუთებული და არგუმენტირებული შენიშვნებისა, ლანძღვასა და პირდაპირი მნიშვნელობით, შეურაცხყოფაზეა გადასული", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მან ოპოზიციას პოლიტიკური ენაც დაუწუნა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ხვედრი მხოლოდ კრიტიკა არ არის – მათ საზოგადოებას ქვეყნის განვითარების უკეთესი გზებიც უნდა აჩვენონ.

"სიძულვილის ენა სამწუხაროდ, ძალიან ჭარბობს, ჭარბობს გინება, ლანძღვა და პირდაპირი მნიშვნელობით, შეურაცხყოფა, ნაცვლად პროფესიონალური და საფუძვლიანი ოპონირებისა", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორ გადაჭრა პარტიის დაშლის საფრთხე?

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პოლიტიკაში დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სხვა ბევრთან ერთად, გუნდში არსებული განხეთქილება იყო. მისი თქმით, არსებობდა გუნდის დაშლის საფრთხე და ეს პროცესი დაწყებული იყო.

ივანიშვილის თქმით, მან დაინახა, რომ გარედან კონტროლით აღარაფერი გამოვიდა და შიგნიდან უნდა ემუშავა.

ქართული ოცნების ყრილობა, 2018 წელი

ფოტო: ქართული ოცნება

"თუ ყრილობაზე გამოსვლის დროს ამაზე მსუბუქი მინიშნება გავაკეთე, დღეს მოგახსენებთ, რომ არსებობდა გუნდის დაშლის ძალიან დიდი ხიფათი და პროცესი დაწყებული იყო. ამას ყურადღებით ვაკვირდებოდი. დავინახე, რომ გარედან ჩემი კონტროლით საკმარისი არ იყო, გუნდი შენარჩუნებულიყო და ვერტიკალი გამყარებულიყო. რაც ყრილობაზე ვთქვი, იყო მსუბუქად ნათქვამი, გუნდში უფრო ღრმა პრობლემები არსებობდა", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რატომ გადადგა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი?

ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი იყო ის, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს აღარ შეეძლო მართვა, ის იძულებული გახდა წასული და ამ გადაწყვეტილებაში თავად არ ჩარეულა.

"კვირიკაშვილი ვერ ახერხებდა გუნდურ მმართველობას, რაც აუცილებელია ზოგადად მართვაში, მით უმეტეს პატარა ქვეყნისა და ჩვენი გუნდის შემთხვევაში. პარლამენტი პრაქტიკულად ჩახსნილი იყო, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში არ მონაწილეობდა", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილი ძირითადად ორ კაცთან, ინფრასტურქტურის ყოფილ მინისტრთან, ზურაბ ალავიძესთან და ეკონომიკის ყოფილ მინისტრთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან ახერხებდა გადაწყვეტილებების შეთანხმებასა და ზოგიერთი დაგვიანებული გადაწყვეტილება, მყისიერად, მოუმზადებლად შემოდიოდა საზოგადოებაში.

"მიზანი, რისთვისაც იყო გუნდი მოწოდებული, მათ რიცხვში პარლამენტიც, მონაწილეობა მიეღო სახელმწიფოს განვითარების პროცესში, ვერტიკალი, სიმკაცრე საერთოდ ირღვეოდა", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რა მოხდა "UNICEF-ის კვლევის განსახილველ შეკრებაზე"?

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, მას შემდეგ რაც კვირიკაშვილის მართვის უუნარობაზე ისაუბრა იმ საკითხებსაც შეეხო, რაშიც ყოფილ პრემიერს ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებოდა.

ივანიშვილის თქმით, შეხვედრაზე ("UNICEF-ის კვლევის განსხილველ შეკრებაზე"), რომელშიც უკვე ყოფილი პრემიერი კვირიკაშვილი, მთავრობის მაშინდელი წევრები და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, გიორგი კვირიკაშვილის მისამართით საკმაოდ მძიმე კითხვები დაისვა.

ფოტო: ქართული ოცნება

"იყო შემთხვევები, როდესაც ირღვეოდა ბალანსი სახელმწიფოს ინტერესებსა და ბიზნესის ინტერესებს შორის და არღვევდა ამას კვირიკაშვილი თავისი ქმედებებით", - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, კვირიკაშვილმა სცადა შეხვედრაზე გუნდისგან განსხვავებული პოზიციის გაჟღერება, რითაც კარგად გამოჩნდა, რომ მართვის რესურსი აღარ გააჩნდა.

"აღარ ჰქონდა ნდობა, არც პარლამენტში და არც მთავრობაში. ეს გახდა სწორედ მიზეზი მისი გადადგომის და არა ის, რომ ერთმა კაცმა და ივანიშვილმა დაიჟინა. შედეგი თავად კვირიკაშვილმაც დაინახა, მას აღარ დარჩა სხვა არჩევანი, ის უნდა წასულიყო და წავიდა კიდეც", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რა თქვა ქვეყანაში არსებულ სოციალურ პრობლემებზე?

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის გიორგი კვირიკაშვილს ხშირად ახსენებდა, რომ ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა და ხალხი ბანკის ვალებიდან ვეღარ ამოდის.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, იუნისეფის კვლევის შედეგები მისთვის ტრაგიკული იყო.

"ჩვენ ვნახეთ UNICEF-ის კვლევის შედეგები, რაც ჩემთვის იყო ტრაგიკული. ძალიან მძიმედ ვიყავი რამდენიმე დღე, როდესაც ვნახე, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს პოლიტიკაში ქართული ოცნების შემდგომ სიღარიბის ზღვარი გაუუარესდა და უარესი შედეგი მივიღეთ. ამაში ლომის წვლილი ჰქონდა სწორედ ჭარბვალიანობას", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, თვე არ გავიდოდა, რომ კვირიკაშვილისთვის ეს არ შემეხსენებინა.

"ეს იყო ძირითადი საკითხი, რაშიც, შეიძლება ვთქვათ, რომ მე პრემიერ-მინისტრს ხშირად ვახსენებდი, რომ ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა. ხალხი ბანკის ვალებიდან ვეღარ ამოდის და ეს არის არანორმალური. ამ ფონზე რომ საქართველოს ბანკი და თიბისი ბანკი მსოფლიოში პირველ ადგილზე არიან რენტაბელობის მხრივ, საამაყო შეიძლება იყოს, მაგრამ ამავდროულად მეორე მხრიდან ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობა თავისი შემოსავლის მესამედზე მეტს ბანკის პროცენტის მომსახურებაში იხდის და ეს არის უკვე სირცხვილი", - განაცხადა ივანიშვილმა.

რა დაუმალეს კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა ივანიშვილს?

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ჭარბვალიანობის პრობლემაზე გიორგი კვირიკაშვილმა და დიმიტრი ქუმსიშვილმა სავალუტო ფონდის კვლევა დამალეს.

ფოტო: გიორგი კვირიკაშვილი / Facebook

"მალავდნენ კვლევას, რომ თურმე სავალუტო ფონდი მსგავსს ეუბნებოდა მეორე მხრიდან, რაც მეც დამიმალეს და საზოგადოებასაც. ამის შემდგომ მე ვუთხარი, რომ თქვენთან ურთიერთობა შეუძლებელი გახდება", – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

ვისი დამსახურებაა ეკონომიკური ზრდა?

ივანიშვილს ჟურნალისტმა 7,5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე ჰკითხა და დაინტერესდა, რატომ ითვლებოდა წარუმატებელ მართვად ასეთი ეკონომიკური ზრდის მქონე მთავრობის მეთაურის საქმიანობა.

ივანიშვილის თქმით, ეკონომიკის ზრდაში მამუკა ბახტაძემ უფრო დიდი როლი ითამაშა, ვიდრე მაშინდელმა პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა.

"7,5%-იანი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი ფაქტორი ეფექტური საგადასახადო პოლიტიკა იყო, რაშიც მამუკა ბახტაძემ უფრო მეტი როლი ითამაშა, ვიდრე ორ წელიწადნახევარში კვირიკაშვილმა და ქუმსიშვილმა ერთად, ვინც ეკონომიკას მართავდა", - განაცხადა ივანიშვილმა.

ფოტო: ქართული ოცნება

მისი თქმით, ეკონომიკის სწრაფი ზრდა სხვადასხვა ფაქტორებმა გამოიწვია, რაშიც გიორგი კვირიკაშვილის განსაკუთრებული როლი არ ყოფილა.

"არა თუ განსაკუთრებული როლი არ იყო, მისი განსაკუთრებული როლი ის იყო, რომ მან დააგვიანა ძალიან ბევრი პროცესების დროულად შემოღება, რაზეც მე ვერ გავჩერდები და არ გავჩერდები, რადგან შეიძლება, ჩვენი დღევანდელი ინტერვიუ ამას გადავაყოლოთ", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

რას ამბობს ყოფილი მინისტრების დაკითხვაზე?

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, ყოფილი მინისტრების დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის პროკურატურაში გამოკითხვის თემაზეც ისაუბრა და თქვა:

"პროცესი მიდის მე არ დავასწრებ მოვლენებს და ვერც დავასწრებ, მე ვფიქრობ რომ ნორმალურია, ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში შეიძლება მსგავსი მოხდეს".

რატომ აკრიტიკებს მარგველაშვილს?

ბიძინა ივანიშვილმა გიორგი მარგველაშვილი მინისტრების დაკითხვასთან დაკავშირებით დასმული კითხვების გამო გააკრიტიკა.

ივანიშვილი ამბობს, რომ პიჯაკების საქმისა და სააკაშვილზე გაკეთებული კომენტარების შემდეგ მარგველაშვილი მსგავს კითხვებზე პასუხს არ იმსახურებს.

ფოტო: Reuters

"იმას რასაც კითხულობს ეს კაცი, მარგველაშვილი, რომ ტრაქტორების და კაბელების საქმეს არ დაემსგავსოს და კითხვას სვამს ის პასუხს არ იმსახურებს მსგავს კითხვებზე, რამეთუ მან მოახერხა და 8 მილიონი, რომელიც სააკაშვილმა უკანონოდ ბიუჯეტიდან დახარჯა, ამას უწოდა პიჯაკების თემა და ის პოლიტიკურ დევნილადაც კი დაასახელა სადღაც", - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, მარგველაშვილი ნაციონალურ მოძრაობას მისტირის.

"იმ ხალხს მისტირის მარგველაშვილი და ასახელებს კიდეც, 8 მილიონი და პიჯაკების თემა და ლამის დევნილად გამოაცხადოს სააკაშვილი, სირცხვილია ასეთი პოზიცია როდესაც კაცს პრეტენზია აქვს დემოკრატიულობაზე სახელმწიფოებრიობაზე ან მოღვაწეობაზე კითხვას ასეთი რაკურსით სვამდე ცოტა უხერხულია", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორ აფასებს მთავარი პროკურორის გადადგომას?

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პროკურატურის პასუხი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმეზე ადეკვატური იყო. მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ ირაკლი შოთაძე გადადგა, არავის დაუმტკიცებია, რომ პროკურატურამ ძალაუფლებას გადაამეტა, ან არ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა.

ფოტო: ანუნა ახალაია

"პროკურატურამ საზოგადოების რეაქციას ადეკვატურად უპასუხა, ვგულისხმობ შოთაძის გადადგომას. თუმცა არავის დაუმტკიცებია, რომ პროკურატურამ გადაამეტა ძალაუფლებას, არ შეასრულა ან პიროვნული დამოკიდებულება ჰქონდა საქმის მიმართ, რასაც გამოვრიცხავ შოთაძეს მხრიდან. ძალიან ადეკვატურად უპასუხა პროკურატურამ საზოგადოების რეაქციას და ასევე მთავრობამაც", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, მთავრობისა და პროკურატურის პასუხი ხალხის პროტესტს, ასევე საგამოძიებო კომისიის შექმნა, ქართული ოცნების ხელწერის გაგრძელებაა.

რატომ მოსწონს ახალი მთავრობა?

ბიძინა ივანიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრის შერჩევაში, რა თქმა უნდა, როლი და წვლილი ჰქონდა, რადგან მიაჩნია, რომ ის კომპეტენტურია გაუძღვეს მთავრობას.

"ფინანსთა მინისტრის რანგში მან ძალიან ბევრი კარგი პროექტი და ინოვაციური წინადადება შემოიტანა, რაც ინერგება კიდეც და მთავრობაში მისი აღსრულების პროცესი მიდის. სხვა დანარჩენი, ალბათ, უფრო გვიან უნდა შევაფასოთ, მთავრობა რამდენად სწორად იქნა შერჩეული და დაკომპლექტებული", - განაცხადა ივანიშვილმა.

ფოტო: მამუკა ბახტაძე / Facebook

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, იცნობს თუ არა ის ახალ მინისტრებს პირადად, ან მიიღო თუ არა მონაწილეობა მათ შერჩევაში, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ახალი მინისტრებიდან შეხვდა და გაეცნო ქობულიას. მისი თქმით, შეხვედრა ქობულიას სურვილი იყო, მაჭავარიანს და ბატიაშვილს კი, არ იცნობს, მაგრამ იმედი აქვს, მომავალში გაიცნობს.

როგორ განმარტავს "არაფორმალურ მმართველობას"?

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მათ, ვინც არაფორმალურ მმართველობას აბრალებს, არაფორმალური მმართველობა საზოგადოებრივ კონტროლში ერევათ. ამის დასამტკიცებლად კი ყველაზე კარგი გზაა ჰკითხონ ყოფილ პრემიერის, რომელიც ახლა მისი მეგობარი აღარაა.

"იმას, რასაც მაბრალებენ და არაფორმალურ მმართველობას ეძახიან, მათ საზოგადოებრივ კონტროლში ერევათ. ერევათ იმაში, რაც მე ტელევიზიით ძალიან ხშირად მითქვამს, რომ მაქვს საზოგადოების გარკვეული ნდობა და ამ ნდობით შემიძლია ვისარგებლო ნებისმიერ მომენტში და გავაკრიტიკო ნებისმიერი ხელისუფალი", - განმარტა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ის ავსებს იმ სივრცეს, რომელსაც საზოგადოება ხელისუფლების კონტროლისთვის ვერ ითვისებს.

"მშვენივრად იცოდნენ ჩემი გუნდის წევრებმა, რომ ძალიან გაფაციცებით ვადევნებდი თვალს, რა ხდებოდა ქვეყანაში და როგორ ვითარდებოდა პროცესები. ძალიან კარგად იცოდნენ, ვისაც სურვილი ჰქონდა, ხელი წასცდენოდა იმ მიმართულებით, მე პასუხს მოვითხოვდი. მოვითხოვდი როგორ – არ მყავს ჩემი ჯარი და პოლიცია, გამოვიდოდი და ვიტყოდი საზოგადოებაში", - განაცხადა ივანიშვილმა.

ქართული ოცნების ყრილობა, 2018 წელი

ფოტო: ქართული ოცნება

მისი თქმით, მას შემდეგ რაც გუნდში მდგომარეობა დაიძაბა გიორგი კვირიკაშვილს უთხრა, რომ გამოვიდოდა და იტყოდა, რომ გუნდის საქმიანობაში არ ერეოდა.

"გასული წლის ოქტომბრიდან, როდესაც ვნახე, რომ სიტუაცია მძიმე იყო, ვუთხარი, საზოგადოებაში გამოვდივარ და ვამბობ, რომ საერთოდ არ ვერევი თქვენს მთავრობაში, საერთოდ აღარც შეკითხვებზე და არაფერზე აღარ დარეკო-მეთქი. ამან შეაშფოთა სწორედ, გუნდი დამეშლება მთლიანადო. გუნდის დაშლაზე მეტად იმას განიცდიდა, რომ საზოგადოებაში შეიძლებოდა მას გარკვეული რესურსი დაეკარგა. ეს არის ის, რასაც არაფორმალურ მმართველობას ეძახიან", - განაცხადა ივანიშვილმა.

რატომ არ პასუხობს გუნდი ივანიშვილის მიმართ ბრალდებებს?

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციისგან მისი დაცვა ადვილი არაა და სწორედ ამიტომ ვერ დაიცავს მისი გუნდი მას.

"პოზიცია ნამდვილად აფასებს ჩემს როლს. მაკრიტიკებენ დაჟინებით, რამე თუ იციან, რომ მე მაქვს რესურსი და საზოგადოება მენდობა. ფიქრობენ, რომ თუ ჩემს პერსონას დააკნინებენ, შეძლებენ სიტუაცია ამოაყირავონ. თუ გუნდშიც ვინმე ფიქრობს, რომ ის ლანძღვა და კრიტიკა ჩემს მიმართ ლეგიტიმურია, სიამოვნებით შევხვდები მათ. უხერხულია, გუნდი შევკრიბო და ვუთხრა, რომ ადექით და ახლა მე დამიცავით", - აცხადებს ივანიშვილი.

მისი თქმით, ოპოზიციიდან, პირდაპირი მნიშვნელობით, ბრალდებების ნიაღვარი მოდის, მაგრამ ისინი ვერც ერთ ლეგიტიმურ ბრალდებას ვერ დაასახელებენ, რადგან ყველა მოგონილი და გადაბრუნებულია, როცა კარგი გაუკეთებია და ცუდად აფორმებენ, ან საერთოდ, ყურით მოთრეულია, რასთანაც კავშირი საერთოდ არ ჰქონია.

რა მინუსი აქვს ხეების გადატანის პროცესს?

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ხეების გადატანის პროცესსაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზიციის ყველა სხვა ბრალდებიდან ხეების თემა ყველაზე ლეგიტიმურია და რეალობასთან ახლოს დგას.

ივანიშვილის თქმით, სულ 120 გადატანილ ხეზეა საუბარი და ეს რიცხვი შესაძლოა 140-ზე ავიდეს.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

"პლუსის მეტი, რასაც ვაკეთებ, არაფერი არაა. ბრალდებები, რომ რკინიგზა გადავკეტეთ, საცობები შევქმენით, რომ გავანადგურეთ მწვანე ბუნება და ეკოლოგია და ბუნება აღარ აღდგება, სიცრუეა. შემიძლია ოპოზიციასაც კი შევხვდე საჯაროდ ამ თემაზე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ერთადერთი მინუსი რაც ხეების გადატანის პროცესს აქვს არის ის, რომ ბევრი ფული იხარჯება.

"ფულს ვხარჯავ ამ პარკში იმიტომ, რომ მხოლოდ საქართველოში და საზოგადოებაში რჩება, 10 -12 მილიონი ლარი მიიღო ხალხმა რომ ნაკვეთზე გავეკარებინე", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, 14 მილიონი ლარი შევიდა ამ პროექტით ბიუჯეტში. მაქსიმუმ 15-10-წუთიანი საცობი შეიქმნა და ამაზე მეტი არაფერი გაფუჭებულა.

"ყველამ იცის, რომ ეს პარკი საზოგადოებრივია და ამბობენ, რომ საკუთარ სახლში მივათრევ, ერთი აქვს მინუსი რომ ეს პარკი ამ ფულად არ ღირდა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ვინ იქნება ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი?

ბიძინა ივანიშვილის თქმით, მისი პოზიციაა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი გუნდიდან არ დაასახელონ.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ფოტო: პირველი რადიო

"თუ გვსურს რომ საქართველო დემოკრატიული მიმართულების სწრაფად განვითარდეს და დემოკრატიული ინსტიტუტებიც გაღრმავდეს, მე პოზიცია მაქვს, რომ გუნდიდან არ დავასახელოთ საპრეზიდენტო კანდიდატი", - თქვა ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, მისი პოზიციაა, რომ დამოუკიდებელ ღირსეულ კანდიდატს დაუჭირონ მხარი და თუ ასეთი არ იქნება, არავის დაუჭირონ მხარი და "ოპოზიციამ გაინაწილოს ეს ინსტიტუტი".

რა იცის პუტინისა და ტრამპის შეხვედრაზე?

გადაცემის წამყვანმა, მაკა ცინცაძემ ბიძინა ივანიშვილს ჰკითხა, რომ რამდენიმე დღეში 2008 წლის რუსეთ საქართველოს ომიდან 10 წელი გადის, ასევე ცოტა ხნის გაიმართა დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა, ამ კონტექსტში, როგორ და სად ხედავს საქართველოს როლს და დღეს რამდენად დაცულია საქართველო საგარეო საფრთხეებისგან.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, დიდი ყურადღებით ადევნებდა თვალს ამ მოვლენებს. ასევე, ვინც თვალ-ყურს ადევნებს გლობალურ საგარეო პოლიტიკას ნახავს, რომ დღეს მსოფლიოში საკმაოდ დაძაბული და რთული მდგომარეობაა.

დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი ჰელსინკიში ერთობლივ პრესკონფერენციაზე, 2018 წელი

ფოტო: რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

"ამ შეხვედრის ანალიზს საჯაროდ არ შევეცდები, თუმცა ძალიან ყურადღებით ვადევნებდი თვალს და მგონი, ვიცი კიდეც რაც ხდება პროცესები. ძალიან დიდი სირთულეებია და ძალიან დაძაბულია ურთიერთობები დიდ სახელმწიფოებს შორის. ძალიან რთულია მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთში, სირია მოგეხსენებათ, ირანის თემა, ამ ფონზე ამ შეხვედრის ანალიზს არ შევეცდები, თუმცა კიდევ ვიმეორებ, რომ ძალიან ბევრ დროს ვხარჯავ და დაახლოებით ვიცი, რაც ხდება და იმ ფონზე, რაც უნდა იცოდეს ვთქვათ, არამონაწილე პირმა", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, საქართველო უნდა იყოს ფრთხილად და მობილიზებული, რომ ახალ პროვოკაციას არ წამოვეგოთ ან ავანტიურას არ დავექვემდებაროთ.

წავა თუ არა კიდევ ერთხელ პოლიტიკიდან ივანიშვილი?

"პარტიის თავმჯდომარეობიდან წასვლას აღარ ვიჩქარებ", - განაცხადა ივანიშვილმა პირველ არხთან ინტერვიუს დროს.

მისი თქმით, ის დარჩება პოლიტიკაში იქამდე, სანამ იგრძნობს, რომ ხალხს სჭირდება.

"მინდა, რომ სანამ მოწყვლადია, თუ შევძელით და საზოგადოებაში მოთხოვნილებაც იქნება, მე აღარ ვისურვებდი თავმჯდომარეობიდან წასვლას. სხვა როლის და მთავრობაში მონაწილეობის, რა თქმა უნდა, არავითარი სურვილი არ მაქვს და საჭიროებაც არ არის", - განაცხადა ივანიშვილმა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ