საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უწყებაში კახეთში სტიქიასთან დაკავშირებული სულ ექვსი შეტყობინება შევიდა. უწყების პრესსამსახურის უფროსის მიხეილ ფეიქრიშვილი თქმით, ამ დროისთვის ყველა ოჯახში დასრულებულია სამაშველო სამუშაოები და ამოტუმბულია წყალი.

"ძირითადად საქმე ეხება საცხოვრებლის სახლების, სარდაფებისა და ეზოების დატბორვის საქმეს. ყველა ოჯახში დასრულებულია სამაშველო სამუშაოები და ამოტუმბულია წყალი. იყო შემთხვევა როცა წყლის მოვარდნის გამო მანქანებში ჩარჩნენ ადამიანები და ყველა გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე. ამ დროისთვის გართულებებს არ ველოდებით. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა", - განაცხადა მიხეილ ფეიქრიშვილმა.

სტიქია კახეთში

ამინდის გაუარესების და სტიქიის გამო სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ანაგაში, ვაქირსა და მაშნაარში შიდა საუბნო და სავარგულებთან მისასვლელი გზები დაზიანდა. სოფელ ანაგასა და ვაქირში დაზიანებულია წყალსადენი მაგისტრალი, სავარგულებთან მისასვლელი და შიდა საუბნო გზები, დაზიანებულია ელექტროენერგიის ბოძები. სოფელ ილიაწმინდაში მოვარდნილმა წყალმა დატბორა სახლები.

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. სოფელ ჰერეთისკარში, წითელ გორსა და ჭიაურში სანიაღვრე არხებში წყალი დაგუბდა, რამაც სახლების სარდაფები დატბორა. ადგილზე სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებული.