სამი წელი საქართველოში და ბარიერებით სავსე ცხოვრება - უცხოელი სტუდენტების პირადი ისტორიები
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველო უცხოელი ახალგაზრდების ყურადღების ქვეშ მოექცა. ქვეყანაში ყოველწლიურად უამრავი უცხოელი სტუდენტი ჩამოდის სასწავლებლად - ძირითადად აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან. მათი უმრავლესობა თბილისში, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის ხარისხის მოსაპოვებლად სწავლობენ და წლების განმავლობაში საქართველოში ცხოვრობენ.
უცხოელი სტუდენტების თემა საკმაოდ აქტუალურია ქართულ საზოგადოებაში. მიგრანტები საკუთარ სამშობლოს ტოვებენ იმედით, რომ მათი ახალი ქვეყანა, რომელშიც მიემგზავრებიან, უკეთეს საცხოვრებელს პირობებს შეუქმნის. მათი დიდი ნაწილი საქართველოში ჩამოდის იმ იმედით, რომ შეძლებენ უკეთესი განათლების მიღებას, გაუმჯობესდება მათი ეკონომიკური მდგომარეობა, შეძლებენ ქვეყნის კულტურასთან და სოციალურ ცხოვრებასთან ინტეგრაციას და იქნებიან დაცულნი კანონის ფარგლებში.
რეალურად კი, საქართველოში არსებული დამოკიდებულება აზიელი და აფრიკელი სტუდენტების მიმართ რადიკალურად განსხვავებულია. ისინი წლების განმავლობაში არაერთ დაბრკოლებას ეჩეხებიან, რაც რასისტული განწყობების ბრალია. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში არაერთი ინფორმაცია გავრცელდა უცხოელების ჩაგვრის შესახებ, რაც გამოწვეული იყო მათი ეთნიკური წარმომავლობისა და კანის ფერის გამო. მედიაში ვრცელდებოდა სხვადასხვა ისტორიები, თუ როგორ ხდებოდნენ ადამიანები რასიზმის მსხვერპლნი.
ერთ-ერთი ასეთი ფაქტი 2018 წლის აპრილშიც მოხდა, როცა ქართველებსა და ნიგერიელ სტუდენტებს შორის უთანხმოება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. საუბარი გვაქვს ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ინცტიდენტზე, რომლის დროსაც ადგილობრივმა მოსახლეობამ ნიგერიელ სტუდენტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ამ საკითხთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო, თუმცა რაიმე ხელშესახები შედეგი არ დამდგარა. სამაგიეროდ, მერიის ინიციატივით, ჩატარდა ამხანაგური საფეხბურთო მატჩი, რომელშიც მონაწილეობას ნიგერიელი სტუდენტები და ადგილობრივი მოსახლეობა იღებდა.
ამგვარი ისტორიები, რომელიც არ გახმაურებულა, ქართულ რეალობაში უამრავია. ჩვენ გადავწყვიტეთ შევხვედროდით სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ უცხოელ სტუდენტებს და მათთან საქართველოში ცხოვრებაზე, ქართული განათლების სისტემასა და რასიზმე გვესაუბრა.
ლარენი, სტუდენტი ნიგერიიდან
ლარენი ნიგერიელი სტუდენტია, რომელიც საქართველოში 2015 წელს სასწავლებლად ჩამოვიდა. საქართველოს შესახებ მისი ბიძაშვილისგან გაიგო და საქართველოს უნივერსიტეტში ჩაბარება გადაწყვიტა. ამბობს, რომ ამ ქვეყნის შესახებ თავდაპირველად ბევრი არაფერი იცოდა, მაგრამ როცა ჩამოვიდა, ძალიან მოიხიბლა აქაურობით. პირველივე დღეს შენიშნა, რომ ქართველებს თვითმყოფადი კულტურა ჰქონდათ, ყველასგან გამორჩეული და ამ განსხვავებულობამ ძალიან მოხიბლა. როცა იფიქრა, რომ ყველაფერი კარგად იყო, პრობლემები სწორედ მაშინ დაიწყო.
ლარენი ჩვენთან საუბრისას გვიყვება, რომ როდესაც პირველად იგრძნო რასისტული დამოკიდებულება, გადაწყვიტა საჯარო ადგილებში სიარულს მორიდებოდა. როდესაც გარეთ გადიოდა, ძალიან რცხვენოდა, რადგან ყველა მას უყურებდა. ხედავდა გაღიზიანებულ ადამიანებს, რომლებიც თითქოს თვალებით ეუბნებოდნენ: "შენი ადგილი აქ არ არის".
"მე ძალიან მორცხვი ადამიანი ვარ. როდესაც ადამიანების ყურადღებას ვიქცევ, თავს უხერხულად ვგრძნობ და ვცდილობ, რომ როგორმე ავარიდო თავი, თუმცა ხომ გესმით... ეს ყოველთვის არ გამოგვდის", - ამბობს ის.
"თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ ყველაფერი კარგად იყო, თუმცა ძალიან მალე მივხვდი, რომ ადამიანებს ჩემი დანახვა არ მოსწონდათ. სიმართლე გითხრათ, აქამდე ამას მიჩვეული არ ვიყავი, რადგან მანამდე ნიგერიასა და მალაიზიაში ვცხოვრობდი, სადაც ფერადკანიანი ადამიანები არავის უკვირს", - გვიყვება 30 წლის სტუდენტი ნიგერიიდან.
ჩვენს კითხვაზე, როგორ უპირსპირდება ის რასიზმს, გვპასუხობს, რომ ცდილობს ყველაფერს მშვიდად შეხედოს. ძირითადად უყურადღებოდ ტოვებს რასისტულ გამონათქვამებსა და საქციელებს, თუმცა ხანდახან თავს მაინც ცუდად გრძნობს.
"ვცდილობ ყველაფერს მშვიდად შევხედო და უბრალოდ ჩავიარო. მე მესმის, რომ ეს ადამიანები რასისტებად არ დაბადებულან. ხშირად, როდესაც ადამიანს რაიმე სახის კომპლექსები ან ფობიები აწუხებს, მისი არჩევანი არ არის. საქართველოს დიდი და საკმაოდ მძიმე ისტორია აქვს, განსაკუთრებით უკანასკნელ წლებში. ადამიანებმა დაკარგეს სახლები, ტერიტორიები და უდიდესი ტკივილი განიცადეს. მათთვის საზღვრები ჩაკეტილი იყო და უცხოელებთან ურთიერთობის გამოცდილებაც ნაკლებად აქვთ. ბუნებრივია, რომ მათ უჭირთ ფერადკანიანებთან ინტეგრაცია", - ამბობს ლარენი.
მიუხედავად იმისა, რომ ლარენი ცდილობს პოზიტიურად შეხედოს რასიზმს და მშვიდად ჩაიაროს, ამბობს, რომ ხანადხან მაინც ბრაზდება. ჩვენ ვთხოვეთ, გაეხსენებინა შემთხვევები, როცა ის კანის ფერის გამო დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა.
"ასეთი ამბების გახსენება არ მიყვარს, - ამბობს ის, - მაგრამ შემიძლია ერთი ისტორია მოგიყვეთ, რომელიც მე და ჩემს მეგობარს გადაგვხვდა თავს. ეს ისტორია დამამახსოვრდა იმის გამო, რომ საკუთარ თავზე გავბრაზდი. მე და ჩემი მეგობარი თბილისი მოლში მივდიოდით და როდესაც შენობაში შესვლას ვცდილობდით, ქართველი ბიჭების ჯგუფი შეგვხვდა. ერთ-ერთმა მათგანმა წინ დაგვიფურთხა. ამაზე ძალიან გავნერვიულდი, ავღელდი და მეც დავუფურთხე. ცხადია, ამას შელაპარაკება მოყვა, თუმცა ბოლოს ისევ ჩვენ გავეცალეთ", - იხსენებს ლარენი.
ის ამბობს, რომ საკუთარ საქციელს ძალიან ნანობდა. "არ უნდა გამოვსულიყავი წყობილებიდან, რადგან მე ვიცი ასე რატომ იქცევიან ეს ადამიანები", - ამბობს ნიგერიელი სტუდენტი. რასიზმის მისეული ახსნა საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა.
"ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ეკონომიკას უკავშირდება. როდესაც ადამიანები მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში არიან და არც მთვრობა აკმაყოფილებთ, ისინი ბედნიერები ვერ არიან. ის ვინც ბედნიერი არ არის, აგრესიული ხდება და ამ უარყოფით ემოციებს არასწორად მართავს. ეს ნორმალურია, მარტო ქართველებს არ სჭირთ ასე, ყველგან ასე ხდება, სადაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა", - ამბობს ის.
კიდევ ერთი რამ, რაც ლარენს ძალიან აწუხებს, თანაკურსელებთან ურთიერთობაა. ის ამბობს, რომ მას ხშირად უწევს ქართველ გოგოებთან ერთად პროექტების კეთება, რის გამოც ქართველი ბიჭებისგან აგრესიულ დამოკიდებულებას იღებს.
"ხომ გესმით, მე ბევრი ქართველი თანაკურსელი გოგო მყავს, რომელთან ერთადაც პროექტებზე მიწევს მუშაობა. ის, თუ როგორ რეაგირებენ ამაზე ქართველი ბიჭები, არ არის ნორმალური. ასეთი დამოკიდებულების გამო, ქართველი გოგოები ცდილობენ ჩვენთან ერთი-ერთზე არ დარჩნენ ხოლმე, რადგან დიდ ზეწოლას გრძნობენ თავიანთი მეგობრებისგან. როდესაც ბევრი ერთად ვიკრიბებით, მაშინ პრობლემა არ არის, მაგრამ თუ მარტო დაგვინახავენ, შეიძლება გამარჯობაც არ გვითხრან", - ამბობს ის.
ლარენი ფიქრობს, რომ ყველაფერი დროთა განმავლობაში მოგვარდება. მისი თქმით, ამას უკვე გრძნობს, როდესაც შედარებით ახალგაზრდა თაობასთან უწევს შეხება.
"ბავშვები, რომლებიც ქუჩაში მხვდებიან, მესაუბრებიან, მიღიმიან, ბედნიერები ჩანან. როდესაც ისინი გაიზრდებიან, ვფიქრობ, ეს პრობლემა აღარ იარსებებს. ისინი სხვანაირები არიან, უფრო მაღალ დონეზე დგანან, რადგან იმაზე უკეთეს ქვეყანაში ცხოვრობენ, ვიდრე მათი მშობლები. მათ არ უნახავთ ის ტკივილი, რაც მშობლებმა ნახეს, ეს ყველაფერი მხოლოდ წიგნებიდან იციან. ვფიქრობ, დრო არის საჭირო და ქართველები შეძლებენ უცხოელებთან მშვიდად ცხოვრებას", - გვითხრა მან.
ასეთი გამოცდილების მიუხედავად, ლარენს მაინც მოსწონს საქართველო. ამბობს, რომ საქართველოს უნივერსიტეტმა დიდი ცოდნა და გამოცდილება შესძინა. მისთვის ამ უნივერსიტეტის სწავლების მეთოდი აღმოჩენა იყო, რადგან არ ელოდა ასეთ მაღალ დონეს.
"მეგონა, რომ საქართველოში სწავლა ადვილი იქნებოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. მე ბიზნესზე ვსწავლობ და ამ მხრივ საქართველო ძალიან საინტერესო ქვეყანაა. ის ახლა ვითარდება და მე ამ ყველაფრის შემსწრე ვარ, შესაბამისად უფრო კარგად ვაანალიზებ, როგორ მუშაობს ბიზნესის პრინციპები პრაქტიკაში", - ამბობს ლარენი.
ჩვენ ვკითხეთ, დროის უკან დაბრუნება რომ შეეძლოს, ჩამოვიდოდა თუ არა ისევ საქართველოში.
"კი, აუცილებლად. ჩემს არჩევანს არ ვნანობ".
საუბრის დასასრულს ჩვენ ვკითხეთ, რა მისცა მას საქართველომ, რაზეც მან გვიპასუხა:
"იცით, დიდი გამოცდილება მივიღე. პირველ რიგში კი, ბრაზის მართვა უკეთ ვისწავლე, ვიდრე ადრე ვიცოდი", - ამბობს ის.
პარამჯიტ ბერვალი, სტუდენტი და მოწვეული პროფესორი ინდოეთიდან
პარამჯიტ ბერვალი საქართველოში პირველად 2012 წელს ჩამოვიდა, თუმცა ერთი წელია რაც ფაქტობრივად აქ დაფუძნდა. ამჟამად პარამჯიტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კორპორატიული სამართლის სადოქტორო პროგრამაზე სწავლობს, ჰყავს ქართველი ცოლი და ცდილობს მისი პროფესიული კარიერა საქართველოს დაუკავშიროს.
პარამჯიტ ბერვალი საქართველოს სამ უნივერსიტეტში ასწავლის: თსუ-ში, ილიაუნიში და საქართველოს უნივერსიტეტში. მას ყოველდღიური შეხება აქვს ქართველ სტუდენტებთან და მათ თავის მრავალწლიან გამოცდილებას ახალგაზრდებს უზიარებს. ამბობს, რომ საქართველო პირველივე ჩამოსვლის შემდეგ შეუყვარდა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა აქ დაფუძნება.
მისი მთავარი ცხოვრების ხაზი აკადემიურ კარიერას უკავშირდება. სურს, რომ კორპორატიული სამართლის დოქტორი საქართველოში გახდეს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.
"საქართველოში ჩამოსვლა ჩემმა ერთმა ქართველმა მეგობარმა გადამაწყვეტინა. თავდაპირველად ბევრს ვფიქრობდი, ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო, თუმცა მე მომწონს საქართველო და ვიფიქრე, რატომაც არა-მეთქი", - ამბობს ის.
საქართველოს განათლების სისტემებს პარამჯიტი კარგად ხედავს, თუმცა ამბობს, რომ პირადად მას გაუმართლა. მისი თქმით, კარგი ლექტორები შეხვდნენ, რომლებიც პროფესიულ ზრდაში ეხმარებიან.
"ვიცი, რომ საქართველოს განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი ხარვეზები არსებობს, თუმცა ვფიქრობ, ეს საკითხი მაინც ინდივიდუალურია. მე პირადად ძალიან გამიმართლა და კმაყოფილი ვარ", - ამბობს პარამჯიტ ბერვალი.
ინდოელი სტუდენტი და ლექტორი ამბობს, რომ ქართველ სტუდენტებთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. მას თავისი სტუდენტები ძალიან უყვარს და პატივს სცემს, ცდილობს მაქსიმალური ცოდნა მისცეს და წარმატების მიღწევაში დაეხმაროს.
"ჩემს სტუდენტებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ისინი ძალიან ნიჭიერები არიან და მეც ვცდილობ რაც ვიცი ყველაფერი გავუზიარო. იმედი მაქვს, კარგად გამომდის", - ამბობს ის.
საქართველოს მიმართ სიყვარულს ისიც უმძაფრებს, რომ ქართველი მეუღლე და შვილი ყავს. მან 2016 წელს იქორწინა და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობენ. პარამჯიტი ფიქრობს, რომ მის ცხოვრებაში საუკეთესო ადამიანი გაიცნო და მხოლოდ ამის გამოც უღირდა საქართველოში ჩამოსვლა.
"ჩვენ ერთმანეთი საქართველოში გავიცანით და 2016 წელს ვიქორწინეთ. ჩემი მეუღლე საუკეთესოა, ვინც ცხოვრებაში შემხვედრია. ჩვენ ერთი წლის შვილი გვყავს და ბედნიერად ვცხოვრობთ", - ამბობს პარამჯიტი.
ჩვენ ვკითხეთ, რამდენად რთულია გყავდეს ქართველი მეუღლე ისეთ საზოგადოებაში, სადაც რასიზმი ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.
"იცით, რასიზმი ჩემთვის არ არის უცხო თემა. მე და ჩემს მეუღლეს ასეთი შემთხვევები გამოგვიცდია. ერთხელ, ქუჩაში სიარულისას ინციდენტიც კი მოხდა. მამაკაცმა ჩაგვიარა და უწმაწური სიტყვებით მოგვმართა, რაზეც ჩემი მეუღლე წყობილებიდან გამოვიდა და შეეპასუხა. ასეთი შემთხვევები ხდება და მხოლოდ ჩვენს გარშემო არა", - ამბობს ის.
ლარენის მსგავსად, პარამჯიტიც ფიქრობს, რომ რასიზმი ეკონომიკურ მდგომარეობას და ჩაკეტილობას უკავშირდება. მისი აზრით, როდესაც ადამიანებს ბაზისური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება უჭირთ და თავის რჩენა ვალებით უწევთ, ბრაზის გადატანას უცხოელებზე ცდილობენ, რომლებიც თითქოს კარგად ცხოვრობენ.
"ჩემი აზრით, რასიზმი თავიდან ბოლომდე ეკონომიკურ გაჭირვებასთან არის კორელაციაში. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც უამრავი ვალი აქვს და თავის რჩენა უჭირს. მათ არანაირი გარანტია არ აქვთ, რომ ხვალ გადარჩებიან. ასეთი მდგომარეობა აგრესიას წარმოშობს და ეს ადამიანებიც ბრაზის გადატანას უცხოელებზე ცდილობენ, რომლებიც მათი აზრით, კარგად ცხოვრობენ", - ამბობს პარამჯიტი.
მას არ სჯერა, რომ რასიზმის დამარცება თეორიებით შეიძლება. მისი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ასეთ ადამიანებს შეხება ჰქონდეთ უცხოელებთან და დარწმუნდნენ, რომ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მათაც ერთნაირი პრობლემები აქვთ და რაც მთავარია, საქართველოში მათი ყოფნით არაფერი შავდება.
"ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, უცხოელებმა, რასიზმის ასეთ გამოვლინებებს თავი არ დავუხაროთ და სახლში არ ჩავიკეტოთ. საკუთარი თავის იზოლაცია უარესი იქნება. პირიქით, უფრო მეტი კომუნიკაცია უნდა გვქონდეს გარშემომყოფებთან, უფრო მეტად უნდა შევძლოთ მათთან დამეგობრება და უფრო მეტად უნდა მივიღოთ ის კულტურული სული, რომელსაც ქართველები პატივს სცემენ. დამერწმუნეთ, უცხოელების უმრავლესობა ასე ფიქრობს", - გვითხრა მან.
მისი აზრით, რასიზმი არ არის კულტურის ნაწილი, არამედ პირიქით. ის ფიქრობს, რომ ქართული კულტურა ბოლო საუკუნეებში გამოვლილმა გაჭირვებამ დააზიანა და უფრო ჩაკეტილი გახადა. ეკონომიკური განვითარება, მისი აზრით, ამ პრობლემებს აუცილებლად გადაჭრის.
"ნამდვილი ქართველების ნახვა თუ გსურთ, არსებობენ ისეთი ადამიანები, ვინც მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შედეგად აგრესია დაძლია. ასეთი ადამიანების დიდი ნაწილი კეთილშობილი და ძალიან თბილი ადამიანია. მე არ ვსაუბრობ ძალიან მდიდრებზე, არამედ საშუალო ფენაზე, ვისაც ხვალინდელი დღის საჭმელი არ აქვს საფიქრალი. გამოსავალი მხოლოდ ეკონომიკური განვითარებაა", - ამბობს ინდოელი სტუდენტი.
პარამჯიტ ბერვალმა ჯერ-ჯერობით არ იცის, დარჩება თუ არა საქართველოში უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ. ამბობს, რომ ეს მის კარიერულ განვითარებაზეა დამოკიდებული, თუმცა ამის სურვილი ნამდვილად აქვს.
"მე მინდა საქართველოში დარჩენა, თუმცა არავინ იცის მომავალში რა მოხდება", - ამბობს ის.
კომენტარები