ქალთა უფლებები, რელიგია და წიგნები - უელბეკის შეხვედრა მკითხველთან რუსთაველის თეატრში
"მაშინ, როცა სამყაროში ჯერ კიდევ არსებობს ოჯახური ძალადობა, სელექციური აბორტი, კლიტორის წინდაცვეთა, რათა ქალებმა ორგაზმი არ განიცადონ და ათასი სხვა რამ, რაც ადასტურებს, რომ ქალების უფლებების დარღვევა არის რეალური ფაქტი და არა პოლიტკორექტულობის მოტანილი სისულელე, როგორ ამბობთ, რომ ქალების უფლებებისთვის ბრძოლა ყველაზე დიდი სისულელეა?", - მიშელ უელბეკისთვის მკითხველის მიერ დასმული კითხვა
რუსთაველის თეატრისთვის სავსე დარბაზი უცხო არ არის, მაგრამ ამჯერად ადგილები სულ სხვა მიზეზით გაივსო. ქართველი მკითხველი ფრანგ მწერალს, მიშელ უელბეკს პირადად შეხვდა და მისთვის კითხვების დასმის საშუალება მიეცა. შეხვედრა რვა საათზე იყო დანიშნული, თუმცა საღამოს მთავარი გმირი პარტერში ოდნავ მოგვიანებით გამოჩნდა. მისი გამოჩენისთანავე აუდიტორიაში მქუხარე ტაში გაისმა, უელბეკის მკითხველებმა ავტორი სცენამდე აპლოდისმენტებით მიაცილეს.
გასაკვირი არ არის, რომ მსოფლიოში აღიარებულ მწერალს აუდიტორია ამგვარად დახვდა. უელბეკი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მწერალია. მისი წიგნებიც მუდმივად ბესტსელერების თაროდან იმზირება. ამ შეხვედრას წინ უძღოდა მიშელ უელბეკის პრეს-კონფერენცია 23 ივნისს, რომელიც ხმაურიანი აღმოჩნდა. ფრანგ მწერალს თბილისი რუმსში გამართულ შეხვედრაზე On.ge-მ კითხვა დაუსვა, თუ რას ფიქრობდა ის ქალთა მოძრაობაზე #Metoo. ამ შეკითხვაზე უელბეკმა უპასუხა, რომ მას ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ბოლო ათწლეულის ყველაზე სულელურ იდეად მიაჩნია. ასე რომ, უელბეკთან შეხვედრისთვის ტემპერატურა უკვე მაღალი იყო.
დარბაზში სინათლემ იკლო, სცენაზე მიშელ უელბეკის მიკროფონი ჩაირთო და აუდიტორია ჩაჩუმდა, რომ მწერლისთვის მოესმინა. პირველი, რაც მის შესახებ გავიგეთ ის იყო, რომ მას ორმოც ქვეყანაში სტუმრობაზე უთქვამს უარი, თუმცა საქართველოში ჩამოსვლას დათანხმა. ამის გამო მან ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისგან მადლიერება დაიმსახურა. უელბეკი საუბარში მალევე ჩაერთო. ჩანდა, რომ ავტორი საუბრის განწყობაზე იყო და თავის მკითხველებს ორ-სამ სიტყვიანი წინადადებებით არ უპასუხებდა.
ახალგაზრდობა, წიგნები და ლიტერატურა
"შეიძლება ჩემს ცხოვრებაზე მოგიყვეთ?", - ეს იყო პირველი, რაც უელბეკმა თქვა.
"ჩემს ცხოვრებაში ერთადერთხელ ვარ ნამყოფი მწერალთან შეხვედრაზე. ეს იყო მაშინ, როცა 17 წლის ვიყავი. ჟორჟ პერეკთან შეხვედრაზე წავედი, რადგან ის იყო ერთადერთი გამორჩეული მწერალი, რომელსაც ახალგაზრდობაში ვკითხულობდი. ძალიან ბევრი კითხვა მინდოდა მისთვის დამესვა, მაგრამ მორცხვი ვიყავი და ვერ გავბედე. ამით იმის თქმა მინდა, რომ თუკი დღეს ვინმეს კითხვის დასმა მოუნდება ჩემთვის და ამის შერცხვება, შეუძლია, წერილი მომწეროს და აუცილებლად გავცემ პასუხებს", - თქვა მიშელ უელბეკმა.
დარბაზი სულაც არ ჩანდა მორცხვი, პირიქით. უამრავი ადამიანი იჯდა და მოუთმენლობისგან ხელებს იფშვნეტდა. ყველას სურდა, თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი ავტორისთვის კითხვა დაესვა. თუმცა ფორმატი ისეთი იყო, რომ შეხვედრის ნახევარი წინასწარ დაწერილი და მომზადებული კითხვებით წარიმართა. მიშელ უელბეკი თავის საყვარელ თემაზე, ლიტერატურაზე, თამამად ალაპარაკდა.
გასაკვირი არავისთვისაა, რომ მიშელ უელბეკის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მწერალი ბლეზ პასკალი აღმოჩნდა. მას თავის წიგნებში არაერთხელ აქვს ნახსენები, თუ რამხელა გავლენა მოახდინა მასზე პასკალის ნამუშევრებმა.
"პასკალს იმდენად დიდი გავლენა ჰქონდა ჩემზე, რომ მისი წაკითხვის შემდეგ ადამიანებს ჩონჩხებად ვხედავდი, რომლებსაც დროებით ხორცი ჰქონდათ შემოხვეული", - ამბობს უელბეკი.
უელბეკს ბოდლერის პოეზიაც ჰყვარებია, თუმცა არ იცის, რატომ. ბოდლერს უცნაური მიზიდულობა აქვს, კითხულობ და მოგწონს, მაგრამ ვერ ხვდები, კონკრეტულად რა მოგწონს. ამ აზრის უელბეკიც იზიარებს. ფრანგ მწერალს ანდერსენის ზღაპრებიც ჰყვარებია და კითხვა სწორედ მისით დაუწყია. მიუხედავად ამისა, როგორც თვითონ ამბობს, დიდი მკითხველი ახალგაზრდობაში არ ყოფილა.
"ერთადერთი, რაც მართლა მაინტერესებდა ახალგაზრდობაში, როკ-კონცერტები იყო", - ამბობს მწერალი.
მწერალმა ოლდოს ჰაქსლის შესახებაც ისაუბრა. ელემენტარულ ნაწილაკებში უელბეკმა ოლდოს ჰაქსლის საოცარი ახალი სამყარო ისტორიის ერთ-ერთ მთავარ ღერძად გამოიყენა და მის შესახებ, პერსონაჟების ენით, მნიშვნელოვანი დიალოგებიც აღწერა. სწორედ აქედან გამომდინარე, საინტერესო იყო, რამდენად დიდი გავლენა აქვს მის წიგნებზე ჰაქსლისეულ სამყაროს.
"ოლდოს ჰაქსლი არ არის ჩემი საყვარელი მწერალი. საოცარი ახალი სამყარო უდავოდ დიდი რომანია, თუმცა ჩემი აზრით, ის წინასწარმეტყველებას ნაკლებად ჰგავს. პრობლემა ისაა, რომ ოლდოს ჰაქსლიმ ვერ იწინასწარმეტყველა ადამიანების ცხოვრებაში რელიგიების დაბრუნება. მან ვერ დაუშვა, რომ რელიგიები შეიძლება კვლავ დაბრუნებულიყო", - ამბობს მწერალი.
მართალია, უელბეკი ჰაქსლის ამ ნაწილში აკრიტიკებს, თუმცა თავადაც გულწრფელად ამბობს, რომ არც მისი რომანები შეიძლება წინასწარმეტყველებად მივიჩნიოთ.
"სიმართლე გითხრათ, მე მივხვდი, რომ ადამიანების ცხოვრებაში რელიგია კვლავ დიდ როლს შეასრულებდა, თუმცა მჯეროდა, რომ ამ მისიას რამე ახალი რელიგია იტვირთავდა და არა ძველი. ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ ისლამი ან თუნდაც ქრისტიანობა ისევ ამ დოზით შემოიჭრებოდა ადამიანების ცხოვრებაში", - თქვა მიშელ უელბეკმა.
მწერლობა, როგორც მისი მთავარი არჩევანი
უელბეკმა შეხვედრაზე თავისი წიგნების შესახებაც ისაუბრა. ცნობილი ფაქტია, რომ მიშელ უელბეკი არამხოლოდ მწერალი, არამედ კინორეჟისორი, პოეტი, ფოტოგრაფი და მუსიკოსიც არის. თვითონ ამბობს, რომ მუსიკა მხოლოდ ჟღერადობაა, რომელიც მის პოეზიას გასდევს ფონად და ამის გამო, მუსიკოსობაზე პრეტენზია ნაკლებად აქვს. რაც შეეხება ფოტოგრაფიას, მისი ფოტოების უმრავლესობა ბუნებას აღწერს, რომელშიც ადამიანები არ ჩანან. მწერლობაში კი პირიქით ხდება, ის უმეტესად ადამიანებზე წერს და ბუნებას ნაკლებად აღწერს.
"ჩემი წიგნები ადამიანებზეა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ბუნების აღწერით არ ვკავდები. უბრალოდ, ჩემს წიგნებში მას ძალიან მცირე ადგილი უკავია და რაც მთავარია, სხვა მწერლებივით მოსაწყენი არ არის", - ამბობს უელბეკი.
მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების არაერთ დარგში მოსინჯა ბედი, მისი მთავარი არჩევანი მაინც მწერლობაა. იმისთვის რომ მწერალი გამხდარიყო, თითქმის ორმოცი წელი დასჭირდა. მანამდე კი, აგრონომიის ფაკულტეტზე სწავლის შემდეგ, საჯარო სექტორში კომპიუტერული ტექნოლოგიების განხრით მუშაობდა.
"საფრანგეთში მწერლობით თავის რჩენა შესაძლებელია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვინც წერს, ყველა მწერლობით ცხოვრობს. ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც, სანამ ელემენტარული ნაწილაკები არ დავწერე. ამ წიგნის გამოსვლის შემდეგ მივხვდი, რომ შემეძლო აღარ მემუშავა და მწერლობისთვის მიმეძღვნა თავი, თუმცა ამისთვის ორმოცი წელი დამჭირდა", - ამბობს მიშელ უელბეკი.
ფრანგ მწერალს რაიმე განსაკუთრებული ჩვეულება წიგნების დასაწერად არ აქვს. ერთადერთი, რასაც ავტორი ყურადღებას აქცევს, წერის პროცესის დილიდან დაწყებაა. სხვა არაფერს მნიშვნელობა არ აქვს - არც ადგილს და არც სხვა რამეს.
"ყველა მნიშვნელოვანი ისაა, რომ წერა დილიდან დავიწყოთ. ამ დროს ყველაზე უკეთ მუშაობს გონება. ღამით ადამიანის გონება დამძიმებულია და წერის პროცესიც ისეთი არ გამოდის. ასევე საინტერესოა ნახევრად მძინარე მდგომარეობაში წერა, თუმცა ჩემთვის მაინც მნიშვნელოვანია, რომ დილიდან ვწერდე", - ამბობს ფრანგი მწერალი.
მიშელ უელბეკმა თავისი წიგნების მთავარი თემების შესახებაც ისაუბრა. თუკი ვინმეს გქონდათ მოლოდინი, რომ მის შემდეგ წიგნებშიც წავიკითხავდით დასავლეთ ევროპის ფასეულობების დეგრადაციის, ისლამისა და ადამიანური ურთიერთობების კრიტიკას, იმედები უნდა გაგიცრუოთ. უელბეკის თქმით, მან ეს თემები ამოწურა და უკან დაბრუნებას აღარ აპირებს. წიგნში, რომელზეც ახლა მუშაობს, შესაძლოა პოლიტიკური თემები კვლავ იყოს, თუმცა სხვა დანარჩენზე მას სათქმელი აღარაფერი აქვს.
"თუკი ერთ თემაზე უკვე დავწერე წიგნი, ესეიგი მასზე სათქმელი აღარაფერი მაქვს და უკან აღარ დავუბრუნდები. ზოგადად, თემების შერჩევა ძალიან რთულია და სინამდვილეში პერსონაჟები უფრო მნიშვნელოვანია. თუკი ვხედავ, რომ წინა წიგნში რაღაც დამაკლდა, მას მომდევნო წიგნში განვავრცობ ხოლმე", - ამბობს მწერალი.
გონკურის პრემიის შესახებ
მიშელ უელბეკმა გონკურის პრემია რუკა და ტერიტორიისთვის მოიგო. გონკურის პრემია ნებისმიერი მწერლისთვის უდიდესი აღიარებაა, თუმცა უელბეკი ის კაცი არ აღმოჩნდა, პრემიებზე რომ გიჟდება.
"ერთადერთი, რაც გონკურის პრემიამ მომიტანა ისაა, რომ აღარავინ იკითხავს, ოდესმე მოვიგებ თუ არა მას", - ამბობს ის.
უელბეკის თქმით, გონკურის პრემიის მოგებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს გამომცემლების მუშაობას. მისი აზრით, სინამდვილეში პრემიებს გამომცემლები იგებენ და მწერლები მხოლოდ დამატებაა მათი სამუშაოსთვის.
ქალთა უფლებების შესახებ
როგორც გითხარით, 23 ივნისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე უელბეკმა On.ge-ს კითხვაზე რას ფიქრობს ის ქალთა მოძრაობაზე #Metoo, უპასუხა, რომ მას ქალთა უფლებების ბრძოლა ათწლეულების ყველაზე დიდ სისულელედ მიაჩნია.
ამ პასუხმა დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და ფართო განხილვის საგანი გახდა. ადამიანების ერთი ნაწილისთვის უელბეკის ამგვარი განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა და მწვავედ გააკრიტიკეს, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ უელბეკისგან სხვა პასუხი წარმოუდგენელიც კი იყო.
რუსთაველის თეატრში შეხვედრისას ერთ-ერთ დამსწრეს სწორედ ამ თემაზე ჰქონდა მასთან კითხვა.
"წავიკითხე თქვენი შეფასება, რომ თითქოს ქალები წყვეტენ ყველაფერს და კაცები არაფერს და მათი უფლებებისთვის ბრძოლა სისულელეა. ჩემი აზრით, ეს არის შეუსაბამო საღ აზრთან და მეცნიერებასთან, რადგან სამყაროში ჯერ კიდევ არსებობს ოჯახური ძალადობა, სელექციური აბორტი, კლიტორის წინდაცვეთა, რათა ქალებმა ორგაზმი არ განიცადონ და ათასი სხვა რამ, რაც ადასტურებს, რომ ქალების უფლებების დარღვევა არის რეალური ფაქტი და არა პოლიტკორექტულობის მოტანილი სისულელე", - ასე ჩამოაყალიბა კითხვა დარბაზის ერთ-ერთმა წევრმა, ზაზა დობორჯგინიძემ. ამ შეკითხვას აუდიტორიის ნაწილი ტაშით შეხვდა.
მიშელ უელბეკმა კითხვის ავტორს უპასუხა, რომ ის საერთოდ ვერ ხვდება რომელ გამოხატვის უფლებაზეა საუბარი. მისი თქმით, ქალებს დღეს გამოხატვის თავისუფლება შეზღუდული არ აქვთ, უბრალოდ მათ უფრო მეტი გავლენა სურთ რაღაც პროცესებზე.
"ვერ ვხვდები, რომელ გამოხატვაზეა საუბარი. ძალიან ხშირად ვკითხულობ ქალების ჟურნალებს და ვთვლი, რომ ქალები საკმარისად გამოხატავენ თავიანთ სათქმელს და პირიქით, ხშირად კაცების მხარე არც კი ჩანს. მე არ მგონია, რომ პრობლემა გამოხატვის შეზღუდვაშია, ჩემი აზრით, ნამდვილი პრობლემა ისაა, რომ ქალებს სურთ, უფრო მეტი გავლენა ჰქონდეთ სხვადასხვა მოვლენებზე", - თქვა უელბეკმა.
მართალია, უამრავი კითხვა დაუსმელი დარჩა, მაგრამ შეხვედრისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა და დარბაზის დაცვლაც დაიწყო. ფრანგმა მწერალმა რუსთაველის თეატრის დერეფანში მკითხველებს წიგნებზე ავტოგრაფები დაუტოვა და დაემშვიდობა. მიშელ უელბეკმა საქართველო დღეს, 26 ივნისს დატოვა.
ფრანგი მწერალი საქართველოს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის მოწვევით სტუმრობდა. მიშელ უელბეკს მასპინძლობას თბილისსა და ყაზბეგში თანამედროვე ქართველი ავტორი არჩილ ქიქოძე უწევდა.
მიშელ უელბეკი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და აღიარებული ფრანგი მწერალია. მისი წიგნებია: "მორჩილება", "რუკა და ტერიტორია", "კუნძულის შესაძლებლობა", "პლატფორმა", "ელემენტარული ნაწილაკები" და სხვ.
კომენტარები