მიიტანე ან მოკვდი - რა ბედი ელის კვების ბიზნესს საქართველოში მიტანის სერვისის გარეშე?
საქართველოში რესტორნებიდან მიტანის სერვისი არც თუ დიდი ხნის წინ გამოჩნდა და მოკლე დროში დიდი პოპულარობაც მოიპოვა. თანამედროვე ადამიანების ცხოვრება, რომლებიც დღის უდიდეს ნაწილს სამსახურში ატარებენ, ან სახლში გვიან ბრუნდებიან და საჭმლის მომზადების დრო და ენერგია აღარ რჩებათ, ხშირად სარგებლობენ მიტანის მომსახურებით. სფერო საკმაოდ პერსპექტიული და მზრდადია, თუმცა პრობლემები მაინც არსებობს. შეკვეთის არასწორად გაფორმება და დაგვიანებით მიტანა, გაციებული საჭმელი და მსგავსი მინუსები გვაფიქრებინებს ხოლმე, ღირს კი საერთოდ ამ სერვისით სარგებლობა?
რესტორნებისა და კაფეების ბიზნესი გვაჩვენებს, რომ მიტანის სერვისის ტენდენცია უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. დღეს ფაქტობრივად წარმოუდგენელია წარმატებული კვების ობიექტის შექმნა თუ ის ადგილზე მიტანას არ უზრუნველყოფს. მარტივი ბიზნეს მოდელია, რომ რაც მეტია გავრცელების არხები, მოგებაც მეტია. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ არსებობენ რესტორნები, რომლებიც მომხმარებლების ამ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებენ.
ჩვენ დავინტერესდით რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, რომ კვების ობიექტებს მიტანის სერვისი ჰქონდეთ? ვინ უნდა უზრუნველყოს მიტანა - თავად რესტორანმა თუ შუამავალმა კომპანიამ? რამდენად ზრდადია დისტანციურად საჭმლის გამოძახების ტენდენცია?
საქართველოში ყველაზე წარმატებული და გამოცდილი კომპანია, რომელიც ადგილზე მიტანის სერვისს ახორციელებს, Menu.ge არის. კომპანია უკვე ოთხი წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და ამ დროის განმავლობაში, არა ერთი გამოწვევა ჰქონდა, თუმცა ეფექტური მენეჯმენტისა და სწორი ბიზნეს ხედვის გამო, კომპანია განვითარებას განაგრძობს.
"როცა ამ ბიზნესს ვიწყებდით, ბაზარი ფაქტობრივად ცარიელი იყო და ჩვენ უდიდესი შრომა გვიწევდა, რათა აგვეხსნა რესტორნებისთვის, თუ რას ვსაქმიანობდით. საქართველოში სულ უფრო და უფრო მეტი რესტორანი ხვდება, რომ წარმატებული ბიზნესისთვის მიტანის სერვისი აუცილებელია. იმ პერიოდის განმავლობაში, რაც საქართველოს ბაზარზე გავატარეთ, ტენდენცია აშკარად მზარდია. ყოველდღიურად იმატებს მომხმარებლების რაოდენობა, რომლებიც Menu.ge-ს სერვისით სარგებლობენ და საჭმელს დისტანციურად უკვეთავენ", - ამბობს კომპანიის დირექტორი სტეპან ასლანიანი.
Menu.ge ყოველთვიურად საშუალოდ 10 000 ახალ მომხმარებელს იზიდავს, რაც მომხმარებლების საკმაოდ დიდი რაოდენობაა. ეს ნიშნავს, რომ აპლიკაციაში ჩართული ნებისმიერი რესტორნისთვის Menu.ge-ს დამატებითი კლიენტები მოჰყავს, თუმცა საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს რესტორნები, რომლებიც ორჭოფობენ საჭიროა თუ არა მიტანის სერვისი.
"ბიზნესმენებს უნდა ესმოდეთ, რომ იმ რესტორნებს მომავალი არ აქვთ, ვინც მიწოდების სერვისის გამოყენებაზე უარს ამბობს. დღეს ეს სერვისი არათუ სასურველი, არამედ ბიზნესგეგმის ნაწილია. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ ჩვენს პარტნიორებს ავუხსნათ ეს კარგად. რამდენიმე წლის წინ კვების ობიექტებს ეგონათ, რომ ხინკლის ან ხაჭაპურის ცხლად მირთმევა კლიენტისთვის შეუძლებელი იყო. დღეს ეს დამოკიდებულება იცვლება და ყველა ნათლად ხედავს, რომ ამაზე კლიენტები დადებითად რეაგირებენ", - დაამატა სტეპან ასლანიანმა.
ადგილზე მიწოდების სერვისის განვითარებას ეკონომიკურადაც დიდი მნიშვნელობა აქვს. გარდა იმისა, რომ მისი არსებობა ურბანულ გარემოში დატვირთული დღეების განმავლობაში კომფორტულია და უამრავი დროისა და ენერგიის დაზოგვაში გვეხმარება, ადამიანებისთვის დასაქმების პერსპექტივასაც აჩენს. ამის მაგალითია Menu.ge, რომელმაც 4 წლის წინ ნულოვანი ადამიანური კაპიტალით დაიწყო და დღეს 300-ზე მეტი თანამშრომელი ყავს.
"თავდაპირველად დაახლოვებით 10 თანამშრომელი გვყავდა, თუმცა მალევე შევძელით ადამიანების მოზიდვა. დღეს უკვე 300-ზე მეტი თანამშრომელი გვყავს, რომლებიც მიტანის სერვისს ახორციელებენ", - ამბობს სტეპან ასლანიანი.
Menu.ge-ში დასაქმებულთა 90% თბილისში მუშაობს, დანარჩენები კი სხვადასხვა ქალაქებში, როგორიცაა გორი, ბათუმი, რუსთავი და ქუთაისი. როგორც კომპანიის დირექტორი ყვება, დასაქმებულთა რაოდენობა ყოველთვიურად 20-25 ადამიანით იზრდება. Menu.ge თავისი თანამშრომლების სათანადო აღჭურვასაც დიდ ყურადღებას უთმობს.
"Menu.ge-ს სისტემის მეშვეობით ყოველდღიურად 5000-ზე მეტი ადამიანი იკვებება. ეს რიცხვი ყოველდღიურად იზრდება და შეკვეთებიც იმატებს, ამიტომ ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ გამოწვევებს შესაბამისი პასუხი გავცეთ", - ამბობს კომპანიის დირექტორი.
Menu.ge-ში თანამშრომლებს სპეციალური ბრენდირებული ეკიპირება აქვთ, რომელთა შორის შედის სპეციალური ელექტრული თერმული ჩანთა. სპეციალურად შექმნილი ჩანთა უცვლელად ინარჩუნებს კერძის ტემპერატურას. გარდა ამისა, კომპანია ზრუნავს თავისი კურიერების ტექნიკურ გამართულობაზეც. კურიერებს საშუალება აქვთ, რომ Menu.ge-ს სკუტერებით ისარგებლონ, ან თავიანთი სკუტერების ბრენდირება მოითხოვონ და საკუთარი ტრანპოსრტით შეასრულონ შეკვეთები. მისია ერთადერთია - მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს მომხმარებლისთვის სასურველი შეკვეთის მიწოდება.
მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელებში Menu.ge-ს მისამართით კრიტიკა ისმის ხოლმე. მომხმარებლები წერენ, რომ კომპანიამ შეკვეთის შესრულება დააგვიანა და მათ დიდი ხანი მოუწიათ ლოდინი. ამგვარი კომენტარები ნებისმიერი კომპანიის იმიჯისთვის საგანგაშოა და პრობლემის დროულად გამოსწორებას საჭიროებს.
"დიახ, როგორც ნებისმიერ ბიზნესში, ზოგჯერ ნამდვილად გვაქვს წარუმატებელი შეკვეთები, რომლებზეც მაქსიმალურად სწრაფად ვრეაგირებთ და ვასწორებთ ხარვეზს. ჩვენი სტატისტიკა აჩვენებს, რომ დაგვიანებული შეკვეთების რაოდენობა 1%-საც არ აღემატება, თუმცა ცხადია, ეს მაჩვენებელიც პრობლემურია. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ შეკვეთა არ დაგვიანდეს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეს ბოლომდე ჩვენზე არაა დამოკიდებული. გასათვალისწინებელია ლოკაციები, საცობები, შეკვეთის მოსამზადებელი დრო და ა.შ.", - ამბობს სტეპან ასლანიანი.
"ხანდახან მართლაც ხდება ისე, რომ შეკვეთებს ჩვენი ბრალეულობით ვაგვიანებთ. ასეთ დროს, კლიენტებს ვთავაზობთ შეკვეთის ხელახლა შესრულებას უფასოდ ან ვუბრუნებთ დახარჯულ თანხას. ადამიანური ბუნებაა, რომ დროულად შესრულებულ შეკვეთას ნაკლები გამოხმაურება აქვს, ვიდრე დაგვიანებულს, რადგან როდესაც შეკვეთას დროულად ღებულობ უბრალოდ ტკბები. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვცდილობთ, რომ პრობლემა ბოლომდე გადავჭრათ", - დაამატა მან.
ადგილზე სწრაფად მიტანის მსურველები ხშირად სერვისის შერჩევის დროს შეცდომებს უშვებენ ხოლმე. მომხმარებლების ნაწილი ფიქრობს, რომ თავად რესტორნის მიტანის სერვისით თუ ისარგებლებენ, შეკვეთა უფრო სწრაფად მივა მათ მისამართთან. როგორც Menu.ge-ს დირექტორი ამბობს, ეს უბრალოდ მათემატიკურადაც კი შეუძლებელია.
"წარმოიდგინეთ, რესტორანს არ აქვს საშუალება, რომ ჰყავდეს უამრავი კურიერი. მას როგორც წესი რამოდენიმე კურიერი ჰყავს. თითოეული მათგანი ასრულებს შეკვეთას და ამის შემდეგ უწევს რესტორანში უკან დაბრუნება და ასე დაუსრულებლად წრეზე სიარული. Menu.ge-ს შემთხვევაში კი, მთელი ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ასეული კურიერი მოძრაობს, როდესაც ერთი ასრულებს შეკვეთას, ყველაზე ახლოს მყოფი მიდის კვების ობიექტთან და მიაქვს მომდევნო შეკვეთა", - ამბობს Menu.ge-ს დირექტორი.
მიტანის სერვისის სტაჟიან მომხმარებლებს კარგად ახსოვთ, რომ ბაზარზე არსებობდა კიდევ ერთი კომპანია Foodpanda, რომელიც შარშან Menu.ge-მ შეისყიდა. ამ გადაწყვეტილებამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. არსებობდა ვერსია, რომ Menu.ge-მ კონკურენტ კომპანიას ისეთი თანხა შესთავაზა, რაზეც Foodpanda-მ უარი ვერ თქვა. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს?
"როდესაც ჩვენ Foodpanda-ს შესყიდვა გადავწყვიტეთ, მიზნად არ გვქონია მათი ჩაძირვა ან ბაზრიდან მოშორება. მათ წარუმატებელი ბიზნესგეგმა ჰქონდათ და ამიტომ კონკურენცია უჭირდათ და ბაზრიდან გასვლას აპირებდნენ, ჩვენ უბრალოდ დავაჩქარეთ ეს პროცესი. თანხა, რომელიც გადავიხადეთ, კომერციული საიდუმლოა და ვერ დავასახელებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ის გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს ხალხს გონია", - ამბობს სტეპან ასლანიანი.
Menu.ge-მ ცოტა ხნის წინ აპლიკაციისა და საიტის დიზაინი განაახლა. ცვლილებებმა სერვისი კიდევ უფრო დახვეწილი და კომფორტული გახადა. თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, საიტზე შესვლის თანავე მომხმარებელი საკუთარ მისამართს ავტომატურად აფიქსირებს რის შემდეგაც ვებ-გვერდი მას სთავაზობს იმ რესტორნების სიას, რომლებიდანაც მიწოდება შესაძლებელი იქნება უმოკლეს დროში, გამომდინარე რესტორნისთვის საჭირო საშუალო მომზადების დროდან და ფიზიკური მიწოდებისთვის საჭირო დროდან.
"ჩვენ ვმუშაობთ, რომ ჩვენი აპლიკაცია და საიტი კიდევ უფრო დახვეწილი და ჭკვიანი გახდეს. ამ ეტაპზე ბევრი ცვლილება შევიტანეთ, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ჩვენ სისტემას ვასწავლით ყველაფერს, რაც დაგვეხმარება, რომ მომხმარებლები უფრო კმაყოფილნი იყვნენ", - ამბობს კომპანიის დირექტორი.
Menu.ge-მ გასულ წელს ინვესტიციების ახალ ტალღაზე 3 მლნ. დოლარი მიიღო და ზრდას განაგრძობს. ინვესტორების უმრავლესობა ამერიკელები და ევროპელები არიან, რომლებიც იმედოვნებენ, რომ საქართველოში მიტანის სერვისი კიდევ უფრო განვითარდება. ეს რომ ასეა, Menu.ge-ს ყოველთვიური ბრუნვაც მეტყველებს, რომელმაც უკვე შარშან გადააჭარბა შვიდნიშნა რიცხვს და დღესაც აგრძელებს ზრდას.
კომენტარები