კლუბ BASSIANI-ში საპროტესტო რეივ-აქცია დაიწყო. აქციაზე მისული სტუმრები უკვე შევიდნენ კლუბის ტერიტორიაზე. კლუბის წარმომადგენლებმა მედიას კლუბის შიგნით, მხოლოდ სამი წუთის განმავლობაში გადაღების უფლება მისცეს და შემდეგ ტერიტორია დაატოვებინეს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, კლუბის კარი ღიაა საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის, ყველა ადამიანისთვის ვინც მზადაა ერთად დადგეს საერთო გამოწვევებისა და პრობლემების წინააღმდეგ, მათ შორის პოლიტიკოსებისთვისაც.

"დღეს ცეკვა პოლიტიკური აქტია, ჩვენ ერთად ვცეკვავთ, ერთად ვიბრძვით, ერთად ვიმარჯვებთ!" - ვკითხულობთ კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფოტო: On.ge / თამუნა გეგიძე

ფოტო: On.ge / თამუნა გეგიძე

ფოტო: On.ge / თამუნა გეგიძე

კლუბში ამბობენ, რომ თბილისის საკლუბო სცენამ ერთიანობისა და სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითი გამოავლინა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ხალხთან ერთად სოციალური ცვლილებების ავანგარდში დგას, იბრძვის სამართლიანობისთვის, თანასწორობისა და თავისუფლებისთვის.

ფოტო: On.ge / თამუნა გეგიძე

"27 მაისი სიმბოლური თარიღია, ბერლინის საკლუბო სცენაზე არსებული 70-ზე მეტი კლუბი მასობრივ რეივ-აქციას მართავს. ადგილობრივი გამოწვევებით ვუერთდებით ამ სულისკვეთებას და 27 მაისს, ქართული ელექტრონული მუსიკის სცენის წარმომადგენლები, კლუბები, ფესტივალები, არტისტები, ლეიბლები, მუსიკალური პროექტები ერთად ვდგებით და უთანასწორო გარემოს წინააღმდეგ ბრძოლას ვაგრძელებთ", - აცხადებენ კლუბში.

ფოტო: On.ge / თამუნა გეგიძე

ფოტო: On.ge / თამუნა გეგიძე

როგორც ბასიანში აღნიშნავენ, კლუბების ინიციატივას შეუერთდა გლობალური ონლაინ მუსიკალური პლატფორმა Boiler Room, რომელიც თბილისის აქციას პირდაპირი ტრანსლაციით გადასცემს.

11 მაისს გვიან ღამით შსს-მ სპეცოპერაცია ჩაატარა და ნარკორელიზატორობის ბრალდებით რვა პირი დააკავა. რამდენიმე საათში კი პოლიცია ბასიანში, კაფე გალერისა და ბლოუ-ბარში შევიდა, კლუბის სტუმრები გარეთ გაიყვანა და შენობების ჩხრეკა დაიწყო.

ბასიანთან და გალერისთან პოლიციელებს, სპეცრაზმელებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამართადამცავების მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის 50-მდე პირი დააკავეს.

გაიგეთ მეტი ბასიანში ჩატარებული სპეცოპერაციისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ.