26 მაისი ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია და ეს არც ინტერნეტ-გიგანტს, Google-ს გამორჩენია. სპეციალურად ამ დღეს, საქართველოდან შესულ მომხმარებლებს ულამაზესი Doodle დახვდებათ, მოფრიალე დროშითა და მთიანი პეიზაჟით.

დუდლზე დაკლიკების შემთხვევაში კი მომხმარებელი 26 მაისის ძიების შედეგებზე გადადის.

საქართველოსთვის მიძღვნილი პირველი დუდლის შექმნის იდეა გუგლს ციფრულმა მარკეტერმა, ბექა ქვარცხავამ მიაწოდა.

"გუგლთან ოფიციალურად ვთანამშრომლობდი, როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომელი, თუმცა ამ ჩანაფიქრის განხორციელებას პირადი ურთიერთობების ჩართვა დასჭირდა. გუგლის თანამშრომლებს ვთხოვე, ჩვენთვის გაეკეთებინათ დუდლი და ცოტა ხანში მათი ოფისიდან თანხმობაც მომივიდა", - უთხრა On.ge-ს ბექა ქვარცხავამ.

ზუსტად 100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.