ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განაცხადა, რომ ოჯახი აპირებს პრეზიდენტს მიმართოს დეკანოზის შეწყალებისთვის. ამის შესახებ მან ტვ პირველის ეთერში ისაუბრა:

"ვაპირებთ, გამომდინარე იქედან, რომ დრო იწელება და ამ დროის განმავლობაში ჩემი ძმა თავს ფიზიკურად შეუძლოდ გრძნობს. ეყოფა თუ არა გამბედაობა პრეზიდენტს იმ ფონზე, რაც მის წინააღმდეგ არის აგორებული, მე ვერ მოგახსენებთ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მივმართავთ და დაველოდებით პასუხს".

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად. შორენა თეთრუაშვილი, ილია მეორესთან ერთად, აღნიშნულ პერიოდში ბერლინში იყო, სადაც პატრიარქი მკურნალობდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ დამნაშავედ სცნო და მას შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

13 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა.

ე.წ. ციანიდის საქმე სააპელაციოში დახურულ სხდომებზე განიხილებოდა. დახურული სხდომა ნიშნავს, რომ საქმეში მონაწილე პირების, ან მათი წარმომადგენლების გარდა სხდომებს ვერავინ დაესწრო.