კომპანია m² უძრავი ქონება ზამთრის კურორტ გუდაურში სასტუმროს შეძენის შესახებ აცხადებს. m²-მა მშენებარე სასტუმროს შესყიდვისთვის ჯამურად $7,2 მილიონის ინვესტიცია განახორციელა. 134-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას m² უძრავი ქონების სამშენებლო კომპანია BK Construction დაასრულებს. არსებული გეგმის მიხედვით, სასტუმრო პირველი დამსვენებლების მიღებას მიმდინარე წლის ზამთრის საკურორტო სეზონის დასაწყისში, 2018 წლის დეკემბერში შეძლებს.

სასტუმროების ქსელის განვითარება m²-ის სტრატეგიის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. კომპანიის მიერ გამოცხადებული გეგმის მიხედვით, m² მომდევნო სამი წლის განმავლობაში სასტუმროს ნომრების 1000-მდე გაზრდას გეგმავს.

"მოხარული ვარ, რომ m² ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ კურორტზე, გუდაურშიც იქნება წარმოდგენილი და დამსვენებლებს კომფორტულ გარემოსა და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას აქაც შესთავაზებს. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ისევე გუდაურისთვისაც“ – აცხადებს კომპანია m² უძრავი ქონების გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე.