ფაქტები და რიცხვები საბჭოთა ეკონომიკიდან
სოციალიზმი დეფიციტის ეკონომიკაა: იმისთვის, რომ სოციალიზმის პირობებში მაღაზიებში სურსათი იყოს და მოსახლეობას ელექტრონერგია მიეწოდებოდეს, აუცილებელია უმკაცრესი სახელმწიფო კონტროლი და მუდმივი მზადყოფნა ძალადობისთვის. სსრკ-ში განხორციელებული ექსპერიმენტი გეგმიურ ეკონომიკასთან წარუმატებული აღმოჩნდა და სულ 70 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
გეგმიური ეკონომიკის პირობებში საწარმოო საშუალებები სახელმწიფოს კუთვნილებაშია, შესაბამისად, ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის სრულ მოცულობასაც სახელმწიფო ქმნის. ეკონომიკის ამ მოდელში კერძო საკუთრება არ არსებობს. ეკონომიკა მუშაობს არა მოთხოვნაზე, არამედ გეგმაზე, რომელსაც სახელმწიფო ბიუროკრატია ადგენს.
სახელმწიფო განსაზღვრავს, თუ რა რაოდენობის ავტომობილი სჭირდება მოსახლეობას, რამდენი გრამი ხორცპროდუქტი უნდა მოიხმაროს ყოველდღიურად მოქალაქემ და ასე შემდეგ. გარკვეულ პერიოდში სსრკ-ში დაფიქსირებულმა ეკონომიკურმა ზრდამ და სამეცნიერო-ტექნოლოგიურმა პროგრესმა წარმოშვა აზრი, რომ ეკონომიკის ასეთი მოდელი კონკურენტუნარიანი იყო, თუმცა საბჭოთა ეკონომიკური რეალობა სინამდვილეში შორს იდგა წარმატებისგან.
წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს საბჭოთა ეკონომიკის შესახებ:
1. საბჭოთა კავშირი - საკვების ყველაზე დიდი იმპორტიორი
1907-1913 წლებში რუსეთის იმპერია მსოფლიოში ხორბლის უდიდესი ექსპორტიორი იყო, რუსეთის იმპერიაზე მსოფლიოში წარმოებული ხორბლის 9% მოდიოდა. 1980-1990 წლებში კი საბჭოთა კავშირი მსოფლიოში ხორბლის ყველაზე დიდი იმპორტიორად იქცა. ამ პერიოდში საშუალოდ, მსოფლიოში ჯამურად გაყიდული ხორბლის 16%-ს სწორედ საბჭოთა კავშირი ყიდულობდა.
1932 წელს გლეხებს ნებართვის გარეშე საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის შეცვლა აეკრძალათ. მიმდინარეობდა კოლმეურნეობების ჩამოყალიბების ძალდატანებითი პროცესი, გლეხები კოლმეურნეობებს გადასახლებისა და დახვრეტის შიშის გამო უერთდებოდნენ. მხოლოდ 1930-1932 წლამდე გადასახლებული იქნა მილიონამდე ოჯახი.
კოლექტივიზაციის შედეგად სოფლის მეურნეობიდან რესურსების მაქსიმიზაცია მოხდა. სწორედ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ხარჯზე გახდა შესაძლებელი დაჩქარებული ინდუსტრიალიზაცია, თუმცა ეს პროცესები ქვეყანაში მასობრივი შიმშილის ფონზე მიმდინარეობდა. მხოლოდ უკრაინაში საკვების დეფიციტს დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი შეეწირა.
ამ მოვლენების ფონზე ინდუსტრიალიზაცია საბჭოთა კავშირში წარმატებით დასრულდა, თუმცა სოფლის მეურნეობაში კოლექტივიზაციას უშედეგოდ არ ჩაუვლია. ამ პერიოდში წარმოებულმა პოლიტიკამ სსრკ-ს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა, რომელთა გადაწყვეტაც კომუნისტურ სისტემას უბრალოდ არ შეეძლო. კოლექტივიზაციის შედეგად განადგურდა შრომითი ეთიკა, რომელიც წლების განმავლობაში ყალიბდებოდა და 1960-იანი წლებისთვის საკვები პროდუქტების უკმარისობის პრობლემა შეიქმნა.
ხორბლის მოსავალი ერთ სულზე | |
---|---|
1913 წელს | 540 კგ |
1963 წელს | 483 კგ |
1963 წელს სსრკ-ში ხორბლის კატასტროფულად დაბალი რაოდენობის მოსავალი მოვიდა. შედეგად: ამავე წელს სსრკ-მ კანადისგან 9 მილიონი ტონა ხორბალი შეიძინა, რისი საფასურიც ოქროს ნაციონალური რეზერვების მესამედით, კერძოდ კი 372 ტონა ოქროთი გადაიხადა. დროთა განმავლობაში ეს მოცემულობა სსრკ-ს რეალობად იქცა. 1965 წელს იმავე ოპერაციისთვის სსრკ-მ 335 ტონა ოქრო გადაიხადა, 1967 წელს კი – 350.
1960-იან წლებში სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობის ზრდა 3 პროცენტს შეადგენდა, 1970-იანებში – 1 პროცენტს. 1971-1985 პერიოდში სოფლის მეურნეობაში პირდაპირი სახელმწიფო ინვესტიციების რაოდენობამ 600 მილიარდი მანეთი შეადგინა, თუმცა პროდუქტიულობა ამის მიუხედავად არც ერთი პროცენტით არ მომატებულა და ორივე ხუთწლედის ბოლოს 161.7 მილიონი ტონა პროდუქცია შეადგინა.
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი ვერ ახერხებდა, დაეკმაყოფილებინა საკუთარი მოთხოვნა ხორბალზე, სსრკ 16-ჯერ უფრო მეტ ხორბლის საკრეფ კომბაინს აწარმოებდა, ვიდრე – აშშ, ხორბლის მთავარი მომწოდებელი.
1970-იანი წლებიდან რიგში დგომა საბჭოთა მოქალაქის ყოველდღიურობის შემადგენელ ნაწილად იქცა. ამ პერიოდიდან საბჭოთა მაღაზიები და ბაზრები სასურსათო საქონლის მხოლოდ 11 სახეობით მარაგდებოდაა.
1980 წლისთვის სსრკ-ში გამომცხვარი ყოველი მესამე პური იმპორტირებული ხორბლით ცხვებოდა
დეფიციტური პროდუქციის სია და რიგი წლების განმავლობაში მხოლოდ იზრდებოდა და საბოლოოდ, საბჭოთა მოსახლეობა შიმშილს უცხოური ჰუმანიტარული დახმარებით უმკლავდებოდა.
2. საბჭოთა კავშირი: ჩავარდნილი ექსპორტის ქვეყანა
1960-იანი წლებიდან 1991 წლამდე საბჭოთა კავშირმა ვერ მოახერხა, ეჩვენებინა დადებითი მიმდინარე ბალანსი, ანუ ეწარმოებინა და გაეყიდა უფრო მეტი, ვიდრე იყიდა. 1970-იანი წლებიდან სსრკ-ს მიერ იმპორტირებული პროდუქციის ფასი საშუალოდ 15 მილიარდი დოლარით აღემატებოდა მის მიერ ექსპორტირებული პროდუქციის ჯამურ ღირებულებას.
საბჭოთა ეკონომიკის კრახი რამდენიმე ათწლეულით ადრე შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ არა ნავთობისა და გაზის ახალი საბადოები და ენერგომატარებლებზე არსებული მაღალი ფასი წლების განმავლობაში.
1970-იანი წლებიდან დაიწყო საბადოების ფორსირებული და არაეფექტური მეთოდით ათვისება. ამ პერიოდიდან მოყოლებული ნავთობი საბჭოთა ეკონომიკის მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა.
1980 წლისთვის სსრკ-ს მთლიანი ექსპორტის 67% ნავთობსა და გაზზე მოდიოდა
ეს მაჩვენებელი ასახავს საბჭოთა კავშირის ეკონომიკურ მიჯაჭვულობას ნავთობპროდუქტებზე. სსრკ-ს ეკონომიკურ სტაბილურობას ბოლო ათწლეულების განმავლობაში სწორედ ნავთობზე არსებული მაღალი ფასები განაპირობებდა. ამ აზრს ადასტურებს ის ფაქტი, ნავთობის ფასის შემცირებიდან 6 წელიწადში სსრკ-მ არსებობა შეწყვიტა. 1985 წლიდან ნავთობის ფასის შემცირება დაიწყო. 32 დოლარიდან ფასი რამდენიმე წელიწადში 12 დოლარამდე შემცირდა.
რაც შეეხება ეკონომიკის სხვა სექტორებს, აქ სსრკ ვერაფერს ღირებულს ვერ ქმნიდა. ექსპორტის დანარჩენი ნაწილი მთელ მსოფლიოში ვასალური რეჟიმებისთვის ერთგულებისთვის გადახდილ საფასურს წარმოადგენდა. სსრკ ეკონომიკის ვერც სეგმენტში ვერ აწარმოებდა პროდუქციას, რომელიც კონკურენტული იქნებოდა მსოფლიო ბაზარზე.
სსრკ-ში წარმოებულ ტექნიკაზე გამოშვებიდან 6 თვის განმავლობაში 200 ათასზე მეტი რეკლამაცია იწერებოდა.
ჯერ კიდევ იმპერიული რუსეთი მეტალების და სასარგებლო წიაღისეულის ერთ-ერთ ყველაზე დიდი მომწოდებელი იყო. ეს ტემპი საბჭოთა კავშირმაც შეინარჩუნა, თუმცა ქვეყანა ვერ ახერხებდა ამ მეტალების ხარისხიანად დამუშავებას, რის გამოც საბჭოთა კავშირი დამუშავებული მეტალურგიული პროდუქციის უდიდეს იმპორტიორად იქცა. ამის მაგალითია ნავთობსადენი "დრუჟბა", რომელიც დასავლეთ გერმანიაში წარმოებული მილებით ააშენეს.
ამგვარად გამოდის, რომ სსრკ-სთვის მყარი ვალუტის ერთადერთ შემოსავალს ნავთობი და გაზი წარმოადგენდა. ენერგეტიკული სექტორის გარდა, მუდმივი ზრდის რეჟიმში იყო სსრკ-ს სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, რომელსაც ქვეყნის ბიუჯეტიდან უზარმაზარი რესურსები მიჰქონდა. პერიოდულად სამხედრო კომპლექსის ხარჯები მშპ-ს 10 პროცენტსაც აღემატებოდა. ერთი შეხედვით შეიძლებოდა სამხედრო პროდუქციის ექსპორტირება, თუმცა ქვეყნები, რომლებსაც საბჭოთა იარაღის ყიდვის სურვილი ქონდათ, როგორც წესი, მისი სატელიტი სახელმწიფოები იყვნენ და ამ იარაღს ამერიკულ იმპერიალიზმთან საბრძოლველად უფასოდ იღებდნენ.
3. ცხოვრება სოციალიზმში
1983 წელს საბჭოთა ქალაქებში მოსახლეობის 30% კომუნალურ ბინებში ცხოვრობდა.
კომუნალურ ბინაში ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 6 კვადრატული მეტრი იყო განკუთვნილი. კაპიტალისტურ ქვეყნებში იგივე სტანდარტი 28 კვადრატული მეტრი იყო. ასეთ პირობებში ცხოვრობდა მილიონობით ადამიანი.
1989 წელს საბჭოთა მოქალაქე სურსათის რიგში დღეში დაახლოებით 4 საათს ხარჯავდა.
დეფიციტი საბჭოთა რეალობის განუყოფელი ნაწილი იყო. დეფიციტი იქმნებოდა საკვებზე, ტკბილეულზე, ტუალეტის ქაღალდზე და სხვა საყოფაცხოვრებო საგნებზე.
1975 წელს საბჭოთა მოქალაქეების მხოლოდ 61 პროცენტი ფლობდა ტელევიზორს, მაცივარს - 45%, სარეცხ მანქანას - 64%, მტვერსასრუტს - 16%. საუბარია მხოლოდ ქალაქში მცხოვრებ მოსახლეობაზე, საბჭოთა სოფლებში კი ადამიანები მოწყვეტილნი იყვნენ ყოველგვარ ტექნოლოგიებს.
4. სოციალური პრობლემები
1983 წელს ალკოჰოლზე დამოკიდებული რეგისტრირებული ადამიანების რიცხვმა სსრკ-ში 4 მილიონი შეადგინა.
ალკოჰოლიზმი ქვეყნის უმწვავეს გამოწვევად იქცა, საკითხმა იმდენად მწვავე ფორმა მიიღო, რომ 1985 წელს, საბჭოთა კავშირში მშრალი კანონი დაწესდა და სპირტიანი სასმელების წარმოება მესამედით შემცირდა.
იმავე პერიოდში 15 პროცენტით გაიზარდა სპირტის შემცველი შუშის საწმენდი სითხის გაყიდვები, ასევე 25 პროცენტით გაიზარდა სპირტის შემცველი ფეხსაცმლის საწმენდი საშუალებების გაყიდვები.
ყოველწლიურად საბჭოთა გამოსაფხიზლებელ დაწესებულებებში 9 მილიონი ადამიანი ხვდებოდა.
საბჭოთა ეკონომიკა ხშირად პარადოქსულ და უნიკალურ ფენომენებს წარმოშობდა. ასე მაგალითად: 1986 წლისთვის ქვეყნის ინდუსტრიულ ნაწილში დაახლოებით 700 ათასი სამუშაო ადგილი იყო თავისუფალი.
ხშირი იყო შემთხვევები, როცა სრულიად არარაციონალური პროექტების განსახორციელებლად უზარმაზარი თანხა იხარჯებოდა: მაგალითად, ყარა-ბოგაზ-გოლის დამბის პროექტი. საბჭოთა მეცნიერების მიერ შემუშავებული არასწორი ანგარიშით შეიქმნა დასკვნა, რომელიც კასპიის ზღვის დონის ვარდნის შესაჩერებლად დამბის აშენებას მოითხოვდა. დამბის აშენების შემდეგ გაირკვა, რომ წყლის დონე კასპიის ზღვაში მანამდე არათუ არ იკლებდა, არამედ მატულობდა.
5. კონკურენცია კაპიტალისტურ სამყაროსთან
სრულიად წარმოუდგენელი იყო კაპიტალისტურ სამყაროსთან რამენაირი კონკურენცია, ამასვე ადასტურებს სსრკ-ს აშშ ეკონომიკის სიდიდეები და მაჩვენებლები:
თავისი დიდების ზენიტში მყოფი საბჭოთა ეკონომიკა აშშ-ს ეკონომიკის 60 პროცენტს არ აღემატებოდა.
საშუალოდ ამერიკული ეკონომიკა 4-ჯერ უფრო მოცულობითი იყო სსრკ-ს ეკონომიკაზე.
მნიშვნელოვანია, რომ ამავდროულად საბჭოთა კავშირი ტერიტორიულად რამდენიმეჯერ აღემატებოდა აშშ-ს ფართობს. ასევე, სსრკ აღემატებოდა აშშ-ს სამუშაო ასაკის ადამიანების რიცხვით, საუბარია დაახლოებით 25 მილიონ ადამიანზე.
საბჭოთა რეალობაში არსებობდა ასეთი ეკონომიკური ფენომენი - планово убыточное предприятие (გეგმიურად წამგებიანი ორგანიზაცია) ანუ საბჭოთა დაგეგმარების სამმართველო ახდენდა ყოველი წარმოების პროექტის ანალიზს და ითვლიდა, თუ რამდენ ხანში ამოიღებდა საწარმო განხორციელებულ ინვესტიციას, თუმცა, ამის პარალელურად არსებობდა გეგმიურად წამგებიანი წარმოებებიც. სახელმწიფოსთვის ცნობილი იყო, რომ წარმოება წამგებიანი იქნებოდა, თუმცა პროექტის განხორციელებას ეს ხელს არ უშლიდა.
გეგმიურად წამგებიანი წარმოების ერთ-ერთი მაგალითი რუსთავის მეტალურგიული ქარხანაა. ეს და სხვა უამრავი მაგალითი კარგად ხსნის გეგმიური ეკონომიკის პარადოქსულობას და სსრკ-ს დაშლის მთავარ მიზეზს ნათელს ჰფენს. სსრკ დაიშალა იმიტომ, რომ არ შეიძლებოდა, არ დაშლილიყო.
კომენტარები