თუ ოდესმე გიფიქრიათ, რა კარგი იქნებოდა, ქართული ენა სრულფასოვნად რომ ყოფილიყო თანამედროვე ტექნოლოგიებში ინტეგრირებული, მაშინ გილოცავთ, პროექტი "ქართულად" დაიწყო.

თიბისი ბანკმა Microsoft-თან, ჯეოლაბთან და ელექტრონული წიგნების სახლი "საბასთან" ერთად ახალი პროექტი დაიწყო, რომელსაც "ქართულად" ქვია. პროექტის პრეზენტაცია თიბისი გალერეაში შედგა. პრეზენტაციას თიბისი ბანკის წარმომადგენლებთან ერთად, განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, Microsoft-ის განათლების მიმართულების რეგიონალური დირექტორი თეო მელევი და საქართველოში Microsoft-ის წარმომადგენლობის დირექტორი ნიკოლოზ დობორჯგინიძეც ესწრებოდნენ.

პროექტის ავტორებმა პრეზენტაციაზე მისულ სტუმრებს სამომავლო გეგმები გააცნეს. თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ, პროქტს ქართული ენის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი უწოდა.

ფოტო: თიბისი

"ეს პროექტი არის უმნიშვნელოვანესი, განსაკუთრებით ისეთი მცირერიცხოვანი ერისთვის, როგორიცაა ქართველი ერი, რომელსაც გააჩნია უნიკალური ძეგლი - ქართული ანბანი და ენა. ეს არის გზა, რომ მსოფლიომ გაიცნოს იგი და ქართულად მოლაპარაკე ადამიანებს, მშობლიურ ენაზე ჰქონდეთ წვდომა ყველა იმ ინგლისურენოვან ტექსტებზე, რომელიც დღეს არსებობს იმ უსაზღვრო სივრცეში, რასაც Microsoft ქვია", - თქვა მამუკა ხაზარაძემ.

პროექტის განხორციელებაში ჩართულნი იქნებიან ენის პალატა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრაც. „ქართულად“ საქართველოს განათლების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტში მონაწილეობენ PH international და ლექსიკოგრაფიული ცენტრი თინა მარგალიტაძის ხელმძღვანელობით.

რა არის პროექტი "ქართულად"?

ოცდამეერთე საუკუნე ტექნოლოგიების ეპოქაა და ყველა ქვეყანა ცდილობს ამ უზარმაზარ ინდუსტრიაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს. ზოგიერთები თავად ქმნიან ტექნოლოგიებს, დანარჩენები კი შექმნილი სერვისების მორგებას ეროვნულ ინტერესებზე ცდილობენ. ამ მხრივ, უმნიშვნელოვანესია ენისა და ანბანის ინტეგრირება სხვადასხვა სისტემებსა და ტექნოლოგიურ პროდუქტებში. ქართული ენა, ამ მხრივ, არც თუ ისე ფართოდაა წარმოჩენილი, თუმცა ეს რეალობა მალე შეიცვლება.

ეს პროექტი არის უმნიშვნელოვანესი, განსაკუთრებით ისეთი მცირერიცხოვანი ერისთვის, როგორიცაა ქართველი ერი, რომელსაც გააჩნია უნიკალური ძეგლი - ქართული ანბანი და ენა - მამუკა ხაზარაძე

ალბათ გახსოვთ თიბისი ბანკის მიერ სამი წლის წინ დაწყებული ცნობილი კამპანია #წერექართულად, რომელიც ქართული ენის პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად. ამ პროექტის ფარგლებში, არაერთი აქტივობა ჩატარდა და სამი წლის თავზე, ქართული ენა გაცილებით უფრო ინტეგრირებულია ციფრულ სამყაროში, ვიდრე მანამდე იყო. ახლა კი, ქართული ენა განვითარების სრულიად ახალ და უფრო მასშტაბურ საფეხურზე ადის.

თიბისი ბანკმა ტექნოლოგიების მწარმოებელ გლობალურ კომპანიასთან, Microsoft-თან ერთად უმნიშვნელოვანესი პროექტი წამოიწყო. პროექტს "ქართულად" ქვია და ის მიზნად ისახავს Microsoft-ის კომპიუტერული პროგრამებისთვის ქართული ენის სწავლებას. ამბიციურად ჟღერს, არა? - მივყვეთ დეტალებს და დარწმუნდებით, რომ ამაში გასაოცარი არაფერია.

იმისთვის, რათა Microsoft-ის პროგრამებში ქართული ენის ინტეგრირება სრულფასოვნად მოხდეს, აუცილებელია ქართული წინადადებების ინგლისურად თარგმნა. პროცესის დასაწყებად, პირველ ეტაპზე მინიმუმ 100 000 წინადადება უნდა ითარგმნოს და ამ მისიის შესრულებაში თქვენი როლი უმნიშვნელოვანესი იქნება.

როგორ?!

თიბისი ბანკმა, პარტნიორებთან ერთად, პროექტის განსახორციელებლად შექმნა საიტი Kartulad.ge, სადაც 7 მლნ წინადადებაა ჩატვირთული. საიტის შემქმნელებმა წინადადებები ელექტრონული წიგნების სახლი "საბას" ბაზიდან შეარჩიეს და ღია, ყველასთვის ხელმისაწვდომ სისტემაში განათავსეს. საიტზე რეგისტრაციის შემდეგ, ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია თარგმნის პროცესში მონაწილეობის მიღება. დავალება მარტივია, ქართული წინადადებები უნდა თარგმნოთ ინგლისურად და სულ ესაა.

ნუ შეგეშინდებათ, თუ თქვენ მიერ ნათარგმ წინადადებებს მცირე გრამატიკული წუნი აღმოაჩნდება. ამას კორექტორები გამოასწორებენ, რომლებიც საქმეში მას შემდეგ ჩაერთვებიან, რაც ბაზაში 100 000-ზე მეტი ნათარგმნი წინადადება დაგროვდება. თქვენ მიერ შესრულებული სამუშაო იმდენად დაიხვეწება, რომ Microsoft-ის პროგრამებში მისი ინტეგრაცია შეუფერხებლად მოხდეს.

ორენოვანი წინადადებების საკმარისი რაოდენობის დაგროვების შემდეგ, ნათარგმნი წინადადებები ხელოვნური ინტელექტის სისტემაში ჩაიტვირთება და თარგმნას ისწავლის.

ჩვენ გვსურს, რომ ქართული ენა გავიტანოთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ქათულად მოსაუბრე ადამიანებს თავისუფლად შეეძლოთ ინგლისური ტექსტების ქართულად წაკითხვა, ხოლო ინგლისელებს და უცხო ენაზე მოსაუბრე ადამიანებს, ქართული ტექსტებისა და წიგნების ინგლისურად ავტომატურ რეჟიმში წაკითხვა - მამუკა ხაზარაძე

რა შედეგი შეიძლება მივიღოთ ამ პროექტით?

შედეგებზე საუბარი ამ პროექტის ყველაზე საინტერესო ნაწილია. პირველ რიგში, პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ, ტექნოლოგიური სამყაროს გიგანტი კომპანიის, Microsoft-ის სისტემებისთვისა და პროგრამებისთვის ქართული მორიგი მშობლიური ენა გახდება. საქართველოსნაირი მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, ეს უკვე უდიდესი წარმატებაა, თუმცა საამაყო მხოლოდ ეს არ არის.

პროექტს "ქართულად" ერთი მიზანი აქვს - შექმნას ერთი ენიდან მეორე ენაზე თარგმნის ავტომატური მექანიზმი, რაც აქამდე ნებისმიერი ქართველისთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. დამეთანხმებით, რომ დღეს სრულფასოვანი თარგმანის შესრულება ნებისმიერი პროგრამით, ქართულ ენაზე, ფაქტობრივად წარმოუდგენელია. მაგალითისთვის, Google Translate-იც კმარა, რომლის გამოყენებას სჯობს, ისევ ინტუიციას მიენდოთ.

პროექტი "ქართულად" კი მიზნად ისახავს იმგვარი სერვისის შექმნას, რომელიც თარგმნისას დაშვებულ გრამატიკულ შეცდომებს მინიმუმადე დაიყვანს. შედეგად კი, ნებისმიერი მსურველი ქართულ-ინგლისური და ინგლისურ-ქართული ტექსტების წაკითხვასა და თარგმნას, საერთაშორისო რესურსებთან წვდომასა და ინგლისურენოვანი ინფორმაციის წაკითხვას ქართულ ენაზე, ფაქტობრივად, უპრობლემოდ შეძლებთ.

პრაქტიკული მაგალითი რომ მოვიყვანოთ, Microsoft-ის სისტემაში ქართული ენის სრუფასოვნად ინტეგრაციის შემდეგ, ნებისმიერი უცხოელი შეძლებს ინგლისურად გადათარგმნოს თქვენი კვლევები, ტექსტები, დიალოგები და ა.შ. ეს ყველაფერი კი, როგორც ქართული ენის, ისე თქვენს წარმატებაში უდიდეს როლს შეასრულებს.

ფოტო: თიბისი

ყველაფერთან ერთად კი, ეს პროექტი კარგი საშუალებაა, რომ ქართული ენა მთელმა მსოფლიომ გაიცნოს, როგორც უნიკალური და ისტორიული ენა, რომელსაც საკუთარი ანბანი და დამწერლობა აქვს. სწორედ ესეთი პრეცენდენტები დაეხმარება ქართულ ენას, გამოჩნდეს სხვა დიდი ენების გვერდით, გაუძლოს დროის გამოწვევებს და განაგრძოს განვითარება.

პროექტის პრეზენტაციის სრული ჩანაწერი

არ დაგავიწყდეთ, რომ პროექტის განხორციელებაში თქვენი ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. გადადით პროექტის ვებ-გვერდზე და გადათარგმნეთ წინდადებები. სამაგიეროდ კი, პროექტისგან "ქართულად", მადლობის ნიშნად, სამახსოვრო საჩუქრების მიღების შანსიც გექნებათ.