.GE დომენის რეგისტრაციის წესები იცვლება — დეტალები მარტივად

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

ვებსაიტების ქართულ მისამართებს, ანუ, .ge-ზე დაბოლოებულ დომენებს, დღემდე კავკასუს ონლაინი არეგისტრირებდა. ყველა ორგანიზაციას თუ ფიზიკურ პირს, ვისაც .ge მისამართი აქვს დარეგისტრირებული (.gov.ge დომენების გარდა), კავკასუსი ამ სერვისს registration.ge-ს საშუალებით უწევდა.

2018 წლის 16 აპრილიდან კი, კავკასუს ონლაინი მხოლოდ .ge ზონის ადმინისტრატორი იქნება. დომენის რეგისტრაცია კი, სხვა კომპანიებთან მოხდება, რომლებიც ბაზარზე ნელ-ნელა გამოჩნდებიან.

რეგისტრატორი რა არის? ან ადმინისტრატორი?

ორი სიტყვით რომ ვთქვათ, მსოფლიოს დომენებს, ინტერნეტ-მისამართებს, ერთი ორგანიზაცია — ICANN განაგებს. ეს არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც განკარგავს და ადმინისტრირებაზე დელეგირებას ახდენს როგორც ქვეყნის დომენურ ზონებზე (მაგალითად, .ge [საქართველო], .az [აზერბაიჯანი], .uk [დიდი ბრიტანეთი] და ა.შ.), ისევე — ე.წ. ზოგადი ტიპის ზონებზე (.com, .net, .org და ა.შ.)

ქვეყნის ზონების შემთხვევაში, ICANN ყოველ ქვეყანაში ირჩევს დელეგატ ორგანიზაციას, რომელიც ხდება ამ ქვეყნის ზონის ადმინისტრატორი. როგორც წესი, ადმინისტრატორი ორგანიზაცია თავად არ არეგისტრირებს დომენებს, არამედ სხვა კომპანიებზე გასცემს “უფლებას”, ამ ზონის დომენების რეგისტრაციაზე. ასეთ კომპანიებს, რეგისტრატორები ეწოდებათ.

ამ მომენტამდე, საქართველოში, .ge ზონის ადმინისტრატორიც და რეგისტრატორიც ერთი კომპანია — კავკასუს ონლაინი იყო. 16 აპრილიდან კი, კავკასუს ონლაინი მხოლოდ ადმინისტრატორი იქნება, დომენების რეგისტრაციის სერვისის მომწოდებლები კი, სხვა კომპანები იქნებიან.

მეც მაქვს დომენი, რა უნდა ვქნა?

თუ თქვენ გაქვთ .ge-ზე დაბოლოებული დომენი, მისი ახალ რეგისტრატორთან გადატანა მოგიწევთ.

ამ პროცესს დომენის ტრანსფერი ჰქვია. ტრანსფერი ნებისმიერ ორ რეგისტრატორს შორის შეიძლება მოხდეს. პირობითად, თუ თქვენი დომენი დაარეგისტრირეთ კომპანიაში “abc.ge”, მაგრამ შემდეგ, მოგინდათ მისი გადატანა კომპანიაში “xyz.ge” (ვთქვათ, უკეთესი ფასების გამო) — უნდა მოახდინოთ დომენის ტრანსფერი.

სადღეისოდ, რადგან ყველა .ge დომენის რეგისტრატორი კომპანია კავკასუს ონლაინია (registration.ge) და იგი რეგისტრაციის მომსახურებას აღარ გააგრძელებს, თქვენი დომენის “პატრონად” ახალი რეგისტრატორი კომპანია უნდა აარჩიოთ.

როდის უნდა გადავიტანო დომენი ახალ რეგისტრატორთან?

დომენის ტრანსფერის გაკეთება ახალ რეგისტრატორთან 2018 წლის 16 აპრილის დილის 10 საათიდან, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. თუმცა, ყოველი დომენის გადატანა მხოლოდ მაშინაა სავალდებულო, როდესაც მას რეგისტრაციის გაგრძელების ყოველწლიური გადახდის თარიღი მოუწევს.

მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ დომენი chemikompania.ge, რომელიც დაარეგისტრირეთ 2018 წლის 10 აპრილს, ხოლო მომდევნო გადახდის თარიღი უწევს 2019 წლის 10 აპრილს, შეგიძლიათ, ამ თარიღის დადგომამდე, ეს დომენი კვლავ კავკასუს ონლაინში (registration.ge-ზე) დატოვოთ და წინასწარ არ აიტკიოთ თავი ტრანსფერით.

როდემდე შემიძლია დომენის დატოვება კავკასუს ონლაინში?

დომენის დატოვება შეგიძლიათ მანამ, სანამ ამ დომენს არ მოუწევს რეგისტრაციის გაგრძელებისთვის თანხის გადახდის თარიღი. თუმცა, 2019 წლის 16 აპრილამდე ყველა დომენი აუცილებლად გადატანილი უნდა იყოს ახალ რეგისტრატორთან.

მაგალითად:

  • .GE დომენი დაარეგისტრირეთ 2018 წლის 10 მარტს კავკასუს ონლაინში.
  • გადახდილი გაქვთ 2 წლის ღირებულება, 2020 წლის 10 მარტამდე.
  • 2019 წლის 10 მარტს (16 აპრილის დედლაინამდე) აკეთებთ სავალდებულო ტრანსფერს ახალ რეგისტრატორთან.
  • ტრანსფერის დროს, სავალდებულოდ იხდით კიდევ ერთი წლის ღირებულებას.
  • პროცესის დასრულებისას, თქვენი დომენი გადახდილი იქნება 2021 წლის 10 მარტამდე (ანუ, უკვე გადახდილ დროს, 2020 წლის 10 მარტამდე, ემატება ტრანსფერისას სავალდებულოდ გადახდილი ერთი წლის პერიოდი).

ტრანსფერისას, კავკასუსში უკვე გადახდილი პერიოდის არცერთი დღე დაიკარგება, ტრანსფერის მომენტში დარჩენილი ვადა ახალ რეგისტრატორთან ყველა დომენს “გადაყვება”.

როგორ ხდება დომენის ტრანსფერი ახალ რეგისტრატორთან?

სტანდარტულად, დომენის ტრანსფერის პროცესი საკმაოდ მარტივია. ტრანსფერი უნდა დაიწყოთ იმ კომპანიის საიტზე, რომელიც მიმდინარე მომენტში თქვენი დომენის რეგისტრატორია (ჩვენს შემთხვევაში, კავკასუს ონლაინის registration.ge-ზე), მიუთითოთ, რომელ ახალ რეგისტრატორთან გსურთ დომენის გადატანა და, საბოლოოდ, ეს სურვილი დაადასტუროთ ახალი რეგისტრატორი კომპანიის საიტზე.

დეტალურ ინსტრუქციას, კავკასუს ონლაინი და სხვა, ახალი რეგისტრატორები, 16 აპრილიდან გამოაქვეყნებენ.

რა დამიჯდება ეს ყველაფერი?

დომენების მფლობელებისთვის, დამატებითი ხარჯი, გარდა დომენის სტანდარტული წლიური ღირებულებისა, მინიმალური (ან, ნულოვანი) იქნება.

კავკასუს ონლაინიდან ახალ რეგისტრატორზე დომენის ტრანსფერი უფასო იქნება. ახალ რეგისტრატორთან გადატანისას, მოგიწევთ მხოლოდ ამ დომენის წლიური საფასურის გადახდა, რომელიც, უკვე გადახდილი პერიოდიდან +1 წლის ვადას დაფარავს.

კავკასუს ონლაინის მიერ რეგისტრატორთათვის წაყენებული მოთხოვნით, დომენის ტრანსფერისას, ერთი წლის ღირებულება 30 ლარზე მეტი ვერ იქნება. ტრანსფერის დროს, შეგიძლიათ ამ ფიქსირებული ტარიფით ისარგებლოთ და წინასწარ გადაიხადოთ რამდენიმე წლის ღირებულება, თუ ფიქრობთ, რომ ეს სერვისი შეიძლება გაძვირდეს. რაც შეეხება გაძვირებას:

დომენის ღირებულება გაძვირდება?

ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა, ეს ნაკლებად სავარაუდოა. ადრე თუ ამ სერვისის მომწოდებელი ერთი კომპანია, კავკასუს ონლაინი იყო, მომავალში ბევრი რეგისტრატორი იქნება, რომლებსაც ერთმანეთთან კონკურენცია მოუწევთ. ეს პროცესი კი, ფასებს დაარეგულირებს და, შესაძლოა, ოდნავ შეამციროს კიდეც.

კავკასუს ონლაინისთვის, როგორც ადმინისტრატორისთვის, ახალ რეგისტრატორ კომპანიებს თითო დომენისთვის საშუალოდ 28 ლარის გადახდა მოუწევთ. შესაბამისად, დომენის ფასი მნიშვნელოვნად არ შემცირდება. თუმცა, 30 ლარზე მაღალი ფასით, რეგისტრატორს კონკურენცია გაუჭირდება.

განსხვავებული ფასები დარჩება ორ-სიმბოლოიანი დომენებისთვის. ისეთი მისამართი .ge ზონაში, რომელიც მხოლოდ ორ სიმბოლოს შეიცავს (მაგალითად, On.ge), კვლავ ძვირი ეღირება — კავკასუს ონლაინის დადგენილი ტარიფი ასეთ დომენებზე 800 ლარია; რეგისტრატორების დამატებული მოგებით კი, სავარაუდოდ, მათი ფასი კვლავ 900-ლარიან შუალედში იმერყევებს.

კავკასუს ონლაინი, როგორც ადმინისტრატორი, რეგისტრატორების მხრიდან დემპინგურ ფასებსაც (და პოტენციურ პრომო-აქციებსაც) ზღუდავს. ხელშეკრულების მიხედვით, .ge ზონის (არა-ზოგადი ტიპის) დომენი რეგისტრატორთან 28 ლარზე ნაკლები ვერ ეღირება.

ზოგადი ტიპის დომენებზე რა ხდება?

ყველაფერი ზემოთთქმული ეხება ე.წ. ზოგადი ტიპის დომენებსაც, ანუ, დომენებს რომლებიც ბოლოვდება .com.ge, .net.ge, .org.ge და სხვა სუფიქსებით. თუმცა, მათი ღირებულების ლიმიტები განსხვავებული იქნება.

მაგალითად, ზოგადი ტიპის ერთი დომენისთვის რეგისტრატორს 10 ლარის გადახდა მოუწევს კავკასუს ონლაინისთვის. ასეთი დომენის რეგისტრაციის გაგრძელების ფასიც, კავკასუსიდან ახალ რეგისტრატორთან ტრანსფერის შემდეგ, 12 ლარზე მეტი ვერ იქნება.

ვინ იქნებიან ახალი რეგისტრატორები?

კავკასუს ონლაინის ინფორმაციით, რეგისტრატორობის სურვილი უკვე რამდენიმე კომპანიამ გამოთქვა. მათი ნაწილი, ტექნიკური და იურიდიული საკითხების მოგვარების ეტაპზეა და ბაზარზე მალე გამოჩნდებიან.

16 აპრილიდანვე კი, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს კომპანიები დაიწყებენ ამ სერვისის შეთავაზებას:

რატომ ხდება ეს ცვლილებები?

ამ ცვლილებებით, .GE დომენის რეგისტრაციის, ადმინისტრირების და განკარგვის პრინციპები საერთაშორისო გამოცდილებას უახლოვდება. ახალი რეგისტრატორების გამოჩენა და .ge დომენების რეგისტრაციის წესების ცვლილება, ქვეყანაში ახალ ბაზარს გააჩენს (ან, არსებულ “შავ ბაზარს" დაარეგულირებს).

დიდი ალბათობით, გაიზრდება მომსახურების ხარისხიც — ბაზარზე გამოჩენილი რეგისტრატორები, დომენების რეგისტრაციის, მართვის და ანგარიშსწორების პროცესების გაუმჯობესებით და უკეთესი პირობების შეთავაზებით გაუწევენ ერთმანეთს კონკურენციას, რითაც, მომხმარებელი დარჩება მოგებული.

დომენების ბაზარი რას ნიშნავს?

დომენური სახელების ყიდვა-გაყიდვა, მსოფლიოში უზარმაზარ ბაზარს წარმოადგენს. მოკლე, მარტივად დასამახსოვრებელი ან შინაარსიანი მისამართი, მაღალი ღირებულების მქონე აქტივია.

დომენების ბიზნესით უამრავი კომპანია და ფიზიკური პირია დაკავებული, რაც, მაღალი ხარისხის დომენების რეგისტრაციას (ან, სხვისგან ყიდვას) და შემდეგ, მათთვის მისაღები ფასის გადახდის მსურველზე გადაყიდვას გულისხმობს.

მაგალითად, შეგიძლიათ ნახოთ ბოლო პერიოდში, დომენებით სავაჭრო უმსხვილეს პლატფორმა sedo-ზე გაყიდული ზოგიერთი დომენი და მათი ფასები. აქ კი, ყველა დროის ყველაზე ძვირად გაყიდული დომენებია ჩამოთვლილი (რომელთა ფასებიც საჯაროდაა ცნობილი).

რა უშლიდა ხელს საქართველოში ამ ბაზრის განვითარებას?

აქამდე არსებული წესებით, .ge დომენის გაყიდვა აკრძალული იყო. ასევე, ქართული დომენის ყიდვა შეეძლო მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს, ან საქართველოში დარეგისტრირებულ იურიდიულ პირს.

90-იან წლებში დადგენილი ეს პრინციპები, თავის დროზე, .ge ზონის “გადავსებისგან” დასაცავად შეიქმნა. მაშინდელი გათვლით, ჯერკიდევ ჩანასახის პროცესში მყოფი ქართული ინტერნეტ-საზოგადოება და ინტერნეტ-ბიზნესი, უამრავ ხარისხიან .ge მისამართს დაკარგავდა, თუ მათი რეგისტრაცია მთელი მსოფლიოდან შეეძლებოდათ; ან, თუ ადგილობრივები ბევრი დომენის შესყიდვას და, შემდეგ, ძვირად გადაყიდვას დაიწყებდნენ.

რეალურად კი, დომენების გადაყიდვა მაინც ხდებოდა, ოღონდ, “შავად” — დომენის მფლობელს, მისი ყიდვის მსურველი თანხას იმ შეთანხმებით აძლევდა, რომ იგი გააუქმებდა საკუთარ რეგისტრაციას და, შემდეგ, ყიდვის მსურველი მოასწრებდა გაუქმებული დომენის მის სახელზე აღებას.

დომენების რეგისტრაციას უცხოური კომპანიებიც ახერხებდნენ. ვისაც .ge დომენის რეგისტრაციის სურვილი ჰქონდა, ადგილობრივი იურიდიული და სხვა ორგანიზაციების სახელზე იღებდნენ დომენებს (რამდენიმე გამონაკლისი შემთხვევის გარდა) და მათ უხდიდნენ დომენის “ფლობისთვის” მომსახურების საფასურს.

რა წესები იმოქმედებს მომავალში?

მომავალში, დომენების მფლობელებს არ აეკრძალებათ დომენის გაყიდვა. შედეგად, გამოჩნდება ე.წ. დომენების ბაზრები ან აუქციონები, სადაც დომენის გაყიდვის და ყიდვის მსურველები, იურიდიულად გამართულ და უსაფრთხო ფორმატში შეძლებენ გარიგებების წარმოებას.

ასევე, .ge დომენის რეგისტრაცია ხელმისაწვდომი გახდება მსოფლიოს ყველა ქვეყნის მოქალაქისთვის ან ორგანიზაციისთვის. .ge დაბოლოება განსაკუთრებით მიმზიდველი, შესაძლოა, გერმანული ან გერმანიაზე ორიენტირებული ბიზნესებისთვის იყოს. გერმანიის ოფიციალური ზონაა .de (Deutschland), .ge კი ინგლისურ სახელთან მსგავსების (Germany) და .de-სთან შედარებით, მეტი თავისუფალი მისამართის გამო იქნება მათთვის საინტერესო,

კარგია ეს ყველაფერი?

დომენების, როგორ ბიზნესის განვითარებისთვის, არსებული ცვლილებები ერთმნიშვნელოვნად დადებითი იქნება.

რამდენად შედეგიანი იყო არსებული შეზღუდვები დღევანდელი გადმოსახედიდან და რამდენად სწორი ნაბიჯია მათი გაუქმება — სფეროს წარმომადგენლებს ამის შესახებ არაერთგვაროვანი მოსაზრება აქვთ. ზოგი მიიჩნევს, რომ უცხოური კომპანიებისთვის რეგისტრაციის გახსნა კვლავ საზიანო იქნება, რადგან ისინი ბევრ .ge დომენს დაიკავებენ და, ამით, ადგილობრივ ბიზნესს არჩევანი შეეზღუდება.

სხვების აზრით კი, ის ეკონომიკური სარგებელი, რასაც ამ ბაზრის ამოქმედება მოიტანს, ბევრად აღემატება ზონის "ამოწურვის" საფრთხეს. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ინტერნეტ-ბაზარი აღარ არის ახალბედა, დომენების არცისე მცირე ნაწილი უკვე დაკავებულია და, მომავალშიც, კომპანიას შეეძლება სასურველი დომენის შეძენა, ოღონდ “ხარისხიან” მისამართებში მეტის გადახდა მოუწევს, როგორც ეს მრავალ სხვა ზონაში ხდება.

გვითხარით კომენტარებში, თქვენ რას ფიქრობთ ამ ცვლილებებზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ფორმულამ" 4 ოქტომბრის მონაცემებით Edison Research-ის კვლევის შედეგი გაასაჯაროვა
  2. აშშ-ის ავიაციამ იემენი დაბომბა
  3. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  4. ირანის სულიერი ლიდერი: გამარჯვება მოდის ალაჰისგან და ის ახლოსაა
  5. ისრაელმა დამასკოში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩო დაბომბა — არის მსხვერპლი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილი, ქალზე ძალადობის ბრალდებით, დამნაშავედ ცნეს

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ქალზე ძალადობაში ბრალდებული 29 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების…