ოჯახური ტრადიციიდან ოჯახის ტრაგედიამდე - ტყიბულელი მეშახტეების ცხოვრება
ტრაგიკულმა მოვლენებმა ტყიბულში, ბოლო 11 თვეში 11 ოჯახის ცხოვრება შეიცვალა. გარდაცვლილები სტატისტიკის ნაწილი ხდებიან და როგორც წესი, მათ შესახებ საზოგადოებას მწირი ინფორმაცია აქვს. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა 5 აპრილს მოხდა. ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტის ჩამოშლის დროს 6 ადამიანი გარდაიცვალა, 3 - დაშავდა. გამოძიების დეტალები ამ ეტაპამდე უცნობია. დაღუპულებისათვის პატივის მისაგებად ტყიბულში 9 აპრილს მდუმარე აქცია გაიმართა. ამ მოვლენების გასაშუქებლად და მეშახტეების ისტორიების მოსასმენად On.ge ტყიბულში ჩავიდა.
"ტყიბულში ყველა მეშახტეა", - ესაა პასუხი, რომელსაც ადგილობრივები მეშახტეებთან შეხვედრის მსურველებს პასუხობენ. ამის მიუხედავად, რთულია ქალაქში იპოვო ადამიანი, რომელიც მეშახტის ცხოვრებაზე ისაუბრებს. ჰგონიათ, რომ აზრი არ აქვს, არაფერი შეიცვლება.
ისინი, ვინც საუბარს თანხმდებიან ამბობენ, რომ ტყიბულში მეშახტეობა საოჯახო პროფესიაა, რომელიც მემკვიდრეობით თაობებს გადაეცემათ. ოჯახის წევრების შახტში გაგზავნა ეშინიათ, თუმცა სხვა გზა არ აქვთ.
ქალაქში უჩვეულო სიჩუმეა. არ ისმის რესტორნებიდან გამომავალი მუსიკის ხმა, მანქანებით გადატვირთული გზიდან მომავალი ხმაური, ქუჩებში მოსეირნე ხალხის საუბარი.
სიჩუმეა მინდელის სახელობის შახტასთანაც, სადაც ქალაქის ცენტრიდან რამდენიმე წუთში მოხვდებით. სამეწარმეო პროცესი შეჩერებულია. საქნახშირის კუთვნილ ტერიტორიაზე მხოლოდ დაცვის თანამშრომელი დგას.
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
შახტის ზევით ძველი შენობაა, რომელსაც ადგილობრივები მეშახტეების საერთო საცხოვრებელს ეძახიან. კორპუსის ფანჯრები შახტს გადმოჰყურებს. რესპონდენტის პოვნა აქაც რთულია.
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
კორპუსის სადარბაზოს კედლის ხვრელებიდან შემოსული მზის შუქი ანათებს. სადარბაზო ყვავილებითაა მორთული. დერეფნის ბოლოს გამეზარდაშვილების ოჯახი ცხოვრობს, სადაც დაღუპულ შვილს გლოვობდნენ.
გამეზარდაშვილების ოჯახის მემკვიდრეობითი პროფესია
25 წლის პავლე გამეზარდაშვილი შახტში 2 ძმასთან ერთად მუშაობდა. 5 აპრილს, გამთენიას 4 საათზე მისი ცვლა მთავრდებოდა და ძმას უნდა შეეცვალა.
17-18 წლისაც არ იყო ბოვში. რა ვქნათ მამა, რომ არ ვიმუშავოთო. გამოვიდა სკოლიდან და ჩავიდა შახტში. იმუშავა სადღაც რვა წელიწადი
2010 წლამდე პავლეს მამაც მეშახტე იყო. ერთ სამუშაო დღეს, ბურღვის დროს ჭერი ჩამოინგრა, ნანგრევების ქვეშ მოყვა და ტრავმა მიიღო. ოპერაციის შემდეგ მუშაობის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
"ამ დროს ჩემი ბიჭი [პავლე] მეათე კლასში იყო, 17-18 წლისაც არ იყო ბოვში. რა ვქნათ, მამა, რომ არ ვიმუშავოთო. გამოვიდა სკოლიდან და ჩავიდა შახტში. იმუშავა სადღაც რვა წელიწადი. 25 წლის იყო პავლე და მოხდა იმნაირი უბედურება, ისეთი ტრაგედია. ჩემ ბოვშთან ერთად 6 კაცი გაქრა", - ამბობს პავლეს მამა, გურამ გამეზარდაშვილი.
კითხვაზე, აპირებენ თუ არა ამ შემთხვევის შემდეგ მისი შვილები შახტში დაბრუნებას გარდაცვლილის მამა პასუხობს: "რა ქნან, რა?! ტყიბულში არ არსებობს სხვა სამუშაო, რომ ოჯახი და ცოლ-შვილი არჩინონ. არ არის მეტი გასაქანი."
პავლეს უფროსი ძმა კი ამბობს, რომ ამ საქმის გამოძიებას აპირებს და მერე გადაწყვეტს გააგრძელებს თუ არა შახტში მუშაობას.
შახტის ჩამოშლას გურამ გამეზარდაშვილი უსაფრთხოების ზომების დარღვევას არ აბრალებს. აღნიშნავს, რომ შახტში პირობები დაცულია და უბედური შემთხვევები სხვადასხვა მიზეზებით ხდება:
"შახტა, მაღარო და ფერო არის ძალიან სახიფათო სამუშაო. ყველაფერი უსაფრთხოებას, რომ დავაბრალოთ არ არი საქმე მაგნაირად."
სიკვდილს თვალებში უნდა ვუყუროთ
"ასეთი საქმე მაქვს, სიკვდილს თვალებში უნდა ვუყუროთ, მაგრამ სხვა რა გზაა, ცხოვრება ხომ გვინდა", - ამბობს გადარჩენილი მეშახტე, მურმან აშოთია თავის პროფესიაზე.
მურმან აშოთია ტყიბულელი მეშახტეა. მინდელის სახელობის შახტში მუშაობს. ყოველდღიურად სახლიდან გადის და პენსიონერი დედისთვის წამლების საყიდლად შახტში ჩადის, საკუთარ თავის ასრულებს, კონვეიერებს ტვირთავს. ცვლას აბარებს და სახლში ბრუნდება. 5 აპრილს შახტის ჩამონგრევამ მის გეგმები შეეცვალა.
მურმანი იმ ღამეს პავლესთან ერთად შახტში მუშაობდა. უჭირს გახსენება როგორ ჩამოიშალა შახტი. თუმცა ახსოვს, რომ ვერაფერს ხედავდა და არაფერი ესმოდა: "ვიფიქრე, ვკვდები. ბევრი დრო აღარ მქონდა".
მან თანამშრომლების გარდაცვალების შესახებ საავადმყოფოში გაიგო.
ადამიანები სიკვდილს ეთამაშებიან საჭმლის ფულის გამო. იქ, რომ კაცი შევა უკან გამოვა თუ არა მარტო ღმერთმა იცის.
"ხელზე ვიღებ 950 ლარს და სიკვდილს თვალებში ვუყურებ. მნგრეველებს 200 ლარით ჩემზე მეტი ხელფასი აქვთ და ბურღი უჭირავთ ხელში. ადამიანები სიკვდილს ეთამაშებიან საჭმლის ფულის გამო. იქ, რომ კაცი შევა უკან გამოვა თუ არა მარტო ღმერთმა იცის. თავად არ იცის სახლში დაბრუნდება თუ ვერა. ჩემი ამხანაგები ვერ გამოვიდნენ", - ამბობს აშოთია.
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
უსაფრთხოების ზომებზე ის ამბობს, რომ "მეტ-ნაკლებად დაცულია", სხვა შემთხვევაში კი უფრო მეტი ავარია მოხდებოდა. თუმცა ფიქრობს, რომ სამთო ინსპექცია უფრო ხშირად უნდა ამოწმებდეს ობიექტს და გაფრთხილების გარეშე უნდა ჰქონდეს შახტაზე მისვლის უფლება.
შახტში მუშაობის გაგრძელებაზე მურმანიც პავლეს მამის მსგავსად პასუხობს: "სხვა რა გზა მაქვს, რა? სად წავიდე? პენსიონერი დედა მყავს, ოპერაცია გოუკეთე და მეშახტის პოლისი გამომადგა. რომ წამოვიდე, რითი ვარჩინო და ვუმკურნალო. მე მარტო დედა მყავს და დიდი ოჯახები, ვისაც აქვთ იმათ რა ქნან? ტყიბულში მეტი სამუშაო არაფერი არაა."
სამსახურის გარეშეც ვერ დავრჩები
გიგა გურგენიძე 19 წლის არის. ის ამბობს, რომ ტყიბულის რეალობა ახალგაზრდების გადინებას იწვევს:
აქ რას უნდა მივაღწიოთ, რა მომავალი გვაქვს თავზე მიწის ჩამოშლის გარდა
"საღამოს რვა საათზე გამოხედე ტყიბულს და გაიგებ სხვა რა პერსპექტივა არის. ყველაფერი ჩამკვდარი და გაუბედურებულია. აქ რას უნდა მივაღწიოთ, რა მომავალი გვაქვს თავზე მიწის ჩამოშლის გარდა."
საუბარი უნდა, მაგრამ პრობლემები რომ არ შეექმნას, თავს იკავებს 58 წლის გია. სახელი მისი თხოვნით შეცვლილია.
"რაც თავი მახსოვს ამ შახტში ვმუშაობდი, 17 წლიდან. დაბერდიო, გამომიშვეს. მეტი არაფერი ამ ქალაქში არ ხდება, რითი ვარჩინო ოჯახი, მკითხა ვინმემ? ვიცი, რომ კვდება ხალხი იქ და საშიშია, მაგრამ სამსახურის გარეშეც ვერ დავრჩები დიდი ხანი ცოცხალი", - ამბობს ის.
"პრობლემებზე საუბრით ამ რეალობას ვერ შეცვლი", - ფიქრობს კიდევ ერთი მეშახტე, რომელის ახლობლებიც რამდენიმე დღის წინ შახტში მუშაობის დროს დაიღუპნენ.
"მეშახტე ვარ, შახტში ვმუშაობ, სხვაგან სად ვიმუშავებ, შვილო. ვინც მოკვდენ ჩემი ახლობლები იყვნენ. რა აზრი აქვს, ხალხმა რომც გაიგოს, რა შეიცვლება? ტყიბული მარტო შახტის ჩამოშლისას გახსენდებათ", - ამბობს ის და ჭირისუფლების რიგს შეუერთდა.
კომპენსაცია მიიღეს და დამთავრდა
2018 წლის 10 მაისს ერთი წელი გადის მას შემდეგ, რაც ტყიბულში მწყობრიდან გამოსული ტექნიკის გამო, ოთხი მეშახტე სიმაღლიდან გადავარდა და გარდაიცვალა. როგორ ცხოვრობენ გარდაცვლილების ოჯახის წევრები - ამაზე არ საუბრობენ. On.ge-სთან საუბარში ოჯახის ახლობლები ამბობენ, რომ საქნახშირმა მათ კომპენსაცია გადაუხადა და დაასაქმა, რის გამოც ჩუმად არიან.
"ინტერვიუს არ თანმხდებიან, ჩვენთანაც კი არ სურთ ლაპარაკი, კომპენსაცია მიიღეს და დამთავრდა. ეშინიათ, სამსახურის დაკარგვის", - ამბობს გიგა ისაკაძე, ტყიბულის მეშახტეთა პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომელიც საქნახშირში ტრანსპორტის უბნის უფროსის თანაშემწედ მუშაობს.
მისივე თქმით, ერთ-ერთი გარდაცვლილის ოჯახის წევრი ახლა შახტის უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს.
დუმილით დატირება
დუმილითვე გამოხატეს გლოვა და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას ტყიბულილებმა. მეშახტების გასვენების წინა ღამეს, 9 აპრილს ტყიბულის საკრებულოს შენობასთან საერთო სახალხო გლოვა გაიმართა. საკრებულოსთან შეკრებილებმა გარდაცვლილების ოჯახის წევრებთან ერთად ყვავილებით შეამკეს მეშახტის ქუდი და სანთლები დაანთეს .
10 აპრილს, ტყიბულში იმაზე უჩვეულო სიჩუმე იყო, ვიდრე წინა დღეებში. 10 აპრილს 5 მეშახტე გაასვენეს. ყვავილების მაღაზიასთან რამდენიმე საათიანი რიგის შემდეგ გასაყიდი ყვავილები აღარ დარჩა.
კომენტარები