საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ გიორგი გაბუნიას დისკრიმინაციის პრინციპი არ დაურღვევია.

გაბუნიას წინააღმდეგ განცხადება თორნიკე კაკალაშვილმა შეიტანა, რომელიც მიიჩნევდა რომ გადაცემა P.S-ის ეთერში მისი ტექსი იესოს შესახებ, ქარტიის მეშვიდე პრინციპის დარღვევაა.

ქარტიის გადაწყვეტილებით, გიორგი გაბუნიას არ დაურღვევია მეშვიდე პრინციპი, რომლის თანახმადაც ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე, ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.

18 მარტს გადაცემა P.S.-ში აჭარიდან ხეების გადატანაზე საუბრისას, გიორგი გაბუნიამ იესო ქრისტეს ჯვარცმაზე ისაუბრა. მის განცხადებას ნეონაცისტურ დაჯგუფება ქართულ მარში აგრესია მოყვა. არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ამ განცხადების გამო გაბუნიას საყვედური გამოუცხადდა. გაბუნიამ კი აღნიშნა, რომ ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

გიორგი გაბუნიას მიმართ მუქარის შემცველ განცხადებებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.