რა არის ბიომრავალფეროვნება და რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის?
ჰაერი რომელსაც სუნთქავ, წყალი რომელსაც სვამ და საჭმელი რომელსაც მიირთმევ - ბიომრავალფეროვნებაზეა დამოკიდებული, რომელიც ამჟამად, ჩვენს გამო საფრთხეშია. რას ნიშნავს ეს ჩვენი მომავლისთვის და როგორ შეგვიძლია მისი შეჩერება?
რა არის ბიომრავალფეროვნება?
ეს იგივე სიცოცხლის მრავალფეროვნებაა დედამიწაზე, მისი ყოვლგვარი ფორმითა და ამ ფორმების ურთიერთკავშირით. თუკი ეს განმარტება დამაბნევლად ყოვლისმომცველი გეჩვენებათ, ნუ დაიბნევით, ბიომრავალფეროვნება მართლაც ასეთია. იგი ჩვენი პლანეტის ყველაზე უფრო კომპლექსური და ამასთანავე უმნიშვნელოვანესი შემადგენელია. ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, დევიდ მაკდონადის თქმით: "ბიომრავალფეროვნების გარეშე კაცობრიობას მომავალი არ აქვს"
ტერმინი 1985 წელს, "ბიოლოგიური მრავალფეროვნების" შეერთებით მიიღეს, თუმცა, დღეისათვის, ბიომრავალფეროვნების გლობალური დანაკარგების გამო, იგი ისეთ მასშტაბურ კრიზისად იქცა, რომელიც კლიმატის ცვლილებას უტოლდება ან შესაძლოა აჭარბებს კიდეც.
ფორმალური განმარტების მიხედვით, ბიომრავლფეროვნება რამდენიმე საფეხურისგან შედგება; პირველია გენები, შემდეგ ცალკეული სახეობები, ცხოველთა ჯგუფები და ბოლოს, მთლიანი ეკოსისტემები - ისეთები, როგორიცაა ტყეები ან მარჯნის რიფები, სადაც სიცოცხლე ფიზიკურ გარემოსთან არის ურთიერთკავშირში. სწორედ ამ უთვალავი ურთიერთქმედების შედეგები ქმნიდნენ დედამიწაზე საციცოცხლოდ ვარგის გარემოს მილიარდობით წლის განმავლობაში.
თუკი ბიომრავალფეროვნებას ფილოსოფიის კუთხიდან შევხედავთ, მაშინ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი წარმაოდგენს მილიონობით წლის განმავლობაში, სხვადასხვა სახეობების ევოლუციის პროცესის შედეგად დაგროვილ ცოდნას, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადარჩე გარემოს რადიკალური ცლილებების დროს - ეს უკანასკნელი კი დედამიწამ არაერთხელ განიცადა. ექსპერტები კი გვაფრთხილებენ, რომ დღეს, კაცობრიობა, სწორედ ამ ცოდნას, ანუ "სიცოცხლის ბიბლიოთეკას ანადგურებს".
რამდენად მნიშვნელოვანია ცხოველები და მწერები ჩემთვის?
ქალაქებში მაცხოვრებელი უამარავი ადამიანისთვის, ველური ბუნება ხშირად მხოლოდ ტელევიზორში ნაჩვენებ გადაცემებთან ასოცირდება. თუმცა, სინამდვილეში ჰაერი რომელსაც სუნთქავ, წყალი რომელსაც სვამ და საჭმელს რომელსაც მიირთმევ - ბიომრავალფეროვნებაზეა დამოკიდებული. ზოგიერთი მაგალითი აშკარაა: მცენარეების გარეშე არ გვექნებოდა ჟანგბადი, ხოლო ფუტკრების გარეშე კი, ვერ მოხდებოდა დამტვერვა - შესაბამისად არ იქნებოდა ხილი.
ზოგიერთი ნაკლებად თვალსაჩინოა: მათთვის ვინც სანაპიროზე ცხოვრობს, მარჯნის რიფები და მანგროს ტყეები, უმნიშვნელოვანეს დაცვის ბარიერებს ქმნიან ციკლონებისა და ცუნამების წინააღმდეგ, ხოლო ქალაქებში არსებული ხეები, დაბინძურებული ჰაერის გადამუშავებას ახდენენ.
ზოგიერთი მაგალით კი მეტად უცნაურია: ტროპიკული კუებსა და ობობასმაგვარ მაიმუნებს (კოატებს) ერთი შეხედვით არაფერი აქვთ საერთო კლიმატის სტაბილურების შენარჩუნებასთან, თუმცა, თუკი ჩავუღრმავდებით, აღმოჩნდება, რომ დიდი, ფართოფოთლოვანი ხეები, რომლებიც ყველაზე ეფექტურად გადაამუშავებენ ნახშიროჟანგს, დამოკიდებულები არიან ამ ხილისმჭამელ ცხოველებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ მათი თესლის გავრცელებას.
მეცნიერები, ცალკეული ეკოსისტემის შესწავლისას, უამრავ ასეთ ურთიერთკავშირს აწყდებიან, რომელიც ევოლუციის შედეგად, მილიონობით წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა. თუკი ეს ეკოსისტემები დაზიანებული არ არის, მაშინ ისინი დაბალანსებულ და ჯანსაღ სისტემებად ყალიბდებიან, რითიც ხელს უწყობენ პლანეტაზე მდგრადი გარემოს შექმნას.
მდიდარ ბიომრავალფეროვნებას პირდაპირი სარგებელი მოაქვს ადამიანებისთვისაც. უამრავი ახალი წამალი, პირდაპირ ბუნებიდან არის აღებული; მაგალითად, აღმოჩნდა, რომ სოკო, რომელიც ზარმაცას ბეწვზე იზრდება, შესაძლოა გამოყენებულ იქნას კიბოსთან საბრძოლველად. ასევე მნიშვნელოვანია მოშინაურებული ცხოველებისა და გაკულტურებული მცენარეების როლი, რომელთა მეშვეობით მოხდა და ხდება გვალვებთან ან მარილიან ნიადაგებთან გამკლავება.
და თუკი ფულია მთავარი საზომი, მაშინ უნდა აღვნიშნოთ, რომ ეკოსისტემების მიერ მოწოდებული სერვისი, ტრილიონობით დოლარად არის შეფასებული და მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელს ორჯერ აჭარბებს. ბიომრავალფეროვნების შემცირება, მხოლოდ ევროპაში, კონტინენტს მთლიანი შიდა პროდუქტის 3% უჯდება, რაც ყოველწლიურად €450 მილიონს შეადგენს.
ესთეტიკური გადმოსახედიდან კი, სიცოცხლის მილიონობით სახეობიდან, თითოეული მათგანი უნიკალურია, ბუნების ხელოვნების ნიმუში, რომლის დაკარგვის შემთხვევაში ხელახლა შექმნა შეუძლებელია. პროფესორ ედვარდ ო. უილსონი, რომელსაც ხშირად "ბიომრავალფეროვნების მამას" უწოდებენ, მის 1985 წლის სასემინარო სტატიაში წერს: "თითოეული ორგანიზმი ინფორმაციულად უფრო მდიდარია ვიდრე კარავაჯოს ნახატი, ბახის ფუგა ან ნებისმიერი სხვა შესანიშნავი ნაწარმოები".
რამდენად მრავალფეროვანია ბიომრავალფეროვნება?
გასაოცრად მრავალფეროვანია! ყველაზე მარტივი მაგალითი მისი სახეობებია. ამჟამად, აღწერილია 1.7 მილიონამდე ცხოველთა, მცენარეთა და სოკოთა სახეობა, თუმცა, ვარაუდობენ, რომ მათი რაოდენობა 8-9 მილიონს შეადგენს, სხვა, არცთუ უსაფუძვლო ვარაუდით კი, შესაძლებელია სულაც 100 მილიონსაც აჭარბებდეს. ბიომრავალფეროვნების გული ტროპიკებშია, რომელიც სავსეა ცხოველთა და მცენარეთა სხვადასხვა სახეობებით. მაგალითად, ბორნეოს ტყის 15 ჰექტარ ტერიტორიაზე, 700 სხვადასხვა სახეობის ხეა - იგივე რაოდენობა რაც მთლიან ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე.
ახალი კვლევა, რომელიც ბიომრავალფეროვნებას გენეტიკურ დონეზე სწავლობს, ვარაუდობს, რომ არსებები, რომლებსაც ერთ სახეობას მივაკუთვნებდით, გარკვეულ შემთხვევეში ათეულობით სახეობებად იშლება. ამას დავუმატოთ ბაქტერიები და ვირუსები და აღმოჩნდება, რომ განსხვავებულ ორგანიზმთა რაოდენობა თავისუფლად შეიძლება მილიარდებს აღწევდეს. აი შთამბეჭდავი მაგალითიც: ერთი სუფრის კოვზი მიწა - რომელიც მთლიანი საკვების 90%-ის წყაროა - 10 000-დან 50 000 განსხვავებულ ბაქტერიას შეიცავს.
შემაშფოთებელი კი ის არის, რომ უამრავი სახეობა მანამდე ქრება სანამ აღმოვაჩენთ, ან შევისწავლით მათ როლს სიცოცხლის ქსელში.
რამდენად ცუდია ეს?
ძალიან ცუდია! ყველაზე კარგად შესწავლილი ცხოველები - დიდი ძუძუმწოვრები არიან. მაგალითად, ვეფხვებს რიცხვი, უკანასკნელი ერთი საუკუნის განმავლობაში, 97%-ით შემცირდა. ბევრგან, ისეთი დიდი ცხოველები, როგორიც იყო დოდო ან მამონტი, ადამიანის ჩარევის შედეგად, საერთოდ გადაშენდა.
ვარაუდობენ, რომ სახეობათა გადაშენების სიხშირე 1000-ჯერ გაიზარდა მას შემდეგ, რაც ადამიანი გაბატონდა პლანეტაზე. ამ მონაცემის მიხედვით, გადაშენების სისწრაფე, 65 მლნ წლის წინ, მეტეორიტის დაცემის შედეგად გამოწვეული დინოზავრების გადაშენების სისწრაფესაც კი აჭარბებს. მეცნიერების ნაწილი კი თვლის, რომ გეოლოგიურ ისტორიაში მეექვსე დიდი გადაშენება უკვე დაწყებულია.
მონაცემთა სიმცირის გამო, ბუნების კონსერვაციის საერთაშორისო კავშირის მიერ შექმნილ წითელ წიგნში, არსებული სახეობების მხოლოდ 5%-ია შეფასებული, თუმცა, უამრავი მათგანი - ძუძუმწოვრების 25%, ამფიბიების 41% და ფრინველების 13% - გადაშენების საფრთხის წინაშეა.
ბიომრავალფეროვნების განადგურების შესახებ, სახეობათა გადაშენება, მკაფიო, თუმცა ვიწრო სურათს წარმოგვიდგენს - კონკრეტული სახეობის უკანასკნელი წარმომადგენლის გაქრობა, თავისთავად იშვიათი მოვლენაა, თუმცა, კვლევების გვიჩვენებს, რომ დედამიწაზე ცხოველთა მთლიანი რაოდენობაც მცირდება, მათ შორის ყველაზე მეტად გავრცელებულებისაც კი.
შედეგები კი საკმაოდ სახიფათოა. პლანეტის მასშტაბით მილიარდობით ინდივიდუალური პოპულაცია განადგურდა, შედეგად კი, დედამიწაზე, ველურ გარემოში, ცხოველთა რაოდენობა 1970 წლის შემდეგ, განახევრდა. მკვლევარებმა მიატოვეს მშვიდი, სამეცნიერო სტატიებისთვის დამახასიათებელი ენით საუბარი და პირდაპირ აცხადებენ, რომ ველური ბუნების მასიური შემცირება "ბიოლოგიური ანიჰილაციაა", რომელიც წარმოადგენს "სახიფათო დარტყმას ადამიანური ცივილიზაციის საფუძველებზე".
რა ხდება წყალქვეშ?
ადამიანებს შეიძლება არ აქვთ ლაყუჩები, მაგრამ ეს ფაქტი წყალქვეშა ცხოვრებას ვერ იცავს. სიტუაცია ხმელეთთან შედარებით უკეთესი ნამდვილად არ არის და სავარაუდოდ ნაკლებადაც გვესმის დედამიწის 2/3-ში მიმდინარე მოვლენები. ზღვის პორდუქტები, დედამიწის 2,5 მილიარდზე მეტი მაცხოვრებლისთვის, პროტეინის უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს, თუმცა, განუხრელად მზარდმა გადამეტებულმა თევზჭერამ, რომლის პიკიც 1996 წელს დაფიქსირდა, ნადავლის რაოდენობის განუხრელი შემცირება გამოიწვია. დღეისათვის, ინდუსტრიული თევზჭერა მსოფლიო ოკეანის ნახევარზე მეტს ფარავს.
და ხოჭოები? ტარაკნებს ხომ ყველა სიტუაციაში შეუძლიათ გადარჩენა?
ჩვენთვის ცნობილი არსებების 95% უხერხემლოა; მხოლოდ მოკლეზედაფრთიანი ხოჭოების სახეობების რაოდენობა, ყველა ხერხემლიანის - ძუძუმწოვრების, ფრინველებისა და თევზების სახეობეათა ჯამს უტოლდება. მთლიანობაში, მწერების დაახლოებით მილიონამდე სახეობა არსებობს, რომელსაც დანარჩენი 300 000-მდე უხერხემლო ემატება - ობობების, მოლუსკებისა და კიბროჩხალების სახით.
თუმცა, უკანასკნელი კვლევის მიხედვით, გერმანიაში და სავარაუდოდ სხვაგანაც, მფრინავი მწერების რაოდენობა 75%-ით შემცირდა. როგორც ჩანს, ბიომრავალფეროვნების განადგურების პროცესს არც მწერებისთვის აუვლია გვერდი. მწერების არსებობა კი მართლაც მნიშვნელოვანია, როგორც დამტვერიანებისთვის, ასევე პარაზიტებთან საბრძოლველად ან ნარჩენების დასაშლელად. ამასთან ერთად, მწერები უამრავი ეკოსისტემის საკვები ჯაჭვის მნიშვნელოვან რგოლსაც შეადგენენ.
"თუკი ჩვენ მწერებს დავკარგავთ, მაშინ ყველაფერი ჩამოიშლება", ამბობს სასექსის უნივერსიტეტის პროფესორი, დევიდ გოლსონი. "ამჟამად, ჩვენ კურსი ეკოლოგიური არმაგედონისკენ გვაქვს აღებული".
სხვათაშორის, საზიზღარი პარაზიტების არსებობაც კი უმნიშვნელოვანესია, თუმცა მათი 2/3 შესაძლოა კლიმატის ცვლილებას შეეწიროს. მეცნიერები კი გვაფრთხილებენ, რომ ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა ეკოსისტემების დესტაბილიზაცია მოხდეს, რაც გადარჩენილი პარაზიტების ახალ არეალებზე გავრცელებას გამოიწვევს.
რა იწვევს ბიომრავალფეროვნების განადგურებას?
ჩვენ. უფრო ზუსტად კი მოსახლეობის ზრდა და ახალი არეალების ათვისება სოფლის მეურნების, განაშენიანებისა და ინდუსტრიული მიზნებისთვის. ხშირად, პირველი ნაბიჯი ტყის ჭრაა, რის გამოც, მხოლოდ 2016 წელს, 30მლნ ჰექტარი (საქრთველოს ტერიტორიაზე 4-ჯერ მეტი ფართობი) ტყე გაიჩეხა მთელს მსოფლიოში.
სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებად ბრაკონიერობა და შეუჩერებელი ნადირობა გვევლინება, რომლის შედეგადაც ძუძუმწოვრების 300-ზე მეტი სახეობა, მათ შორის შიმპანზეები, ბეჰემოტები და ღამურები, საჭმლის მოპოვები მიზნით, გადაშენებამდე იხოცებიან.
ასევე მომაკვდინებელი საფრთხეა დაბინძურება. გრძელვადიანი ინდუსტრიული ნარჩენები სერიოზულ ზიანს აყენებს ცელნამგალა ვეშაპებსა დელფინებს. დამატებითი ზიანი მოაქვს გლობალურ ვაჭრობასაც: ამფიბიების რიცხვი დრამატულად მცირდება სოკოვანი დაავადებების გამო, რომლებიც, დიდი ალბათობით, ცხოველთა ვაჭრობით ვრცელდება. გლობალური ნაოსნობის ზრდასთან ერთად კი, გაიზარდა მავნებელ ცხოველების, ძირითადად ვირთხების, გავრცელების არეალებიც.
ყველაზე მძლავრი დარტყმა კი მდინარეებსა და ტბებზე მოდის. მტკანრი წყლების ცხოველების რიცხვი 1970 წლის შემდეგ, 81% ით არის შემცირებული, რაც ძირითადად წყლის ინდუსტრიული, სასოფლო სამეურნეო და საყოფაცხოვრებო მიზნებით გამყენების შედეგია.
შესაძლება რომ ბიომრავალფეროვნების დაკარგვა უფრო საშიში აღმოჩნდეს კაცობრიობისთვის ვიდრე კლიმატის ცვლილება?
დიახ - ადამიანის აქტივობა ყველაზე მეტად ბიომრავალფეროვნებაზე აისახება. კლიმატის ცვლილება, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება საუკუნეები ან ათასწლეულები დაჭირდეს, მაინც შექცევადი პროცესია, მაგრამ გადაშენებული სახეობების უკან დაბრუნება შეუძლებელია. განსაკუთრებით კი იმ სახეობების, რომლებიც მეცნიერებს ჯერ არ შეუსწავლიად, ან არც კი აღმოუჩენიათ.
დღეისათვის, ჩვენ არ ვიცით თუ რა ოდენობის ბიომრავალფეროვნების დაკარგვაა შესაძლებელი ისე, რომ ეკოლოგიური კოლაფსის ჯაჭვური რეაქცია არ გმოიწვიოს. თუმცა, ერთ-ერთი მიდგომით, მოხდა ეგრედწოდებული "პლანეტარული ზღვრების" დადგენა და რომელიც მასში შესული 9 სისტემის მდგომარეობის განსაზღვრით ახდენს "კაცობრიობისთვის უსაფრთხო საარსებო სივრცის" გაანგარიშებას. როგორც აღმოჩნდა, CO2-ის მატების, მტკანრი წყლის მოხმარებისა და ოზონის შრის გაფართოებისგან განსხვავებით, ბიომრავალფეროვნების დაკარგვამ და აზოტით დაბინძურებამ უკვე გადაკვეთეს კრიტიკული ზღვარი.
რა შეიძლება გაკეთდეს?
მისცე ბუნებას სივრცე და უზრუნველყო მისი დაცვა - ეს არის პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა. ველური ბუნების ნაკრძალები პრობლემის გადაჭრის ნათელი მაგალითია. მსოფლიოში, ამჟამად, ხმელეთის 15%, ხოლო ოკეანის 7%-ია დაცული. თუმცა, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, შედეგის მისაღებად, ბუნებას ხმელეთის ნახევარი მაინც უნდა დაეთმოს.
ეს ყველაფერი კი, კიდევ უფრო რთული ხდება მოსახლეობის ზრდის ფონზე. ველური ბუნების ნაკრძალები გამოუსადეგარია თუკი ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებას აფერხებს. ამის საუკეთესო მაგალითი აფრიკაში, სპილოებსა და მარტორქებზე გაჩაღებული ბრაკონიერობაა. პრობლემის გადასაჭრელად მთავარია როგორმე ცოცხალი ცხოველის ღრებულება გაიზარდოს, რაც შეამცირებს მათზე ნადირობის მოტივაციას. ამის განხორციელება ტურიზმის განვითარებით ან ადგილობრივი მოსახლეობისისთვის მტაცებლებისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურებით შეიძლება.
თუმცა, მსგავსი მიდგომაც რთული არჩევანის წინაშე გვაყენებს; სამონადირეო ტურიზმის არსებობა ბევრისთვის ის წითელი ხაზია, რომელიც არ უნდა გადაიკვეთოს. მაგრამ, უნდა იყოს თუ არა იგი ნებადართული იმ შემთხვევაში, თუკი კონტროლს დაექვემდებარება და მხოლოდ ბებერ ცხოველებს შეეხებათ, ხოლო შემოსული თანხა ნაკრძალის ტერიტორიების გაფართოებასა და მოწყობას მოხმარდება? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ბევრისთვის რთულია.
ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში ყოველ ჩვენთაგანს შეუძლია ჩართვა. ბუნების დიდი ნაწილი მიწის სამეურნეო მიზნებით გამოყენებისას ნადგურდება, როდესაც ხდება მისი ათვისება საძოვრების მოსაწყობად, სოიოს, პალმის ზეთის, ტყავის ან ხე ტყის დასამზადებლად. უმეტესობა ჩვენგანი, აღნიშნულ პროდუქციას ყოველდღიურად მოვიხმართ - მაგალითად, შეგვიძლია პალმის ზეთი უამრავ საკვებ პროდუქტში ან პარფიუმერიის ნაწარმში აღმოვაჩინოთ. მსგავსი პროდუქციის მოხმარებისას, მდგრადი არჩევანის გაკეთებით და ნაკლები ხორცის, განსაკუთრებით საქონლის ხორცის მოხმარებით კი, შეგგვიძლია ხელი შევუწყოთ დადებითი პროცესების განვითარებას.
კიდევ ერთი მიდგომა ბიომრავალფეროვნების ფასეულობის ხაზგასმაში მდგომარეობს, რომელიც ეკოსისტემის სიკეთეების ფინანსური ღირებულების, როგორც "ბუნების კაპიტალის" ფინანსური გაანგარიშებით ხდება. ბოლო 20 წლის განმავლობაში, ნიუ იორკმა, ბუნებრივი წყალგამყოფის დასაცავად, რომელიც ქალაქს სამელი წყლით ამარაგებს, 2 მილიარდი დოლარი დახარჯა. იგი იმდენად კარგად მუშაობს, რომ წყლის 90% დამატებით ფილტრაციას აღარ საჭიროებს და სასმელად ვარგისია. რაც მთავარია, წყლის გამფილტრავი რეზერვუარის აშენება და ინფრასტრუქტურის მოწყობა, ქალქს 10 მილიარდი დოლარი დაუჯდებოდა.
და აწი რა გეგმებია?
უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა კრიტიკული წერტილის დადგენა, რის შემდეგაც ბიომრავალფეროვნების შემცირება ეკოლოგიურ კოლაფსს გამოიწვევს. ბიომრავალფეროვნება ძალიან ფართო საკითხია, ხოლო მის შესასწავლად გამოყოფილი რესურსი კი მცირე. თუმცა, მნიშვნელოვანი დახმარება შეიძლება გაგვიწიოს მონაცემთა (დ)აჩქარებულმა ანალიზმა, როგორც მანქანური დასწავლის საშუალებით ორგანიზმების ავტომატურმა ამოცნობამ, ასევე დნმ-ის მყისიერმა სეკვენირებამ (მიმდევრობის დადგენამ)
ასეთი ინიციატივაც კი არსებობს, რომ შეიქმნას პლანეტის ყველა მცენარის, ცხოველისა და ერთუჯრედიანი ორგანიზმის გენეტიკურ მონაცემთა ბაზა. იდეის ავტორები ამტკიცებენ, რომ კომერციული შესაძლებლობების შექმნით - მაგალითად, ამაზონის ჭიანჭველების მოდელის მიხედვით თვითმავალი ავტომობილების ალგორითმის შექმნით - შესაძლებელია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის დამატებითი სტიმული გაჩნდეს.
თუმცა, ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ბიომრავალფეროვნების მძიმე მდგომარეობა უკვე საკმარისად ნათელია, ერთადერთი ინგრედიენტი მის გამოსასწორებლად კი, პოლიტიკური ნებაა.
გლობალურმა შეთანხმებამ ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის შესახებ მიზნები ბევრი მიმართლებით დასახა. ზოგიერთ მათგანის მიღწევა სავსებით რეალურია, მაგალითად, 2020 წლისთვის, ხმელეთის 17%-ისა და ოკენეების 10% დაცულ ტერიტორიებად გამოცხადება. ამავე წლისთვის, ისეთ მიზნის მიღწევა კი, როგორიცაა მდგრად მეთევზეობაზე გადასვლა, სამწუხაროდ არარელურია. ამ და სხვა საკთხების განსახილველად, ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის წევრი 196 ქვეყანის წარმომადგენლები, ნოემბერში, ეგვიპტეში შეიკრიბებიან.
პროფესორი ედვარდ ო. უილსონმა კი, მისი 1985 წელს გამოქვეყნებული ნაშრომის ასეთი წინადადებით დაასრულა: "ეს ერთადერთი ცოცხალი სამყაროა რომელიც შეიძლება რომ ვიცოდეთ, სწორედ ამიტომ უნდა გავერთიანდეთ და მაქსიმალურად მოვუფრთხილდეთ მას". ეს მოწოდება დღეს ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.
კომენტარები