BBC-მ გაეროს მიმართა, რათა ირანის მთავრობა დაარწმუნოს, რათა სპარსული ბიუროს თანამშრომლებისა და ოჯახის წევრების დევნა შეწყვიტოს. BBC-ის სპარსული ბიუროს სათაო ოფისი ლონდონშია განთავსებული. კორპორაციამ თავისი მიმართვა ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე გააკეთა.

BBC-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანმა დაშინების კამპანია გააძლიერა, მათ შორის, მუქარა, თანამშრომლების ნათესავების დაკავება და საზღვარგარეთ გამგზავრების აკრძალვა.

კორპორაციის თანამშრომლებზე თავდასხმა დაიწყო 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ოპოზიცია შედეგების გაყალბებაზე საუბრობდა. მაშინ თეირანი შიდა საქმეების ჩარევაში სხვა ქვეყნებს ადანაშაულებდა.

სპარსული სამსახურის თანამშრომლები ირანში დაკავების შიშით ვეღარ მიემგზავრებიან. ირანის მთავრობა მათ პროვოკატორებსა და უცხო ქვეყნის აგენტებს უწოდებს.

კორპორაციის თქმით, ერთ-ერთ ჟურნალისტს მოსთხოვეს, რომ ან სამსახური დაეტოვებინა ან თანამშრომლებისთვის ეთვალთვალა, სამაგიეროდ კი მის დას ციხიდან გაათავისუფლებდნენ.

სამსახურის დატოვების ან სიცოცხლის მოსპობის ანონიმურ მეილებს BBC-ის სპარსული ბიუროს თანამშრომლები და ოჯახის წევრები ხშირად იღებენ. ბევრ მათგანს ლონდონის პოლიცია იცავს.

თეირანმა BBC-ის 152 ჟურნალისტი ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა. მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული. ირანის ტერიტორიაზე ზოგიერთი მათგანის საბანკო ანგარიშები გაყინულია.

დაახლოებით, 18 მილიონი ირანელი, ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედი, სპასრული სამსახურის ვებგვერდს რეგულარულად სტუმრობს, ან რადიოგადაცემებს უსმენს და ტელეგადაცემებს უყურებს. დაახლოებით, 12 მილიონი საინფორმაციო ან გასართობ გადაცემებს უყურებს.