ხაშურის სკოლაში მოსწავლეებს "საოცრება" აჩვენეს - წაიკითხეთ მათი შთაბეჭდილებები
რ.ჯ. პალაციოს წიგნის, საოცრების ეკრანიზაციის გამოსვლამდე, ამერიკის სკოლებში სიკეთის კლასები გაიხსნა, ფილმის პრემიერის რამდენიმე დღეში კი ის ამერიკის უამრავ სკოლაში აჩვენეს. ზოგ სკოლას ბავშვები გაკვეთილებიდან პირდაპირ კინოთეატრებში მიჰყავდა.
საოცრება რუსთავის 24-ე სკოლასა და ხაშურის მესამე საჯარო სკოლაშიც აჩვენეს.
"ფილმში წამოწეულია მეტად აქტუალური თემა, რომელიც ეხება ყველანაირ ბულინგს, რაც კი ხდება დღეს საზოგადოებაში და კერძოდ სკოლაში. ძალიან მომეწონა მასწავლებლების და დირექტორის თბილი, ყურადღებიანი დამოკიდებულება ამ ბავშვის მიმართ. ძალიან სასიამოვნო იყო ფილმის ბოლო, როცა ამ ნიჭიერმა და კარგმა ახალგაზრდამ შეძლო თავის თავის წარმოჩენა სკოლაში და უამრავი მეგობარი შეიძინა" - უთხრა On.ge-ს ხაშურის მე-3 საჯარო სკოლის მერვე კლასის დამრიგებელმა მარინა ჩხეიძემ, რომლის ინიციატივით, მოსწავლეებმა ფილმს საკლასო ოთახში ერთად უყურეს.
მოსწავლეებმა ფილმი კლასის საათის ფარგლებში განიხილეს და თავიანთი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს. როგორც აღმოჩნდა, საოცრებამ მოსწავლეებში დიდი მოწონება დაიმსახურა.
აი რას გვიყვებიან მერვეკლასელები საოცრების შესახებ
ხატია, 14 წლის
ფილმმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, გამახვილებულია ყურადღება ბულინგზე, რომელიც 21-ე საუკუნის აქტუალური თემაა. არ მომეწონა როცა მეგობარმა ავგუსტზე ცუდი ილაპარაკა და დასცინა მას.
ლუკა, 13 წლის
ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ავგუსტმა, ყველა სირთულის და დაცინვის მიუხედავად, წარმატებას მიაღწია. ისიც მომეწონა, რომ ჯულია რობერტსი [ავგუსტის დედის პერსონაჟს ჯულია რობერტსი ასრულებს] მასზე ძალიან ზრუნავდა და დაეხმარა, რომ კლასში საუკეთესო მოსწავლე გამხდარიყო.
ალისა, 13 წლის
მომეწონა, რომ ფილმის ბოლოს ყველა მიხვდა, რომ გარეგნობას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, როგორია ადამიანი შინაგანად, არ მომეწონა, რომ მშობლებიც უბიძგებდნენ შვილს, რომ დაეცინათ ამ ბავშვისთვის და მისთვის შეურაცხყოფა მიეყენებინათ.
ანი, 13 წლის
არ მომეწონა, რომ მშობლები ამართლებდნენ თავიანთ დამნაშავე შვილს, რომელმაც დასცინა იმ ბავშვს.
ექვთიმე, 13 წლის
ეს ფილმი ეხება ძალიან გავრცელებულ ბულინგის პრობლემას, ყველაზე ძალიან მომეწონა, რომ ისეთი ბავშვებიც არსებობდნენ, რომლებიც არ დასცინოდნენ და მეგობრობდნენ ავგუსტთან, არ მომეწონა, რომ ვინც დასცინოდა, იმ ბავშვის დედამ შვილი გაამართლა. ასევე არ მომეწონა, რომ იმ დამცინავი ბავშვის მშობელმა თქვა, ჩვენი შვილები ასეთი ბავშვის გვერდით იჩაგრებიანო.
გურანდა, 13 წლის
ბავშვი დადიოდა ნიღბით, რომ დაემალა სახე და არ ყოფილიყო დაცინვის ობიექტი, არ მომეწონა, რომ მშობლებმა თავისი დამცინავი შვილი გაამართლეს.
ირაკლი, 12 წლის
ყველაზე მეტად მომეწონა, რომ ის ბულერი ბავშვი მიხვდა თავის დანაშაულს. საინტერესო ის იყო, რომ ფილმის ბოლოს ამ ბიჭის გარეგნობა არ იცვლება, მაგრამ იცვლება საზოგადოება მის მიმართ.
თამარი, 13 წლის
ძალიან მომეწონა, რომ რამდენიმე მეგობარი სულაც არ აქცევდა ავგუსტის გარეგნობას ყურადღებას.
ნოდარი, 13 წლის
მე მომწონს, რომ ფილმში იყვნენ ისეთი მშობლები, რომლებიც თავიანთ შვილებს მოუწოდებდნენ, ემეგობრათ განსხვავებული გარეგნობის ბავშვთან, ასე შეიძინა იმ ბავშვმა პირველი მეგობრები.
თამარ, 13 წლის
მომეწონა ის, რომ მშობლები ამ ბავშვის მიმართ საოცარ სითბოს და ყურადღებას იჩენდნენ.
ლუკა, 13 წლის
მე მომეწონა, რომ ავგუსტს მშობლები ძალიან მფარველობდნენ და დიდ ყურდღებას აქცევდნენ. არ მომეწონა, რომ მის დას ვეღარ აქცევდნენ სათანადო ყურადღებას და მხოლოდ ამ ბავშვზე ჰქონდათ ყურადღება გადატანილი. მომეწონა, რომ ის ბავშვი მეგობარმა დაიცვა შეურაცხყოფისგან.
ლანა, 13 წლის
ვეთანხმები კლასელებს, მეც იგივე აზრი მაქვს. ეს დაცინვა მის მიმართ არ არის მხოლოდ ახალგაზრდების ბრალი და მშობლებიც დიდ როლს თამაშობენ მათი შვილების საქციელში.
ნათია, 13 წლის
ძალიან მომეწონა, რომ მეგობრებმა ყველა მეთოდით დაიცვეს ავგუსტი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სტიპენდია დაეკარგათ. მომეწონა ბოლო ნაწილი, როცა ბიჭი დააჯილდოეს და ყველა ულოცავდა მას.
ლუკა, 13 წლის
მომეწონა, რომ ამ ბიჭს მხარში ედგა მშობელი დედა და სახლში ასწავლიდა ყველაფერს.
კომენტარები