ტელეკომპანია იბერიას საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახო ხუზმიაშვილმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიის მთავარი დამფინანსებელი ომეგა ჯგუფი ფინანსური დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა, რაც სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უჩენს იბერიასაც. მისივე თქმით, ეს ზეწონალ არხის სარედაქციო პოლიტიკას უკავშირდება.

"არხზე მომუშავე ჟურნალისტები ვვარაუდობთ, რომ ეს ხდება მიზანმიმართულად იმისთვის, რომ ტელეკომპანიამ ვეღარ გააგრძელოს მაუწყებლობა თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკით. ტელეკომპანია იბერია არის ტელევიზია, რომელიც ყველა ხელისუფლების პირობებში ხდება მიუღებელი და დევნის ობიექტი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გამო. ჩვენ, ჟურნალისტები მოვუწოდებთ ხელისუფლებას აღკვეთოს ომეგა ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედბეები", - ხუზმიაშვილის თქმით, მან განცხადება არხის ჟურნალისტების სახელით გააკეთა.

რუსთავი 2-თან საუბრისას, ომეგა ჯგუფის გენერალურმა მენეჯერმა, ლევან აღდგომელაშვილმა, განაცხადა, რომ კომპანიას დემპინგის 100 მილიონი დოლარის ზიანი მიადგა.

მისივე თქმით, ომეგა ჯგუფს ზიანი მიადგა British American Tobacco-ს მიერ კონკურენციის კანონებისა და თამბაქოს კონტროლის კანონის დარღვევის შედეგად.

"სასამართლოს პირველმა ინსტანციამ ჩვენი სარჩელი მთლიანად დააკმაყოფილა, მეორე ინსტანციამ ზარალი სცნო, მაგრამ უარყო კავშირი თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაციასა და ჩვენს ზიანს შორის", - განაცხადა აღდგომელაშვილმა.

მისი განმარტებით, ეს ზიანს აყენებს ფინანსურად არა მარტო ომეგა ჯგუფში შემავალ სხვა კომპანიებს, არამედ მასში შემავალ ტელეკომპანია იბერიასაც.