აშშ-ს თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს უთხრა, რომ მათი ქვეყანა განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისა და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.

"აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ხაზი გაუსვა საქართველოს უმნიშვნელოვანეს წვლილს და ქართველი სამხედროების როლს რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებაში და განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანია, როგორც აშშ-სთვის, ისე - გლობალური უსაფრთხოებისთვის", - წერია მთავრობის პრესსამსახურის განცხადებაში.

მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჯეიმს მატისს შეხვდა. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.