დაუნის სინდრომის მქონე პირველი ადამიანი, რომელიც საქართველოში საკუთარი პროფესიით დასაქმდა
"მე მინდა ვიცხოვრო ქალაქს გარეთ, დედის გარეშე, საყვარელ გოგონასთან ერთად, მქონდეს ჩემი საყვარელი სამსახური და მყავდეს მანქანა და ძაღლი. პლუს ერთი ქრომოსომა არ ნიშნავს მინუს ერთ დამოუკიდებელ პიროვნებას. დიახ, მე დამოუკიდებელი პიროვნება ვარ!" - ამბობდა გიგო შიუკაშვილი 2017 წლის 21 მარტს, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს, თბილისის პარლამენტის შენობაში.
გიგო შიუკაშვილის წარმატება
გუშინ, 6 თებერვალს, გიგო გახდა დაუნის სინდრომის მქონე პირველი პირი, რომელიც საქართველოში საკუთარი პროფესიით დასაქმდა. ის სასტუმრო Holiday Inn თბილისის გუნდის წევრი გახდა.
სკოლის დასრულების შემდეგ, გიგო ბართენდერის პროფესიას ეუფლებოდა. პროფესიული განათლების მიღების შემდეგ, მან გაიარა სტაჟირება სხვადასხვა კომპანიებში და საბოლოოდ სამსახურშიც საკუთარი პროფესიით მიიღეს.
საქართელოს დაუნის სინდრომის ასოციაცია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიგოცაა, მხარს უჭერს ინკლუზიურ პროფესიულ განათლებას და მიესალმება თანასწორ სამუშაო გარემოს ყველასათვის.
რას ვმატებ საზოგადოებას
2010 წლიდან, ყოველ 21 მარტს მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველო წელს მეშვიდედ უერთდება მსოფლიო ინიციატივას.
როგორც საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის თავჯდომარემ, ლია ტაბატაძემ, On.ge-ს უთხრა, წლევანდელი მსოფლიო გზავნილია "რას ვმატებ საზოგადოებას", რის გარშემოც საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებები იგეგმება:
"კამპანიის ძირითადი ღონისძიებები განხორციელდება თბილისში, მაგრამ წელს, ისევე როგორც შარშან, რეგიონებიც გვიერთდებიან. მათ მივაწვდით სპეციალურ მაისურებს, საინფორმაციო ფლაერებს, ჭრელ წინდებს და ისინი თავად განახორციელებენ აქტივობებს".
კამპანია მარტის დასაწყისში დაიწყება და 21 მარტს დასრულდება. დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს ჩატარდება კონფერენცია "რას ვმატებ ჩემს სამსახურს", რომელიც მიეძღვნება დაუნის სინდრომის მქონე პირთა დასაქმების კუთხით არსებულ გამოწვევებს.
გიგოს ფონდი
გიგო შიუკაშვილის ინიციატივით, იქმნება გიგოს ფონდი, რომლის მიზანიც იქნება დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესაძლებლობების განვითარება.
გიგოს ფონდი პირველ ნაბიჯებს სწორედ დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისთვის ჩატარებულ კამპანიებზე გადადგამს.
ფონდის სტრატეგიული საქმიანობა იქნება დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა სამედიცინო, სოციალური მხარდაჭერა და ზრდასრულთა დასაქმების ხელშეწყობა.
რა არის დაუნის სინდრომი
დაუნის სინდრომი გენეტიკური ცვლილებაა, რა დროსაც ნაყოფის უჯრედებში 46-ის ნაცვლად 47 ქრომოსომა ჩნდება. ათასი ბავშვიდან ერთი სწორედ ამ სინდრომით იბადება. იგი პირველად 1866 წელს მეცნიერმა ჯონ დაუნმა აღწერა. განვითარებულ ქვეყნებში მუდმივად მუშაობენ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მიმართ სტიგმის დაძლევაზე. შედეგად, ისინი იღებენ განათლებას, საქმდებიან და ქმნიან ოჯახებს.
კომენტარები