დღეს, თბილისის პარლამენტის შენობაში, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა, სახელწოდებით ჩემი ხმა საზოგადოებაში.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდები, რომლებმაც მსოფლიო კამპანიის, ჩემი ხმა საზოგადოებაში, ფარგლებში, საკუთარ სურვილებსა და მიზნებზე ისაუბრეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია კავშირი ჩვენი ბავშვების წარმომადგენლის, ლია ტაბატაძის, თქმით, ახალგაზრდებმა საკუთარი სიტყვა დამოუკიდებლად, დახმარების გარეშე დაწერეს.


ლევან გოცაძე:

ფოტო: თამარა ღამბაშიძე / On.ge

"მე ვარ ლევან გოცაძე, 22 წლის. მეთერთმეტე კლასის მოსწავლე. 4 წლის ასაკში შევედი ბაღში, მეშვიდე კლასამდე ვსწავლობდი სხვაგან, პედაგოგები ჩემთან ინდივიდუალურად მუშაობდნენ, მე და ჩემი ოჯახი კმაყოფილები ვიყავით ამ სკოლის მუშაობით, რომელიც ინკლუზიური სწავლების შემოღებასთან დაკავშირებით დაიხურა და მომიხდა გადასვლა მეოცე საჯარო სკოლაში. მე არჩევანს ვაკეთებ მეოცე საჯარო სკოლაზე, მომწონს რომ ჩემს თანატოლებთან ერთად ვიღებ განათლებას, მყავს კლასელები, რომლებსაც ვუყვარვარ, ისინი მეც ძალიან მიყვარს და თავს უბედნიერესად ვგრძნობ მათ გარემოცვაში. მალე სკოლას ვამთავრებ, ძალიან ვნერვიულობ გამოცდებზე და იმედი მაქვს, რომ პედაგოგები მომეხმარებიან შევძლო ჩემი ცოდნის მაქსიმალურად გამოყენება. სკოლის შემდეგ დავდივარ ტენისზე, ცეკვაზე და ინკლუზიურ თეატრში. სპექტაკლებში მონაწილეობა ძალიან მიყვარს, ცეკვაზე და თეატრში სპექტაკლებში მონაწილეობა ძალიან მიყვარს და მაბედნიერებს. 2007 წელს, 13 წლის ასაკში, მონაწილეობა მივიღე სპეციალურ ოლიმპიადაში და მესამე ადგილი მოვიპოვე. 2014 წელს ბელგიაში ბრიუსელში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მაგიდის ჩოგბურთში. 2015 წელს მონაწილეობა მივიღე სტამბოლის ხელოვნების ფესტივალში, სადაც საქართველო ცეკვით წარმოვადგინე. მე მაქვს ჩემი გეგმები, ცხოვრებაში მინდა ვისწავლო და შევძლო მქონდეს ჩემი საქმე, ხელფასი და საზოგადოებას მივმართავ, მაქსიმალურად ხელი შეგვიწყოს, რომ ჩავერთოთ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მივიღო განათლება, პროფესია დავსაქმდე და შევძლო ღირსეულად დამოუკიდებელი ცხოვრება. ეს არის ჩემი ხმა საზოგადოებაში".


გიგო შიუკაშვილი:

ფოტო: თამარა ღამბაშიძე / On.ge

"მე ვარ გიგო შიუკაშვილი, 21 წლის. ბაღში 3 წლის მივედი. სკოლაში არ მიმიღეს, ამიტომ დღის ცენტრში მივედი. ამასობაში ინკლუზიური განათლებაც წამომეწია და მივედი 21-ე საჯარო სკოლაში, რომელიც შარშან დავამთავრე. ძალიან მიყვარს და მომწონს ჩემი სკოლა, კლასელები, მასწავლებლები. ბევრი საგანი შევისწავლე. განსაკუთრებით სამოქალაქო განათლება მომწონს. იქ ჩემი და ჩემი მეგობრების უფლებებზე ბევრს მასწავლიდნენ. სკოლაში ინდივიდუალური სასწავლო პროგრამა მქონდა. ატესტატის გამოცდებზე ვერ გავედი, რადგან ჩემთვის ტესტები არ იყო გათვალისწინებული, ამიტომ მომცეს სერტიფიკატი, ჩემი კლასელებისგან განსხვავებით. 10 წელია ვდგავარ სცენაზე და ვმსახიობობ. მგონი, კარგად გამომდის, რადგან ეს ჩემს გარდა სხვებსაც მოსწონთ. ჩემთვის, ვიდგე სცენაზე, ცხოვრებაა, რადგან ბავშვობიდან სამსახიობოზე მინდოდა სწავლა. სკოლის დამთავრებისას აღმოჩნდა, რომ ჩემი სერტიფიკატით შემეძლო ჩამებარებინა მხოლოდ მზარეულის, მეტყევის, მეთევზის სპეციალობაზე. ეს რომ გავიგე, ბევრი ვიცინე, მაგრამ ამან არ მიშველა. დედის რჩევით სპეციალობა ავირჩიე. ბევრ ჩემს მეგობარს დამთავრებული აქვს მზარეულის კურსი, მაგრამ არ მუშაობენ თავისი სპეციალობით. ნეტავ, მეც ასე უნდა ვიყო? ჩემმა კლასელებმა, ვინც ჩააბარეს, სადაც უნდოდათ, ბედნიერები? მე მინდა ვიცხოვრო ქალაქს გარეთ, დედის გარეშე, საყვარელ გოგონასთან ერთად, მქონდეს ჩემი საყვარელი სამსახური და მყავდეს მანქანა და ძაღლი. პლუს ერთი ქრომოსომა არ ნიშნავს მინუს ერთ დამოუკიდებელ პიროვნებას. დიახ, მე დამოუკიდებელი პიროვნება ვარ და მე მსურს გავხდე პროფესიონალი მსახიობი, მე მაქვს ამის კონსტიტუციური უფლება. სახელმწიფოს კი აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს ეს. ეს არის ჩემი ხმა საზოგადოებაში".


ლექსო ფოდიაშვილი:

ფოტო: თამარა ღამბაშიძე / On.ge

"მე ვარ ლექსო ფოდიაშვილი, 24 წლის. მე არ მივლია სკოლაში, მივიღე არაფორმალური განათლება, მომეცა საშუალება ექსტერნატის დახმარებით ამეღო 9 კლასის ატესტატი და სწავლა გავაგრძელე პროფესიულ კოლეჯში, მზარეულის სპეციალობით. გავიარე პრაქტიკა, მაგრამ ვერ შევძელი დასაქმება ჩემთვის შეუსაბამო პრაქტიკის გამო. გარდა ამისა, ვხატავ და მქონდა რამოდენიმე გამოფენა-გაყიდვა, ამჟამად დაკავებული ვარ ინტეგრირებულ თეატრალურ დასში. მომწონს მსახიობობა და თავისუფლად შევუთავსებდი სამსახურს ჩემთვის შესაბამისი გრაფიკით. ჩვენ ვსწავლობთ დასაქმებას, ამის გარეშე ვერ შევძლებთ საკუთარი თავის რეალიზაციას, მე ვარ რიგითი მოქალაქე და მაქვს ჩემი საჭიროებები, სახელმწიფო ვალდებულია დაგეგმოს დასაქმებისა და განათლების პოლიტიკა ჩვენი შესაძლებლობების გათვალისწინებით, ამიტომ უნდა მომისმინოს, კარგად გააანალიზოს, თუ რა დამატებითი საჭიროებები გვაქვს. და ჩვენთან ერთად დავგეგმოთ სისტემური ცვლილებები. ეს არის ჩემი ხმა, საზოგადოებაში".


სესილი ღვინჯილია:

ფოტო: თამარა ღამბაშიძე / On.ge

"მე ვარ სესილი ღვინჯილია 21 წლის, საჯარო სწავლა დავიწყე მეექვსე კლასში, მანამდე დავდიოდი დღის ცენტრში და არასდროს მივლია საბავშვო ბაღში. სკოლაში სწავლამ დიდი გამოცდილება და ბევრი მეგობარი შემძინა. შარშან დავამთავრე სკოლა და ჩავაბარე პროფესიულ სასწავლებელში, მაქვს პროფესია, რომელიც მე არ ამირჩევია, გიგომ მირჩია. მაგრამ არ ვიცი ვიმუშავებ თუ არა ოდესმე ბარში. ისე კი, მინდა მომავალში ჩემი კაფე მქონდეს, სასურველია ეს მოხდეს ბათუმში, სადაც საღამოობით რომანტიული ცოცხალი მუსიკა იქნება და შეყვარებული წყვილები იქნებიან. მე ვიქნები კაფეს დიასახლისი და ყველას მყუდრო გარემოს შევუქმნი, რადგან ვთვლი, რომ ადამიანებს შორის პოზიტიური ურთიერთობა მთავარი ღირებულებაა და ჩემი ცხოვრებაც ასევე წარიმართოს. მე ძალიან პატარა ასაკიდან ვმონაწილეობ სპექტაკლებში და ძალიან შემიყვარდა მსახიობობა, მომწონს, როდესაც ვასახიერებ სხვა გმირებს, მე მინდა ვიყო მსახიობი, მე ეს საქმე ყველაზე კარგად გამომდის. ასევე ვოცნებობ გადამიღონ მხატვრულ ფილმში, მინდა გავხდე ცნობილი მსახიობი, მე ვიცი, რომ ეს შემიძლია ოცნება ავისრულო და მჯერა, ეს აუცილებლად ამიხდება. ვინ იცის, იქნებ ოსკარსაც გამოვკრა ხელი! მე ვფიქრობ ჩემს მომავალზე და რომ მეყოლოს ჩემი ოჯახი, ძალიან სიმპატიური ქმარი, რომელსაც ექნება ცისფერი თვალები, ეცოდინება სიმღერა და ექნება იუმორის გრძნობა. მე ძალიან მეყვარება და იმასაც ძალიან ვეყვარები, გვეყოლება შვილები და ყოველთვის ვეცდები, კარგი დედა და ცოლი ვიყო. მე მაქვს უფლება, ვიყო ბედნიერი დედა, ეს არის ჩემი ხმა საზოგადოებაში".