რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლი მოკლეს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების დღეს ტერაქტს გეგმავდა. ამის შესახებ Meduza რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურზე (FSB) დაყრდნობით წერს.

FSB-ის განცხადებით, ტერორისტი დაკავების დროს შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის გამო, სპეციალური დანიშნულების რაზმმა გაანეიტრალა. უწყების ცნობით, ლიკვიდირებული ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნის მოქალაქე იყო.

ტერაქტის მომზადებაში ეჭვმიტანილს ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილებები, ბომბების დასამზადებლად საჭირო ატრიბუტები, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალები აღმოუჩინეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ტერაქტის მომზადებისა და საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობის მუხლებით დაიწყო. სხვა დეტალებზე FSB არ საუბრობს.