როგორ დაარღვია ოჯახში ძალადობაზე დუმილი დეა გოშხეთელიანმა
22 წლის დეა გოშხეთელიანი ოჯახში ძალადობის მსხვერპლია. ქმრის, გიგა ბაკურაძის მიტოვება მხოლოდ ორწლიანი თანაცხოვრების შემდეგ შეძლო, თუმცა ძალადობა დაშორებასთან ერთად არ შეწყვეტილა.
დაშორებიდან 7 თვის შემდეგ, გიგა ბაკურაძემ, დეას და დეას მამას, მათ სახლში სცემა. ბაკურაძე დააკავეს, თუმცა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ იგი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. სწორედ სასამართლოს გადაწყვეტილებამ აიძულა დეა თავისი ისტორია საჯაროდ მოეყოლა.
დღეს, 12 იანვარს, საქალაქოსგან განსხვავებით, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა პროკურორის არგუმენტები. ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხიდან გამომდინარე დეას ყოფილ ქმარს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
დაოჯახება
ერთმანეთი საერთო მეგობრებისგან გაიცნეს. 6-თვიანი ურთიერთობის შემდეგ, 2015 წლის პირველ აგვისტოს დაოჯახდნენ. დეა თბილისში ცხოვრობდა და სწავლობდა, მეორე კურსზე იყო, 19 წლის. ის - 28 წლის.
ამბობს, რომ დაოჯახებამდე არაფერი შეუმჩნევია, რომ ყურადღებიანი და ორიგინალური იყო. პირველად ცოლობა ურთიერთობის დაწყებიდან 5 თვის შემდეგ სთხოვა, თუმცა უარი მიიღო. დაოჯახებას დეა მხოლოდ მესამე თხოვნაზე დათანხმდა.
მისი ოჯახი თანაცხოვრებამდე 2 თვით ადრე გაიცნო, თუმცა მათთან აქტიური კომუნიკაცია არ ჰქონია. მოგვიანებით გაიგო, რომ იმ მუსიკის მასწავლებელთანაც კი ჰქონდათ დარეკილი, ვინც 5 წლის ასაკში ამეცადინებდა. არკვევდნენ, როგორი გოგო იყო და როგორი ხასიათი ჰქონდა.
პირველად
"ერთხელ დედამისმა და მამამისმა გვითხრეს, ცალკე გადაგიშვებთ საცხოვრებლადო", - ამბობს დეა და ამატებს: "იმ ღამეს წავიდა სახლიდან და მწერს, ჩამოდი დაბლაო. მხვდება მანქანაში პისტოლეტით, თან ნასვამი, მაჩვენა კიდეც კონიაკის დაცლილი ბოთლი. თავის მოკვლას ცდილობდა, მაგრამ რატომ - დღემდე არ მესმის. მაშინ დედამისი დავიცავი და ჩემ მიმართ აგრესიით გაუჩნდა, თუმცა ჩხუბში არ გადაზრდილა."
სიტუაცია ნელ-ნელა უფრო მძაფრდებოდა. დაოჯახებიდან 3-4 თვის შემდეგ პირველად იძალადა მასზე. მაშინ დეა ფეხმძიმედ იყო. დეას თქმით, კამათის მიზეზი ძალიან უმნიშვნელო იყო და არ ახსოვს:
"მკლავებში მომიჭირა ხელი და კედელს მიმანარცხა. იმდენად ძლიერად მომიჭირა ხელები, რომ ერთი კვირა მეტყობოდა დალურჯებები."
არ იცის რატომ, თუმცა არავისთან უთქვამს: "შეიძლება საკუთარ თავსაც დავაბრალე, რომ მე გამოვიწვიე."
2016 წლის იანვარი იყო. 7 თვის ფეხმძიმე დეა, ქმართან, დედამთილთან და მაზლთან ერთად ლეჩხუმის სოფელ ლაილაშში ისვენებდა:
"თავისი პატარა ძმის თანდასწრებით დედამისს შეეხო ხელით. მაშინვე ავიდა ოთახში, ჩაიცვა, წავიდა, დაგვტოვა."
იხსენებს, რომ მიუხედავად სოფელში არსებული კარგი პირობებისა, დიდი თოვლის გამო წყალი და გაზი არ მიეწოდებოდათ. სოფლიდან მეოთხე დღეს მამამთილმა წამოიყვანა. ამბობს, რომ ქმრისა და დედამთილის ჩხუბში საერთოდ არ ჩარეულა, თუმცა მამამთილმა გზაში მაინც დატუქსა.
"ამის შემდეგ, როცა ამ თემაზე ვილაპარაკეთ, ტირილით ვკითხე, რატომ დამტოვე-თქო. ემოციებში ვიყავი და ვერ დამაწყნარა. ოთახში შევიდა და უცებ იარაღის გადატენვის ხმა გავიგე. შევედი და ვხედავ, რომ ორლულიანი თოფი პირში აქვს ჩადებული. გამოვხურე კარი და გამოვედი, არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა," - იხსენებს დეა.
ამბობს, რომ ქმარს ბაბუამისის დროინდელი სანადირო თოფი, ერთი ორლულიანი იარაღი და ერთი პისტოლეტი ჰქონდა. ასევე, წვრილი ხელნაკეთი დანა: "ამბობდა, რომ გაუყრი ადამიანს, შინაგან სისხლდენას იწვევს და რამდენიმე წუთში კვდებაო." თუმცა როგორც მოგვიანებით გაარკვია, ყოფილ ქმარს იმაზე ორჯერ მეტი იარაღი ჰქონდა, ვიდრე თავიდან ეგონა.
რამდენიმე საათის შემდეგ ჩხუბი ისევ განახლდა. იხსენებს, რომ ქმარმა გაარტყა, ხელი ჰკრა და საწოლის კიდეს მიაჯახა:
"ცუდად გავხდი. ამაზე ქმარს შეეშინდა და სასწრაფოში დარეკა, თუმცა როგორც კი ოდნავ გონს მოვედი, გამოძახებაც გააუქმა."
მეორე ბავშვზე ფეხმძიმობის დროს, მამასთან ლაპარაკის შემდეგ, გაღიზიანებული იყო. ყველაფერზე ეკამათებოდა და ხელიც გაარტყა:
"ავიჭერი. თვითონაც არ ვიცი, გააცნობიერა თუ არა, შევიდა საპირფარეშოში და გამხსნელის ბოთლი გამოიტანა, დავლიე ნახევარიო. რეალურად არ დაულევია, თუმცა გაითამაშა, ვითომ თვითმკვლელობის სცენა დადგა. იატაკზე დავარდა, ვითომ მუცელი სტკიოდა. მერე სახლიდან გაიქცა."
ჩხუბის შემდეგ, დეა დედამთილს დაუკავშირდა და ორსულობის შესახებაც უთხრა. იხსენებს, რომ დედამთილმა თავის ქმარს დაურეკა და ახალი ამბავი მასაც გაუზიარა:
"უცებ მამამთილის ყვირილი მესმის ტელეფონიდან. მაგინებს, მლანძღავს, რა დროს მეორე იყო, ერთს ვერ უვლიანო, ამბობს. თავის შვილზე არაფერი უთქვამს, მხოლოდ მე და თავის ცოლს გვაგინა."
ორი თვის ფეხმძიმეს ჰაიმორიტი დაემართა. ერთხელ, ექიმთან ვიზიტით დაღლილი, სახლში დაბრუნებისთანავე ტანსაცმლით შეწვა ლოგინში:
"ამაზეც მეჩუხბა, რას ქვია ტანსაცმლით დაწექიო. გადამაძრო საბანი, ადექი და გაეთრიე სახლიდანო, მითხრა. დედაჩემს დაურეკა, გადავუყრი ნივთებს, მოეთრიეთ და წაიყვანეთ თქვენი შვილიო."
"არაკაცი ხარ, არაკაცი ხარ, არაკაცი ხარ", — მხოლოდ ამას იმეორებდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხვა რეაქციას ვერ გამოხატავდა. იმ ღამესვე მშობლებმა ქუთაისში წაიყვანეს. ეს იყო პირველი შემთხვევა, რომელიც გახმაურდა. ისიც, მხოლოდ მშობლებმა გაიგეს.
შეწყვეტილი ორსულობა
"ამაზე საშინელი არაფერი არსებობს. ნაყოფი აღარ ვითარდებოდა და წამალი უნდა დამელია, რომ მუცელი მომშლოდა. ასეთი ტკივილი ბავშვის გაჩენის დროს არ განმიცდია. ფსიქოლოგიურადაც ძალიან ცუდად ვიყავი. საწოლში ვეგდე გაუნძრევლად. ბავშვი რომ მოდიოდა ჩემთან, იმის თავიც კი არ მქონდა, გადავბრუნებულიყავი და ბავშვისთვის შემეხედა."
ეს ურთულესი პერიოდი დეამ ქუთაისში, მშობლებთან გაატარა. ვარაუდობს, რომ ნაყოფი ნერვიულობის გამო აღარ განვითარდა. ქმართან კონტაქტი ერთი თვის განმავლობაში არ ჰქონია. დაშორებაზე ფიქრობდა, თუმცა შერიგდნენ. ამბობს, რომ ამის შემდეგ აღარაფერს ითმენდა, თუმცა ისევ დუმდა, ძალადობაზე არავისთან საუბრობდა:
"ძალიან კარგად გამოსდიოდა ჩემი მანიპულაცია. ძალიან მიმდაბლებდა თვითშეფასებას. რას გავხარ, არ მევასები, არ მომწონხარო, მეუბნებოდა. მამამისის ფსიქიატრიულს იყენებდა და მემუქრებოდა, გამოგკეტავ ფსიქიატრიულშიო."
მანიპულაცია
2017 წლის აღდგომის პერიოდი იყო, როცა მამამთილს წერილი მისწერა. წერდა, თქვენი შვილი და მე ერთი ოჯახი ვართ და გთხოვთ, ნუ ჩაერევით ჩვენს საქმეში, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენი მეორე შვილი არ ისურვეთო.
იხსენებს, რომ ტექსტი ქმარსაც დაუკოპირა, თუმცა მისგან უარყოფითი რეაქცია არ უგრძვნია:
"მერე, ჩემს მერე დაურეკია მამამისს. რა ილაპარაკეს, არ ვიცი, მაგრამ სახლში რომ მოვიდა, მეჩხუბა და მცემა."
მომდევნო დღეს აზერბაიჯანში წასვლა ჰქონდა დაგეგმილი და წავიდა კიდეც. ის ხუთი დღე, სანამ პროექტში იყო, მასთან კონტაქტზე არ გამოსულა. აზერბაიჯანიდან თბილისში დაბრუნებისთანავე ქუთაისის გზას დაადგა, სადაც ბავშვი ჰყავდა დატოვებული:
"ჩამოვიდა იქ. მანიპულაციებით, მუქარებით, ზეწოლით წამომიყვანა თბილისში. მეუბნებოდა, ჩემს მეგობარს ცოლი დაშორდა და დადის ფეხით მარტო, საცოდავადო. აბუჩად იგდებდა, თითქოს ქმარს გაშორებული ქალი არარაობაა, რეპუტაციაშელახულია, არასერიოზულად უყურებს ყველა და ა.შ."
ყველაფერს, რასაც დეა აკეთებდა ან რისი სურვილიც ჰქონდა, დასცინოდა. დასცინოდა და შეურაცხყოფას აყენებდა მის დაქალებსაც:
"ყველასთან მქონდა გაწყვეტილი კონტაქტი. სახლში ვერავინ მიმყავდა. ვინც მივიყვანე, ყველა გაიქცა. ზოგს მეტრაკე უძახა, ზოგს ბოზი. ერთს პირდაპირ დაურეკა და ბოზი ეძახა."
დეა მაინც ცდილობდა, არ გაჩერებულიყო. ერთხელ სადაზღვევოში გააგზავნა CV და აიყვანეს კიდეც, მაგრამ ქმრის მხრიდან დაცინვის და მანიპულაციის გამო იქ მუშაობა არ დაუწყია. მერე ბანკში აიყვანეს. ქმარი კატეგორიული წინააღმდეგი იყო:
"სწავლა დაამთავრეო, მაგრამ აუცილებელი არ არის, იმუშავოო. მიმანიშნა, რომ როგორც დედამისი ჰყავთ მონად, მეც ისევე უნდა ვყოფილიყავი. მე უქმად ყოფნა არ შემიძლია."
სამსახურის მიტოვებას რომ სთხოვდა, დაახლოებით ერთ თვეში იჩხუბეს.
"პატრული გამოვიძახე პირველად. გავიგე, რომ მამამისის საყვარელს ხვდებოდა. ფაქტები შევკრიბე, სქრინები, ხმის ჩანაწერები და დიდი წერილი დავუწერე."
წამოსვლა
წერილში ყველაფერი დაწერა, რა პრეტენზიებიც ჰქონდა. 2017 წლის 25 ივნისი იყო. გადაწყვიტა, წერილი დაეტოვებინა და ჩუმად წასულიყო სახლიდან:
"სახლში ადრე დაბრუნდა, მომისწრო. არ მიშვებდა, კარი გადამიკეტა, ტელეფონი წამართვა, მახრჩობდა, ხელი გამარტყა. უცებ მოვახერხე, რომ სხვა ოთახში ჩავკეტილიყავი. მისი ტელეფონი დავინახე და პატრულში დავრეკე."
პოლიციამ ოჯახურ კონფლიქტზე ოქმი შეადგინა და დეას წამოსვლის საშუალება მიეცა. მაშინვე ბავშვის წამოსაყვანად, დედამთილთან გაეშურა. იხსენებს, რომ დედამთილმა კარი ჩაკეტა, ტელეფონი გამორთო და შუქი ჩააქრო. პატრული კიდევ ერთხელ გამოიძახა:
"დაურეკეს ყოფილ ქმარს, რომელმაც თქვა, მე, ბავშვი და დედაჩემი ერთად ვართო. კანონის მიხედვით, ბავშვზე თანაბარი უფლება გვაქვს, ამიტომ ვერაფერი ვქენი."
მეორე დღეს, დილას კიდევ გავიდა დედამთილთან. სახლში შესვლისთანავე ჩუმად ვიდეო ჩართო, სადაც დედამთილი ამბობს, რომ წინა საღამოს სახლში იყო, თუმცა სპეციალურად არ გააღო კარი. დეა იხსენებს, რომ მერე ყოფილი ქმარიც მივიდა, ბავშვი გამოგლიჯა ხელიდან და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ესეც გადაიღო, პოლიციას გამოუძახა და შემაკავებელი ორდერი გამოაწერინა.
ბავშვთან ურთიერთობა
"ბავშვის მიმართ არა, თუმცა ბავშვის თანდასწრებით ჩემდამი იყო აგრესიული", - იხსენებს დეა.
დაშორების შემდეგ ბავშვი ორი კვირის განმავლობაში დეასთან იყო. მერე უნივერსიტეტში საბოლოო გამოცდები დაეწყო, რის გამოც ქუთაისში, დედასთან გაუშვა.
ყოფილი ქმარი კერძო ბაღში მივიდა და ბავშვი დაუკითხავად წამოიყვანა. დეამ პოლიცია კიდევ ერთხელ, თბილისიდან ქუთაისში გამოიძახა, თუმცა ვერაფერს გახდა, რადგან მამას ბავშვის წაყვანის უფლება ჰქონდა. სამი კვირის შემდეგ ყოფილმა ქმარმა დეას ბავშვი ერთი თვით დააშორა და სოფელში წაიყვანა.
დეამ სასამართლოს მიმართა. იხსენებს, რომ პერიოდულად ყოფილი ქმარი ურეკავდა და ემუქრებოდა, სარჩელის გამოტანას სთხოვდა, თუმცა არ დანებდა. იქიდან გამომდინარე, რომ სამოქალაქო დავები წლობით გრძელდება, მორიგებაზე შეთანხმდნენ და ბავშვის ნახვის დღეები გაიყვეს.
სამ იანვარს ბავშვი მამას უნდა წაეყვანა.
3 იანვარი
მიმოწერა ჰქონდათ, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. რადგან "სიტყვით ვერ მოუგვარა", ყოფილმა ქმარმა მისწერა, სიურპრიზს გიმზადებო. დეა სახლში შვილთან და მცირეწლოვან დასთან ერთად იყო. შეეშინდა და დაქალთან წასვლა დააპირა:
"გავდიოდი უკვე სახლიდან, როცა მამაჩემი შემოვიდა. მეც გასვლას ვაპირებდი და კარი აღარ დაგვიკეტავს. უცებ შემოაღო კარი, გადი აქედან-მეთქი, მხოლოდ ამის თქმა მოვასწარი და მუჭი დამარტყა."
შემდეგ დეას მამას მივარდა და თვალებს შორის დაარტყა. დეა იხსენებს, რომ მამამ გონება დაკარგა, თუმცა ყოფილი ქმარი არ გაჩერებულა და გონწასულს ფიზიკურად უსწორდებოდა.
ყვირილზე დეას დაქალის ქმარი მივიდა და მისი სახლიდან გაყვანა შეძლო.
"პოლიცია რომ მოვიდა, მათი თანდასწრებითაც კი იგინებოდა. ხელბორკილი რომ დაადეს, იცინოდა," - ამბობს დეა.
მოძალადის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიწერა, რომელიც პირს მსხვერპლთან ნებისმიერ კომუნიკაციას უკრძალავს. დეა და მამამისი დაზარალებულად სცნეს. პარალელურად დაიწყო გამოძიება ორი მუხლით. პირველი ძალადობას, მეორე კი არასრწულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, პროკურორის მტკიცებულებების მიუხედავად, მოძალადე 3 ათას ლარიანი გირაოთი გამოუშვა.
სასამართლოს სენსიტიურობის ნაკლებობაზე მიუთითებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მონიტორინგი ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებზე.
"უნდა ამოვიღოთ ხმა"
"ერთხელ ვიღაცამ მომაძახა, შენი ბრალი იქნებოდაო. რატომ მარცხენა თვალიც არ დაგილურჯეს, ენას დაიმოკლებდიო. ასეთი დამოკიდებულება მტკივნეულია, მაგრამ ეს ნაბიჯი რომ გადავდგი, ვხვდებოდი, რომ კრიტიკა იქნებოდა," - ამბობს დეა და ამატებს, რომ კრიტიკასთან ერთად ძალიან დიდი მხარდაჭერა მიიღო.
დეას ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. საქმეს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. დეა შვილთან ერთად უფასოდ ისარგებლებს კრიზისული ცენტრის ფსიქოლოგიური დახმარების სერვისით. სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები უკავშირდებიან და დახმარებას სთავაზობენ. ამბობს, რომ უნივერსიტეტის მხრიდან ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს:
"ძალიან მიხარია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ჯანსაღად აზროვნებს. ეს მხარდაჭერა მაძლევს ძალას, რომ ვიბრძოლო და უკან არ დავიხიო, თორემ მარტო ვერაფერს შევძლებდი. მინდა შევცვალო ის საშინელი სტატისტიკა, როცა ოჯახში ძალადობა მკვლელობით სრულდება. უნდა ამოვიღოთ ხმა."
"გარეთ გასვლის აღარ შემეშინდება"
2018 წლის 9 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ შს მინისტრსა და საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლ დეა გოშხეთელიანის მიმართ დაცვის ეფექტიანი ღონისძიებების გატარება მოითხოვა.
საქართველოს სახალხო დამცველის მიმართვას საფუძვლად უდევს პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც პარტნიორებს ან ყოფილ პარტნიორებს შორის ძალადობა ფემიციდის მაღალი რისკის შემცველია:
"ხშირია ოჯახში ძალადობის შედეგად ქალთა მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის, თვითმკვლელობამდე მიყვანის და ჯანმრთელობის დაზიანების საქმეები, სადაც სამართალდამცავი უწყება დანაშაულის ფაქტამდე ინფორმირებული იყო ოჯახში არსებული შესაძლო ძალადობის შესახებ, თუმცა მსხვერპლის დაცვა და დახმარება ვერ მოხერხდა."
დღეს, 12 იანვარს, საქალაქოსგან განსხვავებით, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა პროკურორის არგუმენტები. ახალი დანაშაულის ჩადენისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხიდან გამომდინარე დეას ყოფილ ქმარს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
"მშვიდად ვიქნები, გარეთ გასვლის აღარ შემეშინდება", — ამბობს დეა.
კომენტარები