მთარგმნელმა ნანა ზარდიაშვილმა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ტურისტულ ვიზაზე უარი მიიღო, გადაწყვიტა, მთელი წლის დანაზოგით სამხრეთ ამერიკაში ემოგზაურა. წაიკითხეთ მისი საოცარი თავგადასავალი, რომელიც მან ფეისბუკის პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

....თუმცა კი ყველაფერი ამერიკით დაიწყო. უფრო სწორად, დაბადების დღეზე ნაჩუქარი ნიუ იორკის ბილეთით, ტრამპის არჩევითა და ვიზაზე უარის თქმით. ნიუ იორკის ბილეთი თითქმის ერთი წლით ადრე მაჩუქეს. ასე რომ, მთელი წელი ვაგროვებდი ფულს და ნოემბერის დადგომას გულის ფრიალით ველოდი, მაგრამ ვიზა არ მომცეს და ამით დამთავრდა (გადაიდო) ნიუ იორკზე ოცნებაც.

რა შუაშია ეს ყველაფერი არგენტინასთან?

ბუენოს აირესი, არგენტინა

ფოტო: ნანა ზარდიაშვილი

ამ ამბავზე ბევრი არ მინერვიულია, იმდენი რამეა დედამიწაზე სანახავი, ამერიკა ჯერჯერობით მოიცდის. კომპიუტერი გავხსენი და ჯერ ვიზეარზე მილანის ბილეთი ვიყიდე მაინც, ხასიათის გამოსასწორებლად, მერე კი სკაისკანერზე იტალია - ნებისმიერი მიმართულება ჩავწერე. აღმოჩნდა, რომ მილანი - ბუენოს აირესი 560 ევრო ღირდა. გამოდის, ნიუ იორკში ვერ წავალ, მაგრამ მთელი წლის დანაზოგით, შემიძლია ვნახო არგენტინა, რომელზეც დიდი ხანია ვოცნებობ. რა თქმა უნდა, ბილეთი მაშინვე ვიყიდე.

ამ შესავალს, მართალია, დღიურის თუ უფრო ჩანახატის ფორმა აქვს, მაგრამ სინამდვილეში იმის დაწერას ვაპირებ, როგორ დავგეგმოთ არგენტინაში მოგზაურობა დამოუკიდებლად, რადგან თუ ადამიანი ევროპაში მიდის და ბილეთის ყიდვით საქმის 70% თითქმის გაკეთებულია, სამხრეთ ამერიკა სულაც არ აღმოჩნდა ასე.

ვეცდები პუნქტებად დავყო მთელი ინფორმაცია, რათა როცა რომელიმე ქართველი ამ ულამაზესი ქვეყნის მონახულებას გადაწყვეტს, ერთი პოსტი მაინც ჰქონდეს ქართულად წასაკითხი.

ინტერკონტინენტური ბილეთის ღირებულება - 560 ევრო ცოტა არ არის, მაგრამ თუ ერთხელაც არგენტინის ბილეთის ძებნას დაიწყებთ, აღმოჩნდება, რომ ჩვეულებრივი ფასის ნახევარზე ნაკლებია. როცა ასეთი ფასი კიდევ იქნება, მაშინვე იყიდეთ. მე ალიტალიის ბილეთი ვიყიდე: მილანი - ბუენოს აირესი (რომში გადაჯდომით). ფრენის ხანგრძლივობა 16 საათია. თუმცა, საქართველოდან უფრო მოსახერხებელი ალბათ თურქეთის ავიახაზებია. მაგრამ თუ ვიზეარით ქუთაისი - მილანი 64 ლარი ღირს, ესეც შესანიშნავი შესაძლებლობაა.

არის მეორე ვარიანტიც: ჩახვიდეთ ევროპის რომელიმე ქალაქში და იქიდან პირდაპირ არგენტინის ავიახაზებით იმგზავროთ. ეს ვარიანტი ბევრად უფრო მოსახერხებელი და ეკონომიურია მაშინ, თუ არგენტინაში შიდა გადაადგილებისათვის თვითმფრინავს აირჩევთ. ქვემოთ ამაზე დეტალურად დავწერ.

როგორც უკვე ვთქვი, ბილეთის ყიდვით, მხოლოდ იწყება ყველაფერი. და ეს “ყველაფერი” მთელი ორი თვის განმავლობაში იმდენად რთული მეჩვენებოდა, რომ ბილეთის დაბრუნების შასაძლებლობას ძალიან სერიოზულად განვიხილავდი. როცა ალიტალიაში დავრეკე და მითხრეს, ჩემი 560 ევროდან მხოლოდ 107 ევროს დამიბუნებდნენ, პირდაპირი მნიშვნელობით, ხელები დავიკაპიწე და ტურის დაგეგმვას შევუდექი.

რა იწვევს შიშს/სირთულის განცდას?

  • ინფორმაციის უქონლობა;
  • ბიუჯეტი/მზა ტურების ფასი;
  • დროის განსაზღვრა/როდის წავიდეთ;
  • შიდა გადაადგილება;
  • მარშუტი/რა ვნახოთ;
  • ბუენოს აირესში გამეფებულ კრიმინალზე არსებული დიიიიიდი მასალა.

დავიწყოთ თავიდან (სინამდვილეში ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული):

დაგეგმვა

ფოტო: ნანა ზარდიაშვილი

ინფორმაცია ქართულად მართლა არ არსებობს, მაგრამ საბედნიეროდ არსებობს ფორუმები სხვადასხვა ენაზე. თუ არგენტინაში მიდიხართ და თან მარტო, რომელიმე ენა აუცილებლად გეცოდინებათ, ამიტომ ინფორმაციის მოძიება პრობლემა არ არის. მთავარია, შუა გზაზე სიზარმაცემ არ გძლიოთ და იმის გამო, რომ სრული, ერთად თავმოყრილი და დაღეჭილი პოსტი თუ სტატია ვერ იპოვეთ, უკან არ დაიხიოთ. თუ კითხვა არ გეზარებათ და წინასწარ გააკეთებთ მონახაზს, ზუსტად რა გაინტერესებთ, პასუხს ადრე თუ გვიან აუცილებლად იპოვით (სინამდვილაში არც ისე გვიან, რადგან ბილეთი ადრე ვიყიდე, მაგრამ ტური მხოლოდ ბოლო ორ კვირაში დავგეგმე).

თუ გძლიათ სიზარმაცემ, მაგრამ არგენტინის ნახვა მაინც გინდათ, ამ დროს, ალბათ, უკვე გამზადებული, დალაგებული, სააგენტოებისა და ტურ ოპერატორების მიერ შემოთავაზებული ტურების ყიდვაზე დაფიქრდებით, მაგრამ თუ თქვენი ბიუჯეტი უსაზღვრო არ არის, მაინც ხელების დაკაპიწებას გირჩევთ. მე, ჩემი ბიუჯეტიდან გამომდინარე, ტურის ყიდვაზე არც კი მიფიქრია, რადგან იტალიიდან არგენტინაში 10 დღიანი ნორმალური ტურის საშუალო ფასი 3 000 ევროა. რა თქმა უნდა ბევრად უფრო კომფორტულია, გადაიხადოთ ერთხელ და მერე 10 დღე მიეცეთ სრულ ტკბობას; ყველაფერზე სხვა აგებს პასუხს და თქვენ მხოლოდ დღიურის წერასა და სუვენირების ყიდვაზე უნდა იფიქროთ, მაგრამ გარწმუნებთ, თქვენ მიერ დაგეგმილ ტურს არაფერი შეედრება. შეიძლება, რამე შეგეშალოთ, რამე არ გამოგივიდეთ, სადმე ავტობუსმა გაგასწროთ და თან, არავინ გყავდეთ გვერდით ვისი ბრალიც იქნება ეს ყველაფერი, მაგრამ დამიჯერეთ, არგენტინა ამად ნამდვილად ღირს.

ფოტო: ნანა ზარდიაშვილი

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ არგენტინაში (დედამიწის სამხრეთ ნახევარსფეროში) წელიწადის დროები “ამოყირავებულია”. ზაფხული ზამთარია და ზამთარი - ზაფხული, მაგრამ ეს პრობლემას არ ქმნის. პირიქით. დეკემბერში შეგიძლიათ შარფი, ქუდი და ფუმფულა ჯემპრები სახლში დატოვოთ, არგენტინაში წახვიდეთ და მთელი დღე მოკლემკლავიანი მაისურით იაროთ. თუმცა, იმასაც გააჩნია, რის ნახვას გეგმავთ. სამხრეთში ეგ მოკლე მაისური არ გამოგადგებათ. გახსოვდეთ, არგენტინა ძალიან, ძალიან დიდი ქვეყანაა. მით უფრო ქართული მასშტაბებისთვის და თითქმის ეკვატორიდან ანტარქტიდამდეა გადაჭიმული.

კლიმატი ქვეყნის სხვადასხვა ადგილში განსხვავებულია და ძირითადად სამ ნაწილად იყოფა: ჩრდილო აღმოსავლეთი - ტროპიკულ/სუბტროპიკული. ცენტრალური ნაწილი - ტენიანინი (მაგრამ ასატანი), სამხრეთი - ცივი. როგორც აღმოჩნდა, არგენტინაში წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება წასვლა და ბევრი საინტერესო რამის ნახვა, მაგრამ საუკეთსო დრო მაინც ოქტომბრის ბოლოდან - მარტის დასაწყისამდეა. ამ მონაკვეთში ყველაფრის ნახვა შეიძლება: ჩრდილოეთის, ცენტრის, სამხრეთის. მზის, თოვლის, ჩანჩქერების, ჩიტების, პინგვინების, ვეშაპების (ვეშაპები ნოებრის ბოლოდან უკვე ოკეანეში გადიან, ამიტომ თუ ბევრი ვეშაპის ერთად ნახვა გინდათ, ნოემბრის დასაწყისი უკეთესია).

მოემზადეთ: ტერმინის “შიდა გადაადგილება” თქვენს გონებაში უკვე დამკვიდრებული აღქმა, არგენტინაში ჩასვლის პირველი დღიდან სრულიად შეიცვლება. დამიჯერეთ, ამ მოგზაურობის შემდეგ, ერთ დღეში თბილისიდან ბათუმში ჩასვლა და უკან დაბრუნება არაფრად აღარ მოგეჩვენებათ. ამის შესახებ პირველად ერთ ფორუმზე წავიკითხე. ერთ-ერთი მოგზაური წერდა: არგენტინელები სამასი კილომეტრის რადიუსში გადაადგილებას, აქვე, უბანში გასვლას ეძახიანო. ცოტა გადაჭარბებული მომეჩვენა, ისედაც დიდად არ “ვენდობოდი” ამ მოგზაურის აზრებს, რადგან სხვა პოსტში წერდა იგუასუს ჩანჩქერებთან (არგენტინა) შედარებით ნიაგარა და ანხელი სახლის აბაზანააო. და რადგან არც კი მიფიქრია ჩემი წარმოდგენა ამ უზარმაზარი ჩანჩქერების შესახებ, ვიღაც უცნობი, გაზვიადების მოყვარული მოგზაურის მიერ დაწერილი ამ წინადადების გამო ეჭვქვეშ დამეყენებინა, შესაბამისად არც 300კმ-ს რადიუსის ამბავს დავუფიქრებივარ დიდად. არადა, დაფიქრებად ნამდვილად ღირდა :). არგენტინაში შიდა ფრენების საშუალო ხანგრძლივობა 3 საათია. თუ ავტობუსით გადაწყვეტთ მგზავრობას, თითოეული “შიდა გადაადგილებისთვის” 18-24 საათი უნდა გაითვალისწინოთ.

შიდა გადაადგილება თვითმფრინავით

არგენტინის ავიახაზებს შიდა ფრენებზე სრული მონოპოლია აქვს და ე.წ. ლოუ კოსტ ფრენები თითქმის არ არსებობს (თითქმის, რადგან მე მაინც ვიპოვე Andes Airlines-ი თუმცა, მხოლოდ ჩრდილოეთში დაფრინავს). ამიტომ, ერთი ქალაქიდან მეორეში წასვლა საშუალოდ 150-250 ევრო დაგიჯდებათ. თუ ევროპიდან პირდაპირ არგენტინის ავიახაზებით იფრენთ, შეგიძლიათ მათ საიტზე შიდა ფრენების პაკეტი იყიდოთ. მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 12 შიდა ფრენის ყიდვის შემთხვევაში, საკმაოდ კარგ ფასდაკლებას გთავაზობენ. წესით, სხვა კომპანიების ინტერკონტინეტურ ფრენებსაც შეიძლება მიებას ეს პაკეტი, მაგრამ ისევ და ისევ მონოპოლიის გამო, უფრო ხელსაყრელი მათსავე ფრენაზე მიბმაა. მე ამ პაკეტით არ მისარგებლია, რადგან სულ ორჯერ ვიფრინე და ჯერ ერთი, არ გამოდიოდა, მინიმუმ სამ ფრენას თუ არ ვიყიდიდი და მეორეც, ალიტალიით რადგან ჩავედ,ი დიდად ეკონომიური მაინც აღარ იყო.

შიდა გადააგილება ავტობუსით

იმიტომ, რომ ფრენა გაცილებით ძვირი ღირს და იმიტომაც, რომ ყველაფრის ისე ნახვა და გაკეთება მინდოდა, როგორც ადგილობრივები ხედავენ და აკეთებენ, თავიდანვე ავტობუსით მგზავრობა ვარჩიე. მენდეთ, ავტობუსი არგენტინაში ძალიან, ძალიან, ძალიან მოსახერხებელია. ნებისმიერი მარშუტი, სატრანსპორტო კომპანია და ფასი, შეგიძლიათ საიტზე plataforma10.com.ar ნახოთ. ეს ავტობუსების ერთგვარი ერთიანი საძიებო სისტემაა.

ყველა კომპანიის, ყველა ავტობუსში კი არსებობს ორი ტიპის სავარძელი: კამა და სემი კამა (საწოლი და ნახევრად საწოლი). კამა 180 გრადუსით იშლება, ანუ ჰორიზონტალური, ჩვეულებრივი, თბილი, რბილი, ღუნღულა საწოლია, სემი კამა - 120 გრადუსით, მაგრამ მაინც ძალიან მოსახერხებელია. რა თქმა უნდა, კამა უფრო ძვირი ღირს, სემი კამა უფრო იაფი და ფასში ეს განსხვავება მგზავრებს დილით, პირდაპირი გაგებით, სახეზე აწერიათ. ამას მაშინ მივხვდი, ერთ-ერთი მგზავრობის შემდეგ, სადგურის ტუალეტის სარკეში ჩემ გვერდით მდგომი (კამათი ნამგზავრი) გოგოს დასვენებულ სახეს რომ შევხედე (ჩემი სახისთვის თვალიც აღარ შემივლია). სემი კამათი მგზავრობას, სიიაფის გარდა, კიდევ ერთი ძალიან დიდი პლიუსი აქვს: კამა ავტობუსის ქვედა სართულზეა და ის სახედასვენებული გოგო, ზუსტად ვიცი, მთელი გზა ფანჯრის გარდა ვერაფერს ხედავდა (მით უმეტეს, 180 გრადუსით გადაშლილი საწოლიდან). სემი კამა კი მეორე სართულზეა და ყველაფერი ჩანს: აქლემები, ჩიტები, ცა, ცარიელი, გატკეცილი გზები, და რაც მთავარია, პატაგონიის თვალუწვდენელი სტეპები. ტერმინი “თვალუწვდენელი” ძალიან გაცვეთილი მეჩვენება, რადგან ბავშვობიდან უამრავჯერ მაქვს წაკითხული და მოსმენილი (მით უმეტეს, საქართველოს ბუნებაზე ნათქვამ სადღეგრძელოებში). შემდეგ, სინამდვილე ყოველთვის არ შეესაბამებოდა ხოლმე წარმოდგენილს და ამ ტერმინმაც დაკარგა წარმოსახული მასშტაბი.

თუმცა, პატაგონიის სტეპები ნამდვილად თვალუწვდენელია. ამ სიტყვის ყველაზე პირდაპირი, დიდი, რომანტიული და ფანტასტიკური გაგებით. შეიძლება, პეიზაჟი 10 საათის განმავლობაში არ შეიცვალოს და ერთი ხეც არ გამოჩნდეს არსად, მაგრამ ამ სტეპების ყურებისას ყველა შეგრძნება შეიძლება დაგეუფლოთ, მოწყენილობის გარდა. პირადად ჩემზე ჰიპნოზის ეფექტი ჰქონდა, ასე რომ, ჩემს 120 გრადუსზე გადაშლილ სავარძელში, საძილე ტომარაში ჩამძვრალს, ყოველ ჯერზე, მთელი ღამე ტკბილად მეძინა. ამიტომაც, თუ ჩემსავით ფიქრობთ, რომ ყველაზე მოუხერხებელი სავარძელიც რომ იყოს (რაც არგენტინულ ავტობუსში არ არსებობს), მგზავრობა მაინც მალე დამთავრდება, მე სემი კამას გირჩევთ. თანაც, თუ არ დაიძინებთ, ისეთი სასწაული ფერის ცას ნახავთ, ერთი ღამის უძილობა რა მოსატანია?

მანქანის დაქირავება

ეს ყველაზე მოკლე პუნქტი იქნება, რადგან შიდა გადაადგილების მესამე და ალბათ, ყველაზე საინტერესო გზით მე არ მისარგებლია და ამაზე ვერაფერს დავწერ. ჩემი აზრით, სამი-ოთხი ადამიანისთვის გადაადგილების ყველაზე ეკონომიური საშუალება ეს იქნება და თუ მარტო არ მოგზაურობთ, კარგი იქნება, ეს გზაც განიხილოთ. უბრალოდ, მე ამაზე რჩევები არ მაქვს.

მოგზაურობის დაგეგმვისას ჩემი ერთთვიანი ტურის ძირითადი მონახაზი ეს იყო: ბუენოს აირესი - პუერტო მადრინი - უშუაია - ელ კალაფატე - პუერტო იგუასუ - სალტა - ბუენოს აირესი. ამ სიინდან მხოლოდ სალტას ნახვა ვერ მოვასწარი და ხელახლა რომ ვგეგმავდე, თან, ეს ინფორმაცია მქონდეს, ალბათ, ზოგ რამეს შევცვლიდი და იმასაც მოვასწრებდი. თუმცა, არა უშავს, სალტას ნახვა (თუ არნახვა) აქ დაბრუნების საუკეთესო მიზეზი იქნება მომავალში.

ბუენოს აირესი

ბუენოს აირესი იმდენად დიდი ქალაქია, რომ ორ-სამ დღეში ნახვა წარმოუდგენელია, მაგრამ რადგან მე მხოლოდ ორი დღე მქონდა და პირველივე დღეს მინდოდა ქალაქი მთლიანად მენახა, ტურისტული ავტობუსით ვისარგებლე. დაახლოებით 20 ევრო ღირს (2 დღინი მარშუტია) მაგრამ ნამდვილად იდეალური შესაძლებლობაა ქალაქის გასაცნობად. 10-ენოვანი აუდიო გიდი, ქალაქის სრული ისტორია, ნებისმიერ უბანში ჩამოსვლის და იქიდანვე, ან სხვა გაჩერებიდან ტურის ხელახლა გაგრძელების სრული თავისუფლება, ღია სივრცე, შესანიშნავი მუსიკა, მოკლედ, მაშინაც კი, თუ დროში შეზღუდული არ ხართ, ჩემი აზრით, ქალაქის ტურის იდეალური ვარიანტია.

პუერტო მადრინი

სიმშვიდე, პლაჟი, სითბო და საოცარი მზის ჩასვლა. ქალაქში, მაღაზიების გარდა, სანახავი ბევრი არაფერია, მაგრამ 22-საათიანი მგზავრობის შემდეგ ნამდვილ სამოთხედ მომეჩვენა. მომდევნო დღეების ექსკურსიების პაკეტის ყიდვა ყველგან შეგიძლიათ: ტურისტულ ცენტრში, სააგენტოში, ნებისმიერ ჰოსტლსა და სასტუმროში. ფასები ყველგან ერთი და იგივეა. არც ერთი ცენტით მეტი, ან ნაკლები. ორი ძირითადი მარშუტია - პენინსულა ვალდესი და პუნტა ტომბო.

ვეშაპი ოკეანეში

ფოტო: ნანა ზარდიაშვილი

ორივე ექსკურსია დაახლოებით 8 საათზე იწყება და 18 საათზე მთავრდება. ვალდესის ნახევარკუნძულზე ნახავთ აქლემის რამდენიმე ნაირსახეობას, ბუებს, მაგელანის პინგვინების მცირე კოლონიასა და რაც მთავარია, ყურეში გემით გახვალთ ვეშაპების სანახავად. ეს დღის მთავარი სანახაობაა, რადგან თუ მეორე დღეს პუნტა ტომბოს ნახვა გაქვთ გადაწყვეტილი, პინგვინებით აღფრთოვანებას იქაც მოასწრებთ. პუნტა ტომბოში 350 ათასი პინგვინი ცხოვრობს და ეს ყველაზე დიდი კოლონიაა. პუერტო მადრინში ზღვის ლომებთან ერთად ცურვის (ყვინთვის) საშუალებაც არსებობს. თუ ჩასვლის დღეს ორი საათი მაინც გექნებათ თავისუფალი, აუცილებლად სცადეთ. ეს ნამდვილად საოცარია.

უშუაია - ფინ დელ მუნდო (სამყაროს დასასრული)

უშუია, არგენტინა

ფოტო: ნეტგაზეთი

ეს არის ყველაზე მაცდუნებელი სახელის მქონე, ყველაზე დამაინტრიგებელი და ოცნებების კორიანტელის დამატრიალებელი ქალაქი, მაგრამ ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, არ ნიშნავს “ყველაზე ლამაზს”. იმის წარმოდგენა, რომ სამყაროს დასასრულში ჩახვალ, სურათს გადაიღებ ტაბლოსთან, რომელსაც დიდი ასოებით აწერია “სამყაროს დასასრული”, რომ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში მისულს პასპორტში პინგვინიან ბეჭედს ჩაგირტყამენ წარწერით “ანტარქტიდის კარიბჭე”, რომ პატაგონიის არქიპელაგში, ბიგლის არხში, გემით გახვალ ზღვის ლომების ღრიალს მოისმენ და სამყაროს ბოლო შუქურას ნახავ, ალბათ, ნებისმიერს აუჩქარებს გულს. ამიტომაც, უშუაიაში ყოველთვის მილიონობით ტურისტია.

უშუია, არგენტინა

ფოტო: ნანა ზარდიაშვილი

უშუია, არგენტინა

ფოტო: ნანა ზარდიაშილი

ჩემი აზრით, სწორედ ამან აქცია ქალაქი იმად, რაც არის. ეს არის სასტუმროების, ჰოსტელებისა და მაღაზიების უწყვეტი რიგი. ერთმანეთზე უფრო მახინჯი შენობები და უძვირესი ფასები. თუმცა, ეს ყველაფერი (ფასების გარდა) მხოლოდ წამოსვლის დღეს შევნიშნე, როცა შოკიდან და ბურანიდან გამოვფხიზლდი, რადგან ეს არის ადგილი, სადაც 20-საათიანი დღეა და ყოველდღე წელიწადის ოთხივე სეზონია. დღე იწყება მზით, გრძელდება წვიმით, თოვლით, ცისარტყელებით, კაშკაშა მზით, ისევ წვიმით და ა.შ. საღამოს 11 საათზე თანდათანობით იწყებს შებინდებას და 4 საათზე ისევ კაშკაშა მზეა. ფერების ფეიერვერკი გამიგია, მაგრამ თუ ტერმინი ამინდის ფეიერვერკიც არსებობს, ეს უშუაიაა. და ეს ყველაფერი აუცილებლად დაგავიწყებთ მახინჯ შენობებს. რაც შეეხება ექსკურსიებს: აქაც ყველგან იყიდით პაკეტს. ერთი დღე ეროვნულ პარკში გასეირნებას ეთმობა, სადაც ზღაპრული ბუნებაა. (გარდა ამისა, შეგიძლიათ ე.წ. სამყაროს დასასრულის მატარებლითაც გაისეირნოთ, რაც მე არ გამიკეთებია და არც მინანია, რადგან აბსოლუტური ტურისტული მახეა). მეორე დღეს კი ბიგლის არხში გახვალთ და შუქურას ნახავთ.

გზა ელ კალაფატემდე

წესით, აქ ელ კალაფატეზე უნდა ვწერდე, მაგრამ უშუაიადან ელ კალაფატემდე ჩასვლა იმდენად საინტერესო თავგადასავალი აღმოჩნდა, აუცილებლად უნდა დავწერო: უშუაიადან ელ კალაფატესკენ მიმავალი ერთადერთი ავტობუსი სადგურიდან დილის 5 საათზე გადის. ასე რომ, 4:45 წუთზე უკვე სადგურში ვიყავი. მძღოლმა გაგვაფრთხილა, ცოტა ხანს თუ არ დაიძინებთ, ფანიანოს ტბის საოცარ ხედებს ნახავთო, რაც, სხვა მგზავრების არ ვიცი, მაგრამ მე სამწუხაროდ, არ მინახავს, რადგან მაშინვე ჩამეძინა. 8-საათიანი მგზავრობისა და ჩილე-არგენტინის საზღვრის სამ-სამჯერ გადაკვეთა-გადმოკვეთის შემდეგ, მაგელანის სრუტეს მივადექით, სადაც გზა, პირდაპირი მნიშვნელობით, მთავრდება. უშუაიადან კონტინენტზე გადასასვლელი ერთადერთი საშუალება გადაცურვაა. ამიტომაც არსებობს ბორანი, რომელსაც ყველა და ყველაფერი გადაჰყავს და გადააქვს.

მაგელანის სრუტე ზუსტად ისეთი ბობოქარი აღმოჩნდა, როგორიც წარმომედგინა. თურმე, წესით სულაც არ უნდა ყოფილიყო ასე. ზოგადად, თურმე ძალიან მშვიდი და აუღელვებელია, ამიტომაც ჩვენ კი მივედით, მაგრამ ბორანი არ მოვიდა. კონტინენტზე იდგა და ქარის ჩადგომას ელოდა. ქარს კი ჩადგომა იმ დღეს სულაც არ ქონდა გეგმაში. უამრავი ავტობუსის უამრავი მგზავრი ერთადერთი ბარის ერთადერთ დახლთან და ერთადერთ ტუალეტთან დადგა უგრძელეს რიგში. მე, როგორც მოწესრიგებულმა მოგზაურმა, წინა დღეს გავიმზადე ბუტერბროდი, ორი მანდარინი და წყალი.

ასე რომ, სულაც არ მიფიქრია იმ რიგში ჩადგომა. მძღოლთან მშვიდად მივედი და ჩემოდნის გამოღება ვთხოვე, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ჩილეში შესვლისას ყველა საბარგულს ამოწმებენ და მერე ლუქავენ. რაც ყველაზე მთავარია, არგენტინიდან ჩილეში არც ხილისა და არც ხამონის შეტანა არ შეიძლება, ამიტომ როგორც კი საჭმელი ვახსენე, მძღოლმა “დამამშვიდა”, საბარგული ღია რომც იყოს, ეგ შენი ორი მანდარინი და ხამონიანი სენდვიჩი ჩილეს საზღვარზე იქნა სეკვესტრირებულიო. ბოლოს და ბოლოს, ღამით, მშიერმა და გაყინულმა, როგორც იქნა ფეხი დავდგი ბორანზე, ვარსკვლავებით რომანტიულად განათებული ჩილეს ცის ქვეშ გადავცურეთ მაგელანის სრუტე და მიწაზე დავბრუნდით. რა თქმა უნდა, გეგმები აირია და ელ კალაფატეში ჩასვლის ნაცვლად იმ ღამეს პირველივე ჰოსტელში დავრჩი, მეორე დილით კი გზა განვაგრძეთ.

ელ კალაფატე

ფოტო: ნანა ზარდიაშვილ

ელ კალაფატე პატარა, საყვარელი ქალაქია. მართალია, მთავარი ქუჩა ელ ლიბერტადორი, აქაც მაღაზიებითაა სავსე, მაგრამ ძალიან ლამაზი და კოპწიაა. ეს იმიტომ, რომ არგენტინის წინა მთავრობა (თუ სწორად მახსოვს) ელ კალაფატედან იყო და ყველაფერი გააკეთეს ამ ქალაქის გასალამაზებლად და პოპულარიზაციისთვის. ელ კალაფატეში ჩასვლის ძირითადი მიზეზი სამყაროს ყველაზე ლამაზი მყინვარის, აისბერგების “მშობლის”, პერიტო მორენოს ნახვაა. ტურის პაკეტს სასტუმროშივე იყიდით. სამი ტიპის ტური არსებობს: მყინვარი, მყინვარი+გემი, მყინვარზე ასვლა და ბოლოს მისივე ყინულით გაზავებული ვისკის დალევა.

ფოტო: ნანა ზარდიაშვილი

ფოტო: ნანა ზარდიაშვილი

ემოცია და შესაბამისად, ფასები განსხვავებულია, ამიტომ, საკუთარი ინტერესისა და შესაძლებლობის მიხედვით გადაწყვიტეთ. არა აქვს მნიშნველობა რომელ ტურს აირჩევთ, ამ დღეს მაინც ვეღარასოდეს დაივიწყებთ. მეორე დღეს ელ ჩალტენის ნახვა შეგიძლიათ. ერთდღიანი ტურია. ელ ჩალტენს ტრეკინგის დედაქალაქს ეძახიან. ასე რომ, თუ მთაში სიარული გიყვართ, აუცილებლად უნდა წახვიდეთ. მე ნაყიდი ტური გავაუქმე, რადგან მაგელანის სრუტის თავგადასავალი, როგორც ჩანს, ჩემს ორგანიზმს დიდად არ მოეწონა. ელ ჩალტენის ტურის დღეს არც ელ ჩალტენი მინახავს და არც ელ კალაფატე, რადგან მთელი დღე სიცხიანი ვიწექი ჰოსტელში.

დაბრუნება ბუენოს აირესში

ბუენოს აირესში დაბრუნება ამის შემდეგ, თითქმის სავალდებულოა, რადგან სამხრეთიდან იგუასუმდე პირდაპირი ფრენა არ არსებობს (ან მე ვერ ვნახე) გადაჯდომა რომც არ მოგიწიოთ, თვითმფრინავი ბუენოს აირესში მაინც გაჩერდება მგზავრების ასაყვანად. მე ქალაქი მხოლოდ ტურისტული ავტობუსიდან მქონდა ნანახი, ამიტომ 4 დღით დავრჩი. როგორც მთელი არგენტინა, ქალაქი ბუენოს აირესიც უზარმაზარია. ეს არ არის ქალაქი ჩვენი გაგებით. ეს ფედერაციული ქალაქია, რომლიც თითო უბანიც, ალბათ გორის, ბათუმის და ერთად აღებული მთელი კახეთის ხელაა. ამიტომ, ქალაქი ბუენოს აირესი სხვა არის და ფედერაციული ქალაქი ბუენოს აირესი - სხვა. ოდესმე წარმოიდგენდით, რომ არსებობს ტერმინი დედაქალაქის დედაქალაქი? აქ ასე ქვია ლა პლატას, რომელიც დედაქალაქის ადმინისტრაციულ დედაქალაქს წარმოადგენს და რომელსაც, სინამდვილეში, არაფერი აქვს საერთო ბუენოს აირესთან და მის უბნებთან - ერთი არაფრისმთქმელი, საუნივერსტეტო, ბიუროკრატიული ქალაქია. აი, ბუენოს აირესის ნამდვილი ისტორიული უბნები კი ნამდვილი სასწაულია. პალერმო თავისი ბაღებით, ელ ტელმო ბაზრითა და ვიწრო ქუჩებით, ლა ბოკა თავისი ფერებით, სუნებითა და კრიმინალური იმიჯით განუმეორებელია.

აქ ბუენოს აირესის კრიმინალურობის თემას მივაბამ ბარემ, რადგან ვახსენე: ჩემი ერთი მეგობარი წამოსვლის წინა დღემდე მიმანიშნებდა (უფრო ზუსტად პირდაპირ მეუბნებოდა), რომ არგენტინაში მარტო წასვლა ნამდვილი სიგიჟეა. იტალიურ ფორუმებზეც მარტო ბუენოს აირესში გაძარცულ ხალხზეა ლაპარაკი. მაგრამ ვის ვის და 90-იან წლებგამოვლილ ქართველებს მართლა არ უნდა გვეშინოდეს არაფრის. აქ იპარავენ, ანუ ყურადღებით თუ არ ხარ, ჯიბიდან გაცლიან, მაგალითად, ტელეფონს, მაგრამ საყურეს არავინ გახევს, ჩანთას ხელიდან არავინ წაგგლიჯავს იმიტომ, რომ დღისით ყველგან, აბსულუტურად ყველა ნაბიჯზე შეიარაღებული კერძო დაცვა და პოლიცია დგას. საღამოს, როცა კერძო დაცვა მუშაობას ამთავრებს და სახლში მიდის, რა თქმა უნდა, საფრთხე მეტია, მაგრამ როცა ერთხელ გადაწყვეტთ, რომ წამოხვიდეთ, იმასაც გაიზრებთ, რომ ეს თქვენი უბანი არ არის, ეს 30-მილიონიანი ქალაქია და მეტი სიფრთხილეა საჭირო. თანაც, მთელი ეს კრიმინალი, რაზეც ამდენს წერენ და ლაპარკობენ, მხოლოდ ბუენოს აირესსა და ისიც გარეუბნებს ეხება. მთელი დანარჩენი არგენტინა მშვიდად შეგიძლიათ შემოიაროთ. მოკლედ, ნუ იფიქრებთ ცუდზე, მე, მაგალითად, ავლაბარში მომპარეს ტელეფონი, ჩემს ერთ ნაცნობს - პალერმოში მოპარეს ფოტოაპარატი და ა.შ. ანუ რაღაც ყველგან შეიძლება მოხდეს, მაგის შიშით კი სადმე არწასვლა, ჩემი აზრით, მეტი დანაშაულია.

პუერტო იგუასუ

ფოტო: ნანა ზარდიაშვილი

პუერტო იგუასუში ბუენოს აირესიდან ანდეს აირლაინესით შეგიძლიათ იმგზავროთ ეკონომიურად, ან თუნდაც ავტობუსით, მაგრამ ალბათ იმიტომ, რომ მე წინა დღეებში სიცხე მქონდა, თან თვითმფრინავი ავტობუსზე სულ ოდნავ ძვირი იყო, თვითმფრნავი ვარჩიე. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე პატარა, ძველი, ხმაურიანი და რახრახა თვითმფრინავი. ფილმში “წინადადება” ალიასკაზე რომ მიფრინავენ, ზუსტად ისეთი, მაგრამ მაინც მშვენივრად ჩაფრინდა ტროპიკული ტყის შუაგულში აშენებულ ერთ ციდა აეროპორტში. ქალაქამდე მისასავლელი ერთადერთი საშუალება მიკროავტობუსია. ერთი გზა დაახლოებით 6 ევრო ღირს. ბილეთის უკანა მხარეს კომპანიის ნომერი აწერია, რომელზედაც უნდა დარეკოთ და დაბრუნების ტრანსფერი დაჯავშნოთ ფრენამდე 24 საათით ადრე. იგუასუს ჩანჩქერებს ორი მხარე აქვს: არგენტინისა და ბრაზილიის. არგენტინის მხარის სანახავად მთელი დღეა საჭირო. ბრაზილიის მხარეს, რომელიც, ერთი შეხედვით, უფრო შთამბეჭდავია, 2-3 საათში მოივლით. ორივე ულამაზესია.

იგუასუ

ფოტო: ნანა ზარდიაშვილი

ფოტო: ნანა ზარდიაშვი

შეუძლებელია არ აღფრთოვანდე ბუნების ამ სასწაულის წინაშე, როცა 270 ჩანჩქერი ერთდროულად ეშვება ღრმულში, რომელსაც გარგანტა დე დიაბლო - ეშმაკის ყელი ქვია. აქ მართლა ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ უზარმაზარი გოლიათი ერთიანად ყლაპავს და ნთქავს, მთელ სამყაროში არსებულ წყალს და როცა უკვე სუნთქვაშეკრულს თავბრუ გეხვევა და გგონია, მალე შენც თან ჩაგიტანს ქვემოდან მოშტერებული სიცარიელე, წყალზე ერთბაშად სამი ცისარტყელა აირეკლება და ყველაფერი თავიდან იწყება. გამოფხიზლება, სუნთქვის შეკვრა, თავბრუს დახვევა - ეს არის უმართავი ემოცია. როცა ყველაფერი ერთად გინდა: ტირილი, ყვირილი, სიცილი, სიყვარული და ბოლოს ისევ ტირილი, რადგან, სანამ შენ ამ უზარმაზარი ჩანჩქერის წინაშე სუნთქვაშეკრული დგახარ, ან სურათის გადაღებას ცდილობ, ვერც კი ამჩნევ როგორ სველდები. აქ უკვე ტირილ-სიცილის რომანტიკა მთავარდება, რადგან თუ უკვე გადაღებული ფოტოებისა და საერთოდ ფოტოაპარატის გაფუჭება და ამაზე ნამდვილი ტირილი არ გინდათ, აუცილებლად უნდა იფიქროთ შხეფებისაგან ტექნიკის დაცვაზე. ფოტოაპარატის დამცავები ამაზონზე იყიდება. ტელეფონის დამცავი ჩანთა კი პარკის შესასვლელშივე შეგიძლიათ ნახოთ. მე არც ერთი მქონდა, ამიტომ ჩემს საწვიმარს ვიყენებდი. ასე რომ, მე თავიდან ფეხებამდე კი გავილუმპე, მაგრამ ორივე მოწყობილობა გადავარჩინე. რადგან ბრაზილიის მხრიდან ჩანჩქერების ნახვას მხოლოდ 2-3 საათი სჭირდება, მეორე დღეს ბრაზილიაში წასვლამდე პარაგვაიში წასვლა გადავწყვიტე.

იგუასუ

ფოტო: ნანა ზარდიაშვ

მართალია, საქართველოს მოქალაქეებს ვიზა გვჭირდება, მაგრამ ტურისტული მიზნით როცა მიდიხარ, საბუთებს არ ამოწმებნო, ასე მითხრეს. თუმცა, იმის მერე, რაც მე იქ ვნახე, ეჭვი მეპარება იქ ოდესმე ვინმე რამეს ამოწმებდეს. ეს იყო წარმოუდგენელი რამ. ავტობუსის მძღოლმა ზეპირად იცოდა ყველა ნარკომოვაჭრის სახლი და სახელი. წარმოიდგინეთ, ქუჩის ყველა კუთხეში პოლიცია დგას და ყველამ იცის, რომ თუ ფულს არ მისცემ, მთავარი გზიდან გადაგახვევინებს და კრიმინალურ უბანში გაგიშვებს (იქიდან კი როდის და როგორ გამოხვალ, ეგ მეორე საკითხია). ქუჩაში ქალსა და კაცს, განურჩევლად ასაკისა, დაწითლებული თვალები და ნარკოტიკისაგან გაშტერებული მზერა ქონდა. სიუდად დელ ესტე ეს არის ქალაქი, რომელის დავიწყებასაც აუცილებლად შევეცდები. რა თქმა უნდა, იქ დარჩენაზე აღარც მიფიქრია და პირდაპირ ფოც დე იგუასუსკენ გავწიე. დიდი ქალქია, მაგრამ როგორც ავტობუსის ყოვლისმცოდნე მძღოლმა თქვა, აქაც ოთხი-ხუთი საათის შემდეგ კრიმინალური ავტორიტერები გამოდიან და ამ დროს ხალხი სახლებში უნდა იყოს. ეს არ ეხება მხოლოდ ბრაზილიას.

აქ ერთ მდინარეზე გადის ბრაზილია, არგენტინა, პარაგვაის საზღვარი, იმ მდინარეზე კი კაცმა არ იცის, რა ხდება ღამით (მძღოლის სიტყვებია :) ). ამ ისტორიების მოსმენისა და იმ საშინელი ქალაქის ნახვის შემდეგ, რა თქმა უნდა ჩანჩქერები ერთი ათად ამაღლდნენ ჩემს თვალში. მაგრამ როგორც რამდენიმე წუთის შემდეგ მივხვდი, ეს ოპტიკური ილუზია არ ყოფილა, უბრალოდ, ბრაზილიის მხარეს ჩანჩქერების ნახვის შესაძლებლობა მხოლოდ ქვემოდან არის, ამიტომ ბევრად უფრო მაღალი ჩანს. არგენტინის მხარეს გეჩვენება, რომ შენც ეშმაკის ყელში ჩაგიტანს წყალი, ბრაზილიის მხარეს კი თითქოს მთელი ჩაყლაპული წყალი თავზე გესხმება.

იგუასუ

ფოტო: ნანა ზარდიაშვილ

მესამე ექსკურსია ჩიტების პარკის ნახვაა. ორი წუთის სავალზეა და როგორც წავიკითხე, უამრავი ფერადი ჩიტია, მაგრამ მე ჩიტები არ მინახავს, რადგან ჩანჩქერების თავზე ვერტმფრენით გასეირნება გადავწყვიტე. ამ თემაზე ბევრს არ მოვყვები, მხოლოდ ერთს ვიტყვი: ამ გასეირნების შემდეგ ორი ღამე არ მძინებია. პირველ ღამეს ემოციის გამო, იმდენად დიდი სასწაული იყო (თან პილოტის გვერდთ ვიჯექი), მეორე ღამით იმაზე ფიქრი არ მაძინებდა, რამდენი გადავიხადე ამ 15-წუთიან სასწაულში. თუმცა, მართალია, მაგ გასეირნების მერე ბიუჯეტის ჩარჩოებში დასაბრუნებლად, უკვე მეხუთე დღეა, არ მივახშმია და სადილზეც მხოლოდ თითო ბუტერბროდს ვჭამ, მაგრამ ამად ღირდა. თუ რესტორნებში ვახშმობა და შოპინგზე სიარული თქვენი მოგზაურობის მთავარ გატაცებას არ წარმოადგენს, აუცილებლად ნახეთ ჩანჩქერები ვერტმფრენიდან. იმაზე იფიქრეთ, რომ ამას იმსახურებთ და რომ ამ ჩანჩქერებთან შედარებით ცნობილი ნიაგარა და მით უმეტეს ანხელი, სახლის მცირე ზომის აბაზანებია.

და მაინც, თუ ფიქრობთ რატომ უნდა წამოხვიდეთ ასე შორს, თუ დეიდათქვენიც დეიდაჩემივით გეკითხებათ: კი მაგრამ აქეთ უკვე ყველაფერი ნახე? თუ თქვენი მეზობელიც გიმტკიცებთ, რომ ტყუილად კარგავ დროს, რადგან საქართველოზე უკეთესს მაინც ვერაფერს ნახავ, თუ თქვენს ნაცნობებსაც უკვირთ, რომ შეიძლება სამყაროს დასასრულს მდებარე ქალაქში საერთოდ მზე ანათებდეს, თუ თქვენს მეგობარსაც ეშინია თქვენს გამო და ცდილობს, “სადმე მშვიდ ქვეყანაში” წასვლაზე დაგიყოლიოთ, მაშინ უპასუხეთ, რომ არგენტინაში მოგზაურობის ყოველი დღე, თითო მოგზაურობაა, ეს არის ათასი მოგზაურობა ერთში, ეს არის ათას ქვეყანაში მოგზაურობა ერთი ქვეყნის ფარგლებში, ეს წელიწადის ოთხივე სეზონის ერთ დღეს ცხოვრების შესაძლებლობაა და რომ ეს… ან სულაც ნურაფერს უპასუხებთ, აიღეთ ზურგჩანთა და წადით, იგუასუს ჩანჩქერების სიდიადე, პერიტო მორენოს ცისფერი ყინული (ეს კი ნამდვილად ოპტიკური ილუზიაა), არგენტინის ტბის ზურმუხტიფერი წყალი, ქუჩაში ნანახი ტანგო და ბოკას ფერები ყველა კითხვას მაინც ერთბაშად დაგავიწყებთ.