საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით ქრისტესმიერი სიყვარულით მოგესალმებით ყველას, მოგილოცავთ და თქვენთან ერთად ვიზიარებთ 100 წლის წინ რუსეთის ეკლესიაში მომხდარი უმნიშვნელოვანესი ფაქტით, - წმიდა სინოდის შეკრებით და ამ სინოდზე პატრიარქის მმართველობის აღდგენით, - გამოწვეულ სიხარულს.
ეს განცდა ჩვენთვის ფრიად ახლობელია, რადგან საქართველოს ეკლესიამაც საკუთარ თავზე გამოსცადა პატრიარქობისა და ავტოკეფალიის გაუქმებით მიყენებული სიმწარეც და მისი მოპოვებით გამოწვეული უდიდესი სიხარულიც.
ჩვენ ერთნაირი ხვედრი გვქონდა ათეისტური რეჟიმის დროსაც და ორივემ დიდი თავდადებისა და მსხვერპლშეწირული მსახურებით გადავლახეთ ეს უმძიმესი განსაცდელი.
დღეს სხვა რეალობაა. თუმცა, ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები კვლავაც სერიოზულია და, ამასთან, მრავალფეროვანი როგორც სულიერ, ისე პოლიტიკურ, სოციალურ, ეკოლოგიურ, თუ სხვა სფეროში.
მაგალითად, როგორც ცნობილია, რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენი ეკლესიები ინარჩუნებენ მეგობრულ დამოკიდებულებასა და ევქარიტიულ ერთობას, მაგრამ სიტუაციის განმუხტვისათვის ეს არ არის საკმარისი. აუცილებელია, შეიცვალოს ვითარება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და ჩვენს სახელმწიფოებს შორის დამოკიდებულება სამართლიანობასა და ურთიერთპატივისცემას დაემყაროს, რის შესახებაც ჩვენ ადრეც არაერთხელ აღგვინიშნავს. წმ.წერილში ვკითხულობთ: "სიმართლე და სამართლის თქმა, მსხვერპლზე უფრო სასურველია უფლისათვის" (სიბძნ.სოლომნ. 21;3).
ვიმედოვნებთ, ღვთის წყალობით, სიმართლე და მშვიდობა იზეიმებს.
დღევანდელი დღე, ბუნებრივია, საერო და სასულიერო ხელისუფალთა ურთიერთობის საკითხებზეც გვაფიქრებს. რა თქმა უნდა, ორივე მათგანის მიზანი ღვთისა და ხალხის მსახურება უნდა იყოს, მაგრამ მათ თავ-თავისი სამოქმედო სფერო აქვთ.
როგორც ადამიანი შედგება სულისა და ხორცისაგან, მართლმადიდებლური გაგებით, სახელმწიფოც ასევე წარმოადგენს სასულიერო და საერო მმართველობის ერთობლიობას და, ამასთან, თვითოეული თავისი მიმართულებით მოქმედებს, ოღონდ, ვიმეორებთ, ერთი მიზნისკენ, - ღვთისა და ხალხის ერთგული მსახურებისათვის; ხოლო სადაც ეს ასე არ ხდება, იქ ბალანსი ირღვევა და არასწორ გამოვლინებებს აქვს ადგილი, თუნდაც ისეთს, როგორიც ეს იყო რუსეთის ეკლესიის ცხოვრებაში პატრიარქობის აღდგენამდე.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ წარსულისაგან და აღარ გავიმეოროთ იგივე შეცდომები.
თქვენო უწმიდესობავ, პატრიარქო კირილე, კიდევ ერთხელ გულითადად გილოცავთ ამ საიუბილეო თარიღს, ვულოცავ მას თქვენი ქვეყნის ხელისუფალთ, სასულიერო დასსა და მორწმუნე ერს და ვუსურვებ თქვენს ეკლესიას თავდაუზოგავი მუშაკობით მართლმადიდებელი სამყაროს საკეთილდღეოდ ბოლომდე შეძლოს ღვთის ჭეშმარიტი გზით სამწყსოს წარმართვა.
"ღმერთმან მშვიდობისამან, დაე, სრულგქმნათ თქვენ ყოველი კეთილი საქმის მისი ნებისამებრ აღსასრულებლად" (ებრ. 13, 20-21).
კომენტარები