შექმნეს ყურსასმენი, რომელიც მომხმარებლის ტვინის სიგნალებს კითხულობს
ფოტო: Neurable
Neurable ნეიროტექნოლოგიების სტარტაპია, რომელიც განსაკუთრებული ყურსასმენების გამოშვებას გეგმავს. მოწყობილობა არაინვაზიურ ტვინი-კომპიუტერის ინტერფეისს (BCI) წარმოადგენს.
კომპანიამ პრეს-რელიზში განაცხადა, რომ AI-ით გაძლიერებული ტვინის სენსორული ტექნოლოგიის ინტეგრირება სხვადასხვა საშუალებაში პირდაპირ შეუძლიათ, იქნება ეს ყურსასმენი, ქუდი, სათვალე თუ თმის სამაგრი.
მსგავსი მცდელობები უფრო ცნობილ კომპანიებსაც აქვთ, მაგალითად, ილონ მასკის Neuralink-ს, თუმცა ეს უკანასკნელი ამ მოწყობილობების ჩანერგვას ტვინში ცდილობს.
Neurable-მა აუდიომოწყობილობების კომპანია Master & Dynamic-თან ითანამშრომლა. პარტნიორობის მიზანი MW75 Neuro LT ყურსასმენების გამოშვებაა, რომლებიც მომხმარებლის ყურადღების მონიტორინგს ეცდება, რათა მუშაობის პროცესი შეგიფასოთ. სავარაუდოდ, ფასი $700 იქნება.
უცნობია, რამდენად ეფექტიანი იქნება ეს ყურსასმენი, რადგან ჯერჯერობით შეფასება ნაკლებად აქვს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ არაინვაზიური BCI ზოგადად გაუმართავია, მაგალითად, სიგნალის შესუსტების პრობლემები აქვს ხოლმე.
საინტერესოა, რომ Neurable-ს პენტაგონთან 1.2 მილიონდოლარიანი პარტნიორობა აკავშირებს. მიზანი საჰაერო ძალების ეკიპაჟის გონებრივი სიჯანსაღის შეფასებაა. ეს კრიტიკოსებს ეთიკური თვალსაზრისით პრობლემურად მიაჩნიათ, არამხოლოდ სამხედრო ძალებთან მიმართებით, არამედ ზოგადად ტვინის მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებითაც.
ზოგი კრიტიკოსი იმასაც შიშობს, რომ მსგავსმა მოწყობილობებმა ადამიანების ქცევის დისტოპიური ფორმებით კონტროლსაც კი შეიძლება შეუწყოს ხელი.
კომენტარები