განათლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა იმავე საქმიანობას დაუბრუნდება, რომლითაც მინისტრობამდე იყო დაკავებული - უნივერსიტეტში სწავლება და ტრენინგების ჩატარება. ასევე, ის აშშ-ში სწავლას და დოქტორის ხარისხის აღებას აპირებს. ამის შესახებ ჯეჯელავა ჟურნალისტებს დღეს, 14 ნოემბერს ესაუბრა:

"ჩემი ჩანაცვლება განაპირობა ერთობლივმა გადაწყვეტილებამ პრემიერ-მინისტრის და ჩემი კოლეგებისა, რომ ასე აჯობებდა განათლების სისტემისთვის."

ჯეჯელავას თქმით, პროფესიული განათლების განვითარება, განათლების ინტერნაციონალიზაცია, მასწავლებლის სქემის ცვლილება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და სკოლების განვითარება ის პოზიტიური რეფორმებია, რომლებიც მისი მინისტრობის დროს გატარდა.

განათლების ყოფილი მინისტრის განცხადებით, ახალი მინისტრის მიმართ მას ძალიან დადებითი განწყობა აქვს:

"მთავარ გამოწვევად ახალ მინისტრს ვუტოვებ სოფლის და ეროვნული უმცირესობების სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლების ნაკლებობას. ასევე, პროფესიულ სასწავლებლებში მცირე პროცენტი სტუდენტებისა."

ალექსანდრე ჯეჯელავა ერთ-ერთია იმ ექვსი მინისტრიდან, რომლებმაც ცვლილებების შედეგად მთავრობა დატოვეს. ის განათლების მინისტრის თანამდებობას გასული წლის ივნისიდან იკავებდა და ახლა მიხეილ ჩხენკელი ჩაანაცვლებს. მანამდე ჯეჯელავა მართვის აკადემიის თავმჯდომარე და წამყვანი ტრენერი იყო ზოგადი მენეჯმენტის, გაყიდვების მართვის, დროის მართვისა და პროექტების მართვის მიმართულებით.