ბირჟა მაფიის ერთ-ერთი წევრი, გიორგი ქებურია და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომლებიც მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე პირის ჩხრეკის შესაძლებლობას იძლევა. შესაბამისი სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე მიმართეს.

საკონსტიტუციო სარჩელის მიხედვით, EMC-ის აზრით, შემდეგი გარემოებები აჩვენებს გასაჩივრებული დებულებების არაკონსტიტუციურობას:

  • ოპერატიული ინფორმაციის და წყაროს გადამოწმების მექანიზმების არარსებობის მიუხედავად ჩხრეკა დასაშვებადაა მიჩნეული. ასევე, კონტროლის მიღმა დარჩენილი პირველწყაროს (კონფიდენტის) ინფორმაციაზე დაყრდნობით პირად ცხოვრებაში ჩარევა ზრდის თვითნებობის, შეცდომის დაშვების, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებს;
  • ჩხრეკის კანონიერების შემოწმებისას, სასამართლო სრულად ეყრდნობა მხოლოდ კონფიდენციალურ ინფორმაციას, ყოველგვარი დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების გარეშე;
  • ნარკოტიკული დანაშაულების გამოძიებისას, ჩხრეკა და მის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერება გადამწყვეტია ბრალის წასაყენებლად. შესაბამისად, ბრალდებულს არ აქვს სამართლებრივი მექანიზმი, ადეკვატურად დაიცვას თავი, რადგან ვერ აყენებს ოპერატიული ინფორმაციის წყაროს სანდოობის/რეალურობის გადამოწმების საკითხს;
  • პრობლემურია სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსიც, რომელიც პოლიციელს საშუალებას აძლევს ჩვენება არაიდენტიფიცირებადი წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მისცეს.

სარჩელის განხილვამდე, საკონსტიტუციო სასმართლომ ის დასაშვებად უნდა სცნოს.

რეპ ჯგუფის, ბირჟა მაფიის წევრები, გიორგი ქებურია და მიშკა მგალობლიშვილი სწორედ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. თავად რეპერების თქმით, მათ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური იმ კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს.