ჩინეთის კუანგსი-ჭუანგის ავტონომიურ რეგიონში მომხდარი ძლიერი წყალდიდობის გამო, ქვეწარმავლების ფერმიდან ასობით გველი გაიქცა. რეგიონს შაბათ-კვირას ტაიფუნმა "მაისაკმა" გადაუარა, რამაც მდინარეებისა და კაშხლების წყლის დონე კრიტიკულად გაზარდა. გამოცემები BBC და The Telegraph იუწყებოდნენ, რომ სტიქიას სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა.

ქვეწარმავლები ფერმიდან 6 ივლისს გაიქცნენ. სოციალურ ქსელებში ვიდეოკადრები ვირუსულად გავრცელდა. ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ გადაადგილდებოდნენ რეპტილიები სამხრეთით მდებარე სოფელ ხენგჭოუს მღვრიე წყალში.

ადგილობრივი სოფლის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ვუ ჭიმ, მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ სტიქიამ ფერმის შენობა მთლიანად წალეკა, რის შემდეგაც 900-ზე მეტი გველი გარეთ აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, გაქცეულ ქვეწარმავლებს შორის ბევრი სასიკვდილოდ შხამიანი კობრა იყო. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებდა, რომ გველების დამოუკიდებლად დაჭერა არ ეცადათ და ნებისმიერი შემთხვევის შესახებ მაშველებისთვის ეცნობებინათ.

კობრა ადიდებულ წყალში.

ფოტო: Newsflare

"ყველა ადგილობრივი მთავრობა მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს კატასტროფების პრევენციისა და ლიკვიდაციის საკითხებს, დეტალურად შეამოწმოს მდინარეები, ტბები, წყალსაცავები და სხვა გეოლოგიური საფრთხის შემცველი რეგიონები, გააძლიეროს ადრეული შეტყობინების, პრევენციისა და დახმარების სამუშაოები, რათა მაქსიმალურად დაიცვან ადამიანების სიცოცხლე და ქონება", — განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა სახელმწიფო ტელევიზიის, CCTV-ის ეთერში.