ისტორიაში პირველად, ჰუმანოიდმა რობოტმა ქირურგიული ოპერაცია ჩაატარა
ფოტო: UCSD
რობოტიკისა და კრიტიკული ჯანდაცვის სფეროში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა: ჰუმანოიდმა რობოტმა პირველად ჩაატარა ქირურგიული ოპერაცია. სან-დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის (UCSD) ქირურგებთან თანამშრომლობით, ჰუმანოიდმა რობოტმა ნაღვლის ბუშტი წარმატებით ამოკვეთა.
მეორე ოპერაციის დროს კი, ორმა ჰუმანოიდმა, გვერდიგვერდ მუშაობით, ნაღვლის ბუშტის ლაპარასკოპიული ამოკვეთა შეასრულა. კონცეფციის სისწორის დასადასტურებლად ჩატარებული ექსპერიმენტის ფარგლებში, ორივე პროცედურა არაპრიმატ ძუძუმწოვრებზე განხორციელდა.
"ეს კვლევა აჩვენებს, რომ ჰუმანოიდ რობოტებს ქირურგიის სფეროში პერსპექტიული მომავალი აქვთ", — განაცხადა მაიკლ იპმა, UCSD-ის ელექტროტექნიკისა და კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორმა და ნაშრომის ერთ-ერთმა წამყვანმა ავტორმა.
ჰუმანოიდი რობოტი კლინიკამდელი გამოცდის დროს ნაღვლის ბუშტის ლაპარასკოპიულ ამოკვეთას ატარებს
ფოტო: UCSD
"დისტანციურად მართვად და ავტონომიურ ჰუმანოიდ რობოტებს რეალური პოტენციალი აქვს, რომ ხელმისაწვდომობა იმ კრიტიკულ ოპერაციებზე გააფართოოს, რომლებსაც პაციენტები სხვაგვარად ვერ ჩაიტარებდნენ. ეს ჯანდაცვის კრიზისის დაძლევაში არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ მთელ მსოფლიოში დაგვეხმარება", — დასძინა მან.
ამ ტექნოლოგიური გარღვევის ავტორმა მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ამჟამად გამოყენებულ სპეციალიზებულ რობოტულ ქირურგიულ სისტემებთან შედარებით, ჰუმანოიდ რობოტებს არაერთი უპირატესობა აქვთ: ჰუმანოიდების წარმოება, როგორც წესი, უფრო იაფია, მათი განთავსება შორეულ რეგიონებში უფრო მარტივია, და შესასრულებელი პროცედურებისა და ამოცანების მრავალფეროვნებითაც გაცილებით აღემატება.
მედიცინის დოქტორმა, UCSD-ის მედიცინის სკოლის ქირურგიის ასისტენტ-პროფესორმა და ნაშრომის ერთ-ერთმა წამყვანმა ავტორმა, შანგლეი ლიუმ, რომელიც კვლევის დროს რობოტს დისტანციურად მართავდა, განაცხადა, რომ ეს გაცილებით იაფი ჯდება და საოპერაციო ბლოკში გაცილებით ნაკლებ ადგილს იკავებს.
"მისი გამოყენება მარტივია ნებისმიერ ადგილას, სოფლებიდან დაწყებული, ბრძოლის ველითა და კოსმოსით დამთავრებული", — დასძინა მან.
რობოტებს, მეტსახელად Surgie (სერჯი), სპეციალურად მომზადებული ქირურგები დისტანციურად მართავდნენ, თუმცა მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება მომავალში მათ ავტონომიურად ოპერირების საშუალებას მისცემს.
ადამიანი ქირურგისა და რობოტი ასისტენტისგან შემდგარმა გუნდმა ნაღვლის ბუშტი წარმატებით ამოკვეთა
ფოტო: UCSD
დოქტორმა იპმა განაცხადა, რომ მათი ერთ-ერთი მიზანი სწორედ ავტონომიური ქირურგიული ასისტენტის შექმნაა.
"ქირურგიულ გუნდში ადეკვატური პერსონალის სიმცირის პრობლემა ბევრ საზოგადოებას აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ პაციენტები მკურნალობას ვერ იღებენ. ჩვენი მიზანი მომავლის საოპერაციო ბლოკის შექმნაა, სადაც ჰუმანოიდი რობოტებისა და ადამიანების ერთიანი გუნდი, საჭირო პროცედურების ჩასატარებლად გვერდიგვერდ იმუშავებს, როგორც ტრადიციულ საავადმყოფოებში, ისე არატრადიციულ, საველე მედიცინის პირობებში", — დასძინა მან.
ოპერაციები დეტალურად აღწერილია ნაშრომში ჰუმანოიდი რობოტების მიზანშეწონილობის კვლევა ქირურგიაში, ცოცხალ ორგანიზმზე (In vivo feasibility study of humanoid robots in surgery), რომელიც ოთხშაბათს, სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
კომენტარები