1997 წელს Sotheby's-მა ბუნების ისტორიის აუქციონს უმასპინძლა, სადაც ჩვენი პრეისტორიული სამყაროს საოცრებები იყიდებოდა, თუმცა გასაყიდ ნივთებს შორის პირველად მოხვდა დინოზავრი.

ეს იყო ვიწრო წრისთვის განკუთვნილი ღონისძიება, რომელსაც ძირითადად მსოფლიო მუზეუმების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რათა თავიანთი კოლექციებისთვის ახალი ექსპონატები შეემატებინათ. საუბარი იყო ტირანოზავრ რექსზე, სახელად სიუ, რომელიც საბოლოოდ, 8 მილიონ დოლარად, ჩიკაგოს ფილდის მუზეუმმა იყიდა.

თითქმის 30 წლის შემდეგ, სამშაბათს, ყოველწლიურ აუქციონზე კიდევ ერთი T-rex გამოჩნდება, ამ სახეობის ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ნიმუში, რაც კი ოდესმე აღმოუჩენიათ.

ამჯერად, დინოზავრებზე მეცნიერების გარდა უმდიდრესი ადამიანებიც "ნადირობენ".

ახალი ექსპონატი, ცნობილი როგორც გასი, უკვე 30 მილიონ დოლარადაა შეფასებული, თუმცა, შესაძლოა, ამაზე მეტადაც გაიყიდოს და ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ დინოზავრადაც კი იქცეს.

ფოტო: Matthew Sherman

ეს ბუნების ისტორიის სამყაროში არსებულ მზარდ დებატებს კიდევ უფრო ამწვავებს: უნდა იყოს თუ არა ასეთი სამეცნიერო მნიშვნელობის ნიმუშები მხოლოდ მუზეუმებისა და მათი მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომი? ან, როგორც აუქციონერები ამტკიცებენ, უნდა დაჯილდოვდნენ თუ არა ნამარხებზე მონადირეები მეცნიერებისთვის დაკარგული დინოზავრების აღმოჩენისა და მათი მეორე გადაშენებისგან გადარჩენისთვის?

კასანდრა ჰატონმა, Sotheby's-ის ბუნების ისტორიის გლობალურმა ხელმძღვანელმა, ძალიან კარგად იცის, რა სირთულეებზე მიდის ზოგიერთი ნამარხების მკვლევარი მეცნიერი პალეონტოლოგი ამ არსებების საძიებლად.

გათხრებზე ადამიანები იღუპებიან

ამ მონადირეებიდან ბევრისთვის კი მთავარი ჯილდო ტირანოზავრი რექსია. ამ დინოზავრს, რომელიც მილიონობით წლის წინ ცხოვრობდა, აღწერა თითქმის არ სჭირდება, რადგან ჩვენს კულტურაში ისეთი ფილმებით უკვდავყვეს, როგორიცაა King Kong და Jurassic Park, ასევე მისი სახელი ჰქვია ერთ-ერთ ინგლისურ როკ-ჯგუფსაც.

"ადამიანები, რომლებიც ამ ნამარხებს ეძებენ, ველზე თვეებს ატარებენ, საკვები ზურგჩანთებით მიაქვთ და შუაგულ უკაცრიელ ადგილას კარვებს შლიან, ჩხრიალა გველებთან, მწერებთან და პუმებთან ერთად", — ხსნის კასანდრა.

გასი სამხრეთ დაკოტას უდაბნოში აღმოაჩინეს და მას ამ მიწის გარდაცვლილი მფლობელის სახელი დაარქვეს

ფოტო: Sotheby's

ეს სამხრეთ დაკოტაა, უდაბნო, სადაც ჩვენს პლანეტაზე ბინადრობიდან 67 მილიონი წლის შემდეგ, საბოლოოდ გასი აღმოაჩინეს. თუმცა, მისი პოვნა თითქმის ყველაზე მარტივი ნაწილია, განმარტავს დოქტორი ფიან სმითვიკი, დამოუკიდებელი პალეონტოლოგი, რომელიც ბოლო 20 წელია ნამარხებს აგროვებს და ინახავს.

მიწიდან ამოღებისთანავე წონასწორობას კარგავს, რაც, როგორც წესი, ნიშნავს, რომ იშლება და იმსხვრევა

თომას ჰაიტკამპმა და გუნდმა, რომელმაც გასი აღმოაჩინა (სახელი იმ რანჩოს გარდაცვლილი მფლობელის, გარი გას ლიკინგის პატივსაცემად დაერქვა, ვის მიწაზეც იპოვეს) ნამარხის ფრთხილად ამოთხრას სამი წელი მოანდომეს.

"ეს სრულ წელიწადს არ გულისხმობს", — განმარტავს კასანდრა ჰატონი — "გათხრები მხოლოდ საველე სეზონზეა შესაძლებელი. ამიტომ, უნდა დაელოდოთ, სანამ მიწა გალღვება. შემდეგ კი გამალებით თხრით, სანამ მიწა ხელახლა არ გაიყინება".

2023 წელს გათხრები დასრულდა, თუმცა გუნდი ნამარხის ამოღების პროცესის მხოლოდ შუა გზაში იყო. შემდეგ მათ T-rex-ის დოკუმენტირებასა და ლაბორატორიაში მის რეკონსტრუქციაზე კიდევ სამი წელი დახარჯეს.

დოქტორი ფიან სმითვიკი ხსნის, როგორ იწყება ნამარხების პოვნის შემდეგ გულდასმითი და შრომატევადი ამოთხრის პროცესი

ფოტო: Fiann Smithwick

სამშაბათის აუქციონი გუნდისთვის დიდი ხნის ნანატრი ანაზღაურების დღე იქნება და, შესაძლოა, დღემდე ყველაზე მასშტაბურიც აღმოჩნდეს. გასის წინასწარი შეფასება ყველაზე მაღალია და 30 მილიონ დოლარს შეადგენს.

აუქციონზე დინოზავრის გაყიდვის რეკორდი ამჟამად Apex-ს ეკუთვნის, სტეგოზავრს, რომელიც Sotheby's-მა 2024 წელს 44,6 მილიონ დოლარად გაყიდა, თუმცა ეს თანხა 11-ჯერ აღემატებოდა მის თავდაპირველ ღირებულებას. ნამარხებზე მომუშავე მსოფლიოს ზოგიერთი უძველესი და უდიდესი მუზეუმისთვის ეს თანხა მიუწვდომელია.

"სიძვირის გამო ძალიან ბევრ ნიმუშზე ხელი აღარ მიგვიწვდება", — განმარტავს პროფესორი სიუზანა მეიდმენტი, ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმის (NHM) დინოზავრების მკვლევარი.

აუქციონზე გამოტანილი ხუთი ყველაზე ძვირადღირებული დინოზავრი 2020 წლის შემდეგ გაიყიდა. მათ შორისაა სტენი, T-rex, რომელიც 2020 წელს 31,8 მილიონ დოლარად გაიყიდა, მისი საორიენტაციო ფასი 6-დან 8 მილიონ დოლარამდე იყო. და ეს, მისი თქმით, "ნამდვილად პრობლემურია". მისივე თქმით, პალეობიოლოგია (პლანეტაზე წარსულში არსებული სიცოცხლის შესწავლა) ასეთი მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა.

"ნამდვილ ნამარხს ვერაფერი ჩაანაცვლებს. თუ რაიმე კვლევის ჩატარებას ვაპირებთ, პირველ რიგში, ანატომია უნდა გვესმოდეს. უნდა ვიცოდეთ, რა არის ნამდვილი", — განმარტავს პროფესორი მეიდმენტი — "ახლა, სავარაუდოდ, მასობრივი გადაშენების პროცესში ვიმყოფებით, ჩვენს გარემოს ძალიან, ძალიან, ძალიან სწრაფად ვცვლით. წარსული არის ერთადერთი ემპირიული მონაცემი, რაც გაგვაჩნია, რათა გავიგოთ, რა ხდება ახლა და რა მოხდება მომავალში".

ეს მხოლოდ მეცნიერებზე მოქმედი გავლენაა. პროფესორი მეიდმენტის თქმით, საზოგადოებას მუზეუმში დინოზავრის ნამდვილი ძვლების ხილვა "მათ ბუნებრივ სამყაროსთან დაკავშირებაში ეხმარება".

აქვე აღნიშნავს, რომ დინოზავრის ნიმუშებს მათი სამეცნიერო ღირებულების გამო აღარ უყურებენ, "არამედ ისე, როგორც შეიძლება ხელოვნებას შევხედოთ", როგორც მდიდარი ადამიანების საკოლექციო ნივთებს, რამაც ფასების ზრდა გამოიწვია.

თავის ქალაზე ნაკბენის უზარმაზარი კვალია

კასანდრა ჰატონი ამტკიცებს, რომ გასის ფასი იმას ასახავს, რამდენად მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს იგი.

"გასი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და სრულყოფილი T-rex-ია, რაც კი ოდესმე აღმოუჩენიათ. იდენტიფიცირებულია ძვლების 61%, ზოგადად, ჩონჩხის ნახევრის პოვნაც კი უდიდესი სამეცნიერო აღმოჩენაა", — ამბობს ის.

ნამარხების სრულად ამოთხრას სამი წელი დასჭირდა, ხოლო დამატებით სამი წელი მათ დოკუმენტირებას და აღდგენას

ფოტო: Matthew Sherman

ძვლების მდგომარეობა ასევე ღრმა წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, როგორი ცხოვრება შეიძლება ჰქონოდა ამ არსებას. "თავის ქალის ზედა ნაწილში ნაკბენის უზარმაზარი კვალია, რომელიც შესაძლოა ბრძოლის დროს გაჩნდა. ასევე გვხვდება მოტეხილი ძვლები, ზოგიერთ ნეკნზე შესამჩნევია დიდი ამონაზარდები იქ, სადაც ისინი გატყდა და შემდეგ შეხორცდა".

კასანდრა ჰატონი ამბობს, რომ აუქციონში ჩასართავად თვეების განმავლობაში უკავშირდებოდა მუზეუმებს მთელ მსოფლიოში. მას სურს, რომ "ის, რაც მეცნიერულად მნიშვნელოვანია, საზოგადოების საკუთრებაში მოხვდეს".

თუმცა, მისი თქმით, ფასი უნდა ასახავდეს იმ დროს, უნარებს, ხარჯებსა და რისკებს, რაც დინოზავრების აღდგენას ახლავს თან. "გათხრებზე მომუშავე ბევრი ადამიანი უკიდურესად ხელმოკლედ ცხოვრობს. ისინი მდიდრები არ არიან. საკუთარი ფულის ინვესტირება უწევთ. დინოზავრებს მიწიდან მილიარდერები არ თხრიან".

თუმცა, მათ სწორედ მილიარდერები ყიდულობენ.

სტეგოზავრი Apex საინვესტიციო ფონდ Citadel-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს, კენეთ გრიფინს მიჰყიდეს. მას შემდეგ გრიფინმა Apex ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმს ოთხი წლით ათხოვა.

გუნდმა დოკუმენტირება გაუკეთა ამოთხრის პროცესსა და ნაპოვნ ნამარხებს, მათ შორის გასის ბრჭყალს (მარცხნივ) და ტერფის ძვალს (მარჯვნივ)

ფოტო: Sotheby's

დიდი ხნის განმავლობაში, მუზეუმები მდიდარ ადამიანებს ეყრდნობოდნენ, რომლებიც არტეფაქტებს ანდერძით ტოვებდნენ, ათხოვებდნენ ან საჩუქრად გასცემდნენ, რათა თავიანთი სამეცნიერო თუ ხელოვნების კოლექციები შეექმნათ, განმარტავს დოქტორი სმითვიკი, რომლის პროფესიაც ნამარხების მოპოვება და გაყიდვაა. თუმცა, ხელოვნების ნიმუშებისგან განსხვავებით, როდესაც საქმე ნამარხების შესწავლას ეხება, კერძო მფლობელების ფილანტროპიაზე დაყრდნობას ერთი დიდი დაბრკოლება ახლავს თან.

ყველაზე ავტორიტეტული სამეცნიერო ჟურნალები არ იღებენ კვლევებს, რომლებიც კერძო კოლექციაში არსებულ ნიმუშზეა ჩატარებული. სამეცნიერო სამყაროსთვის იგი თითქოს არც კი არსებობს. მთავარი არგუმენტი ისაა, რომ მეცნიერებს წლების განმავლობაში ნამარხის ხელახლა შესწავლა უნდა შეეძლოთ, რათა ერთმანეთის მოსაზრებებს დაეთანხმონ ან ისინი უარყონ, და საკუთარი მიგნებები ახალი ნიმუშების გამოჩენის პარალელურად გადაამოწმონ.

"რა ხდება თუ ამ ადამიანს ისინი მობეზრდება, მოკვდება, ან განქორწინდება? ბევრი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ნიმუშები კერძო კოლექციებში ინახებოდა, მათი სამეცნიერო აღწერა არსებობდა, მაგრამ საბოლოოდ სანაგვეზე მოხვედრილა", — ამბობს პროფესორი მეიდმენტი NHM-დან.

დინოზავრების მეორე გადაშენება

სმითვიკი ამბობს, რომ ნიმუშების დაკარგვის რისკი მუზეუმებთანაც არსებობს. ნამარხების ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი ადრეული კოლექციონერი მერი ენინგი იყო. 1829 წელს მან აღმოაჩინა Squaloraja-ს პირველი ნამარხი, ეს იყო უძველესი არსება, რომელიც ზვიგენებსა და სკაროსებს შორის გარდამავალ რგოლს წარმოადგენდა. მისი სხეული ბრისტოლის ინსტიტუტს გადაეცა, თუმცა საუკუნით გვიან, მეორე მსოფლიო ომის დროს, დაბომბვისას განადგურდა.

ნამარხი თევზის, Squaloraja (Spinacorhinus) polyspondila Agassiz-ის, წინა ნაწილის აკვარელი, ავტორი ჩარლზ ვებერი, (1835). აღმოჩენილია ლიასის ფენებში, ლაიმ-რიჯისში

ფოტო: ბრისტოლის მუზეუმი

მაგრამ ყველა, ნამარხების კოლექციონერიც, მუზეუმის მეცნიერიც და აუქციონისტიც თანხმდება, რომ ამ პროფესიონალი მონადირეების შრომისა და გამოცდილების გარეშე, სამეცნიერო კამათისთვის ნიმუშები აღარ იქნებოდა და მეცნიერული აღმოჩენებიც გაცილებით შემცირდებოდა.

"ისინი დინოზავრებს მეორე გადაშენებისგან იხსნიან", — ამბობს Sotheby's კასანდრა ჰატონი.

სმითვიკმაც კარგად იცის, რას ნიშნავს რბოლა ნამარხების გადასარჩენად მის "სანადირო ტერიტორიაზე", ინგლისის იურულ სანაპიროზე.

"მიპოვია ქვა თევზის იდეალური ანაბეჭდით, რომელიც ერთი საათის წინ იქ იყო, ახლა კი გამქრალია. წარმოიდგინეთ, მოდის ტალღა, რომელიც ამ ქვას ხლეჩს, შემდეგი ტალღა კი უბრალოდ სრულად შლის თევზის კვალს. ზღვამ ის 10 000 ნაწილად დაშალა და ეს არის ეს. სამუდამოდ დაიკარგა".

დროულად მოპოვებული ნამარხების უმეტესობა Sotheby's-ის მსგავს აუქციონის სახლში ვერასდროს მოხვდება.

ისინი შედარებით პატარაა და კულტურულად ნაკლებად დაფასებული, თუმცა, მისი თქმით, მათ შეიძლება მუზეუმებისა და საზოგადოებისთვის ბევრად უფრო დიდი ღირებულება ჰქონდეთ.

"არსებობს უამრავი სხვა ნიმუში, რომლებიც პალეონტოლოგიის უფრო ფართო ჭრილში მეცნიერულად გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება", — ამბობს დოქტორი სმითვიკი — "პარალელურად კი, სანაპიროზე არიან ადამიანები, რომლებიც ამონიტებს ბავშვებზე ყიდიან, რაც გარე სამყაროსადმი ცნობისმოყვარეობას აღვივებს".

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.