ისტორიაში პირველად, კოსმოსში თირკმლისა და ღვიძლის ქსოვილები ბიოპრინტერით დაბეჭდეს
ფოტო: NASA
კალიფორნიულმა კომპანია Auxilium Biotechnologies-მა განაცხადა, რომ კოსმოსში ღვიძლისა და თირკმლის ქსოვილების შექმნა შეძლო, რაც პირველი მსგავსი პრეცედენტია. ამისთვის მათ ბიოპრინტერის ტექნოლოგია გამოიყენეს, რომელიც ცოცხალი უჯრედებისგან ქსოვილის სამგანზომილებიანი ბეჭდვის საშუალებას იძლევა.
ექსპერიმენტი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ივნისში ჩატარდა. კომპანიის ორბიტული ბიოპრინტერი AMP-1 ჩრდილოეთ კაროლინის უეიკ-ფორესტის რეგენერაციული მედიცინის ინსტიტუტის მიერ შემუშავებულ მოდელებს დაეყრდნო. შედეგად მან თირკმლის, ღვიძლისა და ხრტილის ქსოვილი დაბეჭდა. გარდა ამისა, მოწყობილობის მეშვეობით ნერვების აღსადგენად განკუთვნილი 28 იმპლანტატიც შექმნეს.
დაბეჭდილი ქსოვილები და იმპლანტატები დედამიწაზე ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის სატვირთო კაფსულით Dragon დედამიწაზე 17 ივნისს ჩამოიტანეს. მკვლევრების თქმით, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ღვიძლისა და თირკმლის ცოცხალი ქსოვილის წარმატებით დაბეჭდვა რეგენერაციულ მედიცინაში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
მათი თქმით, მიკროგრავიტაციის პირობებში უჯრედები ქსოვილში თანაბრად გადანაწილდა. ეს კი სამედიცინო დანიშნულების მასალებისა და ქსოვილების კოსმოსში წარმოების პერსპექტივაზე მიანიშნებს.
ორგანოს ქსოვილი.
ფოტო: Auxilium Biotechnologies
იმპლანტატი.
ფოტო: Auxilium Biotechnologies
უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ბიობეჭდვის ექსპერიმენტი პირველად არ ჩატარებულა. მაგალითად, 2018 წელს კოსმონავტმა ოლეგ კონონენკომ მაგნიტური ველის გამოყენებით ხრტილის უჯრედებისგან ქსოვილი შექმნა (Bioprinter Organ.Aut-ის სახელით ცნობილი მოწყობილობით).
ამის მიუხედავად, AMP-1 ბიობეჭდვის პირველი სისტემაა, რომელმაც კოსმოსში ერთდროულად რამდენიმე ტიპის ქსოვილი შექმნა. კომპანიის განცხადებით, სწორედ ამ მოწყობილობით დედამიწის მიღმა ღვიძლისა და თირკმლის ქსოვილები ასევე პირველად დაიბეჭდა.
Auxilium Biotechnologies-ში მიაჩნიათ, რომ ასეთი ტექნოლოგია მომავალში მნიშვნელოვანი იქნება, თუ ორბიტაზე ბიოტექნოლოგიური, სამედიცინო და ახალი მასალების საწარმოო პლატფორმები შეიქმნება. მათი თქმით, ეს კოსმოსში ბიოწარმოების განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია და აჩვენებს, რომ ერთი მისიის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის სამედიცინო პროდუქტის შექმნა უკვე შესაძლებელია.
კომენტარები