ჩინეთმა მრავალჯერადი გამოყენების ორბიტული რაკეტა Long March 10B წარმატებით გამოცადა. აპარატმა ტვირთი დედამიწის დაბალ ორბიტაზე გაიტანა, რის შემდეგაც მისი პირველი საფეხური ოკეანეზე განთავსებულ პლატფორმაზე ვერტიკალურად დაეშვა. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ჩინეთმა მსგავსი რაკეტის უსაფრთხოდ დაბრუნება შეძლო.

აპარატი ჰაინანის კოსმოდრომიდან ადგილობრივი დროით 10 ივლისის 12:15-ზე გაუშვეს. 6 წუთში რაკეტის საფეხურები ერთმანეთს გამოეყო. ამის შემდეგ პირველი საფეხური (ამაჩქარებელი) დედამიწაზე დაბრუნდა და სპეციალური ბადისებრი სისტემის დახმარებით ოკეანეზე განთავსებულ პლატფორმაზე დაეშვა.

ჩინეთის აეროკოსმოსური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კორპორაციის (CASC) განცხადებით, მისიისას ყველა დაგეგმილ მიზანს მიაღწიეს. მაგალითად, ტვირთი წინასწარ განსაზღვრულ ორბიტაზე გაიტანეს, ხოლო პირველი საფეხური წარმატებით დააბრუნეს. მათი თქმით, ეს ჩინეთისთვის მნიშვნელოვანია, რადგან მსგავსი რამ პირველად შეძლეს.

აქამდე ასეთი ორბიტული რაკეტების კონტროლირებული ვერტიკალური დაბრუნება მხოლოდ ორმა კომპანიამ მოახერხა: ილონ მასკის SpaceX-მა და ჯეფ ბეზოსის Blue Origin-მა. მასკის რაკეტა Falcon 9-ის პირველი საფეხური უკვე მრავალჯერ გამოიყენეს, რამაც ორბიტაზე ტვირთის გატანის ღირებულება საგრძნობლად შეამცირა. ჩინეთსაც სწორედ ეს სურს.

Long March 10B-ის სიმაღლე 63 მეტრია, ხოლო დიამეტრი 5 მეტრს აღწევს. მრავალჯერადი გამოყენების რეჟიმში მას დედამიწის დაბალ ორბიტაზე დაახლოებით 16 მეტრული ტონა ტვირთის გატანა შეუძლია, რაც Falcon 9-ის მაჩვენებელს უახლოვდება.

ჩინეთში მრავალჯერადი გამოყენების რაკეტებზე აქტიურად მუშაობენ. მაგალითად, გასული წლის დეკემბერში Long March 12A და კერძო კომპანია LandSpace-ის Zhuque-3-იც წარმატებით გაუშვეს, თუმცა მათი პირველი საფეხურების დაბრუნება ვერ მოხერხდა; ივნისში Long March 12B-ის პირველი გაშვება შედგა, მაგრამ ამ მისიის ფარგლებში ამაჩქარებლის დაშვების მცდელობა არ ყოფილა.

ჩინეთში მსგავსი რაკეტების შექმნაში სხვა კომპანიებიცაა ჩართული. თუ მათი აპარატების გამოცდაც წარმატებით დასრულდება, ქვეყნის კოსმოსური სექტორი მრავალჯერადი გამოყენების რაკეტების მიმართულებით ბევრად კონკურენტუნარიანი გახდება. როგორც ცნობილია, Long March 10B-ის ამ კონკრეტული ამაჩქარებლის ხელახლა გამოყენებას მიმდინარე წლის ბოლომდე გეგმავენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.