უცნაური, მაგრამ ძალიან ნაცნობი შეგრძნებაა, შუაღამისას რომ უცებ გვეღვიძება და უძირო ქვევრებად ვიქცევით ხოლმე: გვწყურია ისე, რომ უთოში ჩასხმულ წყალზეც კი თანახმანი ვიქნებოდით. ზოგი ვიყუდებთ კიდეც წყალს (უთოში ჩასხმულს არა...) და ისე ვაგრძელებთ ძილს, ვითომც არაფერი მომხდარა.

ოდესმე თუ დაინტერესებულხართ, რა იწვევს ასეთ ძლიერ წყურვილს და რატომ მაინცდამაინც შუაღამით, ახალგაღვიძებულზე? — აგიხსნით, რა ბიოლოგიური მექანიზმები გვაწყვეტინებს ძილს წყლის მისაღებად.

მანამდე მიგანიშნებთ: ბიოლოგიური საათი, ჰორმონალური ცვლილებები, საძინებელში არსებული გარემო პირობები.

რა იწვევს ამ სიძლიერის წყურვილს?

და ძილის წინ არ გწყურიათ ხოლმე?

ჯერ ჩვენს ბიოლოგიურ საათს შევხედოთ, რომელიც ორგანიზმში თითქმის ყველა სასიცოცხლო პროცესს მართავს. Sleep Cycle-ის მიხედვით, ჩვენს ორგანიზმს შეუძლია, სითხის შესაძლო დეფიციტი ძილის წინ განსაზღვროს. 2016 წელს ჩატარებული კვლევის საფუძველზე დაასკვნეს, რომ უშუალოდ ძილის წინ წყურვილის შეგრძნება ორგანიზმის პროაქტიული თავდაცვის მექანიზმია. ამ გზით სხეული ცდილობს, წყლის მარაგი წინასწარ შეივსოს, რათა ძილის განმავლობაში სითხის დაკარგვა თავიდან აიცილოს.

ამ პროცესს ტვინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი — სუპრაქიაზმული ბირთვი (SCN) — არეგულირებს. ამ ბირთვის ნეირონების დაახლოებით 20% სპეციალურ ჰორმონს წარმოქმნის, რომელსაც არგინინ-ვაზოპრესინი (AVP) ეწოდება. ეს ჰორმონი ორგანიზმში სითხის შენარჩუნებაზეა პასუხისმგებელი, თუმცა, როცა უხარისხოდ გვძინავს, სისტემა ფერხდება. ძილის ნაკლებობისას წყლის შენარჩუნებაც რთულდება, რადგან ასეთ დროს საკმარისი AVP ჰორმონი ვეღარ წარმოიქმნება. ასე და ამრიგად, ვიღვიძებთ და გვწყურია.

წყლის შენარჩუნება შეიძლება გაართულოს ცხოვრების წესთან დაკავშირებულმა ჩვევებმაც. მაგალითად, ძილის წინ ალკოჰოლის ან კოფეინის მიღება შარდის წარმოქმნას ასტიმულირებს, ამან კი შეიძლება დეჰიდრატაციაც გამოიწვიოს. გაუწყლოების გამოწვევა შეუძლია მარილიანი საკვების მიღებასაც, რადგან ნატრიუმის (სუფრის მარილის, ანუ ნატრიუმის ქლორიდის, შემადგენელი კომპონენტი) გადამეტებული მიღებისას სხეული წყალს აკავებს ბალანსის შესანარჩუნებლად. ღამით პოტენციურად მოგვაწყურებს სიგარეტის მოწევაც, რადგან ეს უკანასკნელი პირს აშრობს.

სხვათა შორის, ზოგადად წყურვილის შეგრძნებაზე შეიძლება სხვადასხვა მედიკამენტის მიღებამ ან ფიზიოლოგიურმა ცვლილებებმაც იმოქმედოს. მაგალითად, 2013 წელს ჩატარებული კვლევით დაადგინეს, რომ პერიმენოპაუზისა და პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფ მონაწილეებს ვარჯიშის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ ბევრად უფრო სწყუროდათ, ვიდრე პრემენოპაუზის ფაზაში მყოფებს.

ამ ყველაფერთან ერთად მნიშვნელოვანი ფაქტორია უშუალოდ საძინებლის გარემოც. მშრალი ჰაერი და გათბობის სისტემები, განსაკუთრებით ცივ თვეებში, კანიდან და სასუნთქი გზებიდან სითხის ინტენსიურ აორთქლებას უწყობს ხელს. შედეგად ხშირად ყელი და პირი გვიშრება, შედეგად კი წყურვილიც ჩნდება.

სიტუაციას ასევე ართულებს მაღალი ტემპერატურა საძინებელში, რადგან სიცხეში ორგანიზმი გაგრილებას ოფლის გამოყოფით ცდილობს, ამ დროს კი, ცხადია, სითხეს ვკარგავთ და გაუწყლოებაც უფრო სწრაფად ვითარდება. არაკომფორტულად მაღალი ტემპერატურა თავად ძილის ციკლსაც აფერხებს (ღამით ხშირად გვეღვიძება და მოუსვენრად ვართ), ეს კი წყურვილს დამატებით ამძაფრებს და გვაიძულებს, საწოლის გვერდით დადგმულ ჭიქას გადავწვდეთ — ან, ჰო, უთოში რომ ასხია, იმ წყალს...

რა ვქნათ, რომ ასე აღარ მოგვწყურდეს, და როდის მივმართოთ ექიმს?

ამაში Healthline-ის რეკომენდაციების გათვალისწინება დაგვეხმარება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, გაგიკვირდებათ და, საკმარისი წყლის მიღებაა დღის განმავლობაში. აღნიშნული წყაროს მიხედვით, ადეკვატური ჰიდრატაციისთვის სასურველია, დღეში რვა 250-მილილიტრიანი ჭიქა წყალი მივიღოთ. ცხადია, ეს მოცულობა ყველასთვის ერთნაირი ვერ იქნება და შეიძლება ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ფიზიკური აქტივობისა და კლიმატური პირობების მიხედვითაც შეიცვალოს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია საძინებელ ოთახში კომფორტული გარემოს შექმნაც. ექსპერტების რეკომენდაციით, მშვიდი ძილისთვის ოთახის ტემპერატურა დაახლოებით 16-21°C უნდა იყოს. გარდა ამისა, გარემოსდაცვითი სააგენტო (EPA) გვირჩევს, რომ საცხოვრებელ სივრცეში ტენიანობა 30-50%-ამდე ფარგლებში შევინარჩუნოთ, რომ ობის გავრცელებაც ავირიდოთ თავიდან.

თუ ამ ყველაფერს ითვალისწინებთ, მაგრამ ღამით მაინც ხშირად და შემაწუხებლად გწყურიათ ხოლმე, მნიშვნელოვანია, რომ ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია და შესაძლო სამედიცინო მდგომარეობები გამორიცხოთ. გახსოვდეთ, რომ მუდმივი და ძლიერი წყურვილი ნორმალური არ არის და ყური მიუგდეთ საკუთარ ორგანიზმს, რომ მნიშვნელოვანი სიგნალები ხშირ მოვლენაში არ აგერიოთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.