"მე ხელოვნებათმცოდნე ვარ. ჩემი კვლევის საგანი ფიროსმანის შემოქმედების სათავეებია. როცა იწყებ ძიებას, საიდან მოდის ამ გენიალური მხატვრის ფესვები, უამრავ პარალელს ხედავ ხალხურ შემოქმედებასთან. ხედავ სიმბოლოებს, იკონოგრაფიულ სისტემებს.

მერე იმასაც აღმოაჩენ, რომ ძველი თბილისის ვერცხლის ჭურჭელიც თავისი მორთულობით და გამოსახულებებით ზუსტად ჰყვება და აღწერს, რა ხდებოდა მე-19 საუკუნის თბილისში. ხალხური რეწვის ნიმუშები ინახავს ეპოქას და ისტორიას. ამიტომ არის ის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილი.

ასე აღმომაჩენინა ერთმა ინტერესმა მეორე".

საქართველოს ბანკი იმ ადამიანების აღმოჩენას განაგრძობს, რომლებიც არ ჩერდებიან. იმისათვის, რომ მათი გამოცდილების შესახებ კიდევ უფრო მეტმა გაიგოს და თითოეული ისტორია მოტივაციად იქცეს, გთავაზობთ სტატიების სერიას, რომელიც მკითხველს დაუღალავი, გაუჩერებელი წინსვლისა და განვითარების შესახებ უამბობს.

ფოტო: საქართველოს ბანკი

2015 წელს, როცა საქართველოში ტრადიციული რეწვის ბევრი დარგი ნელ-ნელა მივიწყების საფრთხის წინაშე იდგა, ანა შანშიაშვილმა ირინა მანიასთან ერთად მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა — მათ დააარსეს საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია.

მთავარი იდეა უბრალოდ ორგანიზაციის შექმნა კი არ იყო, მათ სცადეს, გადაერჩინათ ცოდნა, რომელიც თაობებს შორის გადადიოდა და ნელ-ნელა ქრებოდა.

მათი ხედვა მარტივი, მაგრამ ამბიციური იყო: სხვადასხვა დარგის ოსტატებს დახმარებოდნენ, დაეხვეწათ საკუთარი ხელობა ისე, რომ ნამუშევრები ერთდროულად ყოფილიყო ტრადიციულიც და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისიც.

ასე, ძველი ოსტატების ცოდნა ახალ სიცოცხლეს იძენდა — ფორმას იცვლიდა, მაგრამ არსს არ კარგავდა.

ამ პროცესის უკან კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზანი იდგა — ადამიანებისთვის რეალური შემოსავლის შექმნა და მათი წახალისება. რადგან სწორედ ისინი იყვნენ ის უხილავი საყრდენი, რომელთა გარეშეც საქართველო რეწვის ბევრ უნიკალურ მიმართულებას უბრალოდ დაკარგავდა.

ზუსტად იმიტომ, რომ ქართული კულტურისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე დაიწყო და, ყველა სირთულის მიუხედავად, არც დღეს ჩერდება, ანა შანშიაშვილს გაცნობთ.

ფოტო: საქართველოს ბანკი

ფოტო: საქართველოს ბანკი

"2012 წელს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა ტრადიციული რეწვის დარგების კვლევა ჩაატარა. ამ საქმეში მეც ვიყავი ჩართული. მთელი საქართველო მოვიარეთ, ვეძებდით ოსტატებს, რომლებიც ტრადიციულ ხელნაკეთობებს ქმნიდნენ ლითონისგან, თიხისგან თუ ბუნებრივი ძაფისგან. ვიკვლევდით ვინ იყვნენ, რა აინტერესებდათ, სად ისწავლეს, რა იცოდნენ, სად ყიდდნენ თავიანთ ნაწარმს. 500 ადამიანზე ინფორმაცია შევაგროვეთ და ასე გაჩნდა ასოციაციის შექმნის იდეაც და აუცილებლობაც.

ამ პროცესში ბევრი პრობლემა დავინახე. რამდენჯერ გული შემკუმშვია, როცა მცხეთის მოკირწყლულ ქუჩებზე თუ ანანურის ციხესთან გამოფენილ ხელნაკეთობებს შორის მინახავს ნივთები, რომელთა მოხმარებაც უსაფრთხო არ იყო. მინახავს ინდური მძივები, რომლებიც ქართულ სამკაულად საღდებოდა. ქსოვილები, რომლებსაც ფარდაგებად ჰყიდდნენ. ყველაზე მეტად მაინც ის მაწუხებდა, რომ ერთი შეხედვით ქართული ხასიათის ნამუშევარი, თიხის ჭურჭელი თუ წნული გოდორი, უხარისხო მასალების გამო, გამოსაყენებლად უვარგისი იყო. ამ დროიდან ვთვლი, რომ ერთ-ერთი პრობლემა სწორედ ე.წ. სუვენირიზაციაა.

მივხვდი, ქართულ ტრადიციულ ნაკეთობას უნდა დაჰბრუნებოდა ფუნქცია და ხარისხი, ოსტატს კი სარგებელი უნდა მიეღო საკუთარი შრომით.

ამ იდეებით დავიწყეთ ურთიერთობა ოსტატებთან. ყველაზე რთული ნდობის მოპოვება იყო. უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ ჩვენ მათი საქმის განვითარებაზე ვზრუნავდით და არა საკუთარ პროექტზე — რესურსები პრაქტიკულ სწავლებაზე, მათი ნაკეთობების პოპულარიზაციაზე, გასაყიდი სტენდებსა და მაღაზიების მოწყობაზე რომ დაიხარჯებოდა.

ასე გავხდით მაკავშირებლები სოფელში მყოფ ოსტატებსა და საერთაშორისო დონორებს შორის. ეს არ იყო ადვილი საქმე. მთელი ჩვენი ენერგია რესურსების მოზიდვის და ამ ხალხისთვის საინტერესო პროექტების განხორციელებისკენ იყო მიმართული. მაგალითად, ოსტატები სხვადასხვა რეგიონიდან მუზეუმებში დაგვყავდა, სადაც შთამბეჭდავ ნაკეთობებს და არტეფაქტებს ეცნობოდნენ. მუზეუმის ფონდებიდან, მათთვის საჩვენებლად, ისეთი ექსპონატებიც გამოჰქონდათ, რაც ჩვეულებრივი დამთვალიერებლებისთვის მიუწვდომელი იყო. ასე გაუჩნდათ უამრავი ახალი იდეა — ეს გახდა მათთვის ინსპირაციის წყარო. ამ იდეების განსახორციელებლად კი, მათთვის საჭირო მასალებს ვყიდულობდით და იმის გარკვევაშიც ვეხმარებოდით, რაზე იყო მოთხოვნა. მაგალითად სანიშნები, კარის დამჭერები, სახლის თუ ბაღის აქსესუარები და ა.შ.

ფოტო: საქართველოს ბანკ

მახსენდება ერთი ძალიან კარგი ოსტატი, რომლის სახელოსნოს "ცაცია ოსტატი" ჰქვია და ხის, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს აკეთებს ბავშვებისთვის. ჰოდა, სიღნაღის მუზეუმში არქეოლოგიური გათხრების არტეფაქტები ნახა და იქ ნაპოვნი ორთავა თხის სათამაშოდ გადაქცევის იდეაც აქედან გაგვიჩნდა. ბავშვებისთვის ყოველთვის საინტერესოა თამაშით მოწოდებული ისტორია. მიხარია, რომ ჩვენი დახმარებით, ეს იდეა განხორციელდა. .

ასოციაცია უკვე 11 წელია არსებობს. ახლა ის 300 წევრს აერთიანებს.

რეკომენდაციები რომ რეალურ საქმედ ქცეულიყო, ორი მაღაზია გავხსენით თბილისსა და ვარძიაში — აქ იყიდება ნამუშევრებიც.

ერთ-ერთი საინტერესო პროექტი ახალციხის ფესტივალი იყო. მთელი საქართველოდან და უცხოეთიდანაც ჩამოგვყავდა საუკეთესო ოსტატები, რომლებიც ნაკეთობების შექმნის პროცესს აჩვენებდნენ დაინტერესებულ ადამიანებს, ცოდნასაც აზიარებდნენ და მოტივაციასაც.

ფესტივალმა ფიზიკურ სივრცეში სულ ორი წელი იარსება და როცა 2020 წელს პანდემია დაიწყო, მივხვდი, რაღაც უნდა მომეფიქრებინა — ცოდნის გაზიარება რაღაც ფორმით უნდა გაგრძელებულიყო. ამიტომ დავიწყე ვიდეო მასტერკლასები — სცენარის წერაც ვისწავლე, მონტაჟიც და პრაქტიკული სწავლების მთელი სერია შევქმენი. ეს ამბავი მაშინ ძალიან დაეხმარა ბევრ, განსაკუთრებით დამწყებ ოსტატს. ერთი შეხედვით გამოუვალ მდგომარეობაშიც კი, ყოველთვის შეიძლება გამოსავლის პოვნა, მთავარია, არ გაჩერდე.

ფოტო: საქართველოს ბანკი

ამავე პერიოდში, პანდემიისას, იუნესკოს დახმარებით სხვა პროექტიც განვახორციელეთ. თბილისში უნიკალური საქმის თუ პროფესიის ადამიანები მოვძებნეთ და მათ შესახებ 20 ვიდეო გადავიღეთ. ჩვენი გმირები იყვნენ — მექისე, თავისუფლების მოედნის საათის ცნობილი ოსტატი, პირველი ფოტო-ატელიეს მეპატრონის შთამომავალი, რომელიც წინაპრის საქმეს იმავე ატელიეში აგრძელებს. ყველას არ ჩამოვთვლი, მაგრამ ერთ ოსტატზე ორ სიტყვას მაინც ვიტყვი. თეიმურაზ ჯალაღანია, ძველი ქართული საბრძოლო იარაღების ოსტატი, რომელმაც ბავშვობაში ხის იარაღის კეთებით დაიწყო და შემდეგ ისეთი ნაკეთობები შექმნა, ყველა მნახველი რომ მოაჯადოვა. მისი ფრაზა არ მავიწყდება: ,,ნამდვილი ოსტატისთვის მისი საქმე არის კერპი, შიმშილით რომ კვდებოდეს, ამ საქმეს თავს არ ანებებს, აკეთებს და აკეთებს და არასოდეს ჩერდება". დღეს თბილისში მისი 6 მოწაფე აგრძელებს ამ ხელობას. "ნაკეთობა გელაპარაკება და შენც ელაპარაკები. ასე თუ არ ხდება, ოსტატი არ ხარ"- ესეც მისი სიტყვებია.

პანდემიის გამო დაცარიელებულ ქალაქში, ეს პროექტი დიდი სტიმული აღმოჩნდა ამ ადამიანებისთვის.

განსაკუთრებით მეამაყება აჭარელი მზევინარ ირემაძის ისტორია. ის ეტლით მოსარგებლეა და ჩვენი მხარდაჭერით საკუთარი ხელსაქმე ბიზნესად აქცია და ატელიე გახსნა. შესანიშნავად ქსოვს და საოცარ ნამუშევრებს ქმნის. ბარსელონაში, ფესტივალზეც წავიყვანეთ, სადაც მზევინარის ისტორიაზე ჩვენი ფილმი აჩვენეს და დიდი მოწონება დაიმსახურა. რაც მთავარია, მზევინარმა დაამტკიცა, რომ ნიჭსა და მონდომებას საზღვრები არ აქვს და იქცა სტიმულად ყველასთვის, ფიზიკური შესაძლებლობების მიუხედავად. დღეს ის თავად ასაქმებს სხვებს. ესაა ჩვენი საქმის ნამდვილი გამარჯვება. სწორედ ამიტომ, მატერიალური სირთულეების მიუხედავად, არც ბრძოლას შევწყვეტთ და არც გავჩერდებით — არც მე, როგორც რიგითი მოქალაქე და არც ჩვენი ასოციაცია.

თუ შენი საქმე გიყვარს, თუ ის მნიშვნელოვნად მიგაჩნია, თუ დაუდგრომელი ადამიანებისგან მიიღე მაგალითი, რომ მიზნისკენ სავალ გზაზე არ უნდა გაჩერდე, შენც უნდა გახდე მაგალითი სხვისთვის და ეს ჯაჭვი არასოდეს გაწყდება".