ევროპის საბჭოს და ლოზანის უნივერსიტეტის ერთობლივად მომზადებული 2025 წლის სისხლისსამართლებრივი სტატისტიკის ანგარიშის თანახმად, აღმოსავლეთ ევროპა პატიმრობის მაჩვენებლებით კვლავ ლიდერობს. კვლევის თანახმად, ამ მხრივ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თურქეთშია, შემდეგ მოდის აზერბაიჯანი, მოლდოვა და საქართველო. რეგიონში 100 000 მცხოვრებზე 458 პატიმრით თურქეთი ლიდერობს. მას მიჰყვებიან აზერბაიჯანი (271), მოლდოვა (245) და საქართველო (232). კვლევის თანახმად, საქართველოს მაჩვენებელი ევროპის ინდექსით "ძალიან მაღალია".

ამის საპირისპიროდ, დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები სტაბილურად ინარჩუნებენ პატიმრობის დაბალ დონეს — ნორვეგია (54), ნიდერლანდები (55) და ფინეთი (58) ძალიან დაბალ მაჩვენებლებს აჩვენებენ, ხოლო გერმანია (69), დანია (70) და შვეიცარია (77) მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებიან ევროპის საშუალო მაჩვენებელს.

ამავე კვლევის მიხედვით, 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით საქართველოში 8 592 პატიმარი იყო (აღნიშნული რიცხვი განაჩენის გამოცხადებამდე, წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებსაც გულისხმობს).

ამის პარალელურად, საქსტატის ინფორმაციით, 2025 წელს მსჯავრდებულთა რაოდენობამ 22 767 შეადგინა. 15 მაისს სპეციალური პენიტენციური სამსახური სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მათი განმარტებით, მსჯავრდებულ პირში გულისხმობენ, როგორც თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულებს, რომლებიც სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან, ისე არასაპატიმრო სასჯელმისჯილ პირებს, რომლებიც სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში არ იხდიან (პირობითი მსჯავრი, შინაპატიმრობა, ჯარიმა და სხვა) იგულისხმებოდა.

სამსახურის განცხადებით, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული.