ბანგლადეშში მამა და შვილი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ. შემთხვევა რკინიგზის სადგურზე მაშინ მოხდა, როდესაც მატარებელი ადგილიდან იძვროდა. სანამ თავზე მატარებლის 8 ვაგონი გადაუვლიდათ, მამა შვილს გადაეფარა.

შემთხვევის დროს ოჯახი ბრაჰმანბარიადან ბაირაბში მატარებლით მიემგზავრებოდა. ბანგლადეშის გამოცემა Daily Sun-ის ინფორმაციით, ტრანსპორტი სადგურზე დაახლოებით საათ-ნახევრის დაგვიანებით მივიდა. როდესაც მატარებელი დაიძრა, მამა, შვილით ხელში, ვაგონიდან ჩამოსვლას ცდილობდა, თუმცა ბავშვი ხელიდან გაუსხლტა და მატარებელსა და ბაქანს შორის არსებულ ვიწრო სივრცეში ჩავარდა.

მამა მაშინვე ლიანდაგებზე ჩახტა, შვილს გადაეფარა, ბაქნის კედელს მჭიდროდ მიეკრა და გაუნძრევლად გაჩერდა, სანამ მატარებლის 8 ვაგონი მათ თავზე გადაივლიდა. შემთხვევის შედეგად მამა-შვილს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია.

ნახეთ ვიდეო:

მატარებლის თანამშრომელმა აღნიშნა, რომ ოჯახი ვაგონიდან ჩამოსვლას მაშინ ცდილობდა, როდესაც მატარებელი უკვე მოძრაობდა. მან დაადასტურა, რომ მამამ ძალიან სწრაფად იმოქმედა.

სანამ ეს ყველაფერი ხდებოდა, მატარებელში მყოფი მგზავრები ბავშვის დედას ვაგონიდან უსაფრთხოდ ჩასვლაში დაეხმარნენ.

თვითმხილველები, რომლებმაც დროულად ვერ იმოქმედეს, მომხდარს თავზარდაცემულები უყურებდნენ. როგორც კი მატარებელმა ჩაიარა, გარშემომყოფები გადარჩენილებთან მივარდნენ და მამა ოვაციებით გაამხნევეს.