თებერვლის მიწურულს NASA-მ თავის მთვარის პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები დააანონსა. მაგალითად, მისია Artemis 3-ის დროს ასტრონავტები დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ზედაპირზე უნდა დაშვებულიყვნენ, მაგრამ ამის ნაცვლად სააგენტომ ჯერ პლანეტის ორბიტაზე კოსმოსური ხომალდების ტესტირება დაისახა მიზნად.

აღნიშნული მისია 2027 წლის შუა პერიოდში იგეგმებოდა, თუმცა ახლა, ცვლილების დაანონსებიდან ორ თვეში, ვადამ სულ მცირე იმავე წლის ბოლოსთვის გადაიწია. ამას შეიძლება გავლენა ჰქონდეს Artemis 4-სა და Artemis 5-ზე, რომელთა ფარგლებშიც ადამიანები მთვარის ზედაპირზე უნდა დაეშვნენ. ეს ფრენები 2028 წელსაა ჩანიშნული.

ვადის გადაწევის შესახებ NASA-ს ხელმძღვანელმა, ჯარედ აიზეკმენმა, 27 აპრილს განაცხადა, როცა კაპიტოლიუმში სააგენტოს ბიუჯეტის შესახებ მოსმენას ესწრებოდა. მისი თქმით, კომპანიებში Blue Origin და SpaceX დარწმუნებულნი არიან, რომ ადამიანების კოსმოსური ფრენისთვის განკუთვნილი ხომალდები 2027 წლის ბოლოსთვის მზად ექნებათ.

ასევე, იხილეთ: რა იქნება Artemis 2-ის შემდეგ — ყველაფერი, რაც NASA-ს სამომავლო მისიებზე უნდა იცოდეთ

ცნობისთვის, Artemis 3 დიდწილადაა დამოკიდებული ზედაპირზე დასაშვებ ამ მოდულებზე, რომელთა შექმნაც ჯერ კიდევ არაა დასრულებული. ორბიტაზე ილონ მასკის კომპანიის Starship HLS და/ან ჯეფ ბეზოსის კომპანიის Blue Moon Mark 1 უნდა დატესტონ (აპარატების მანევრირება, მათ შორს მოდულების მიერთება).

Blue Moon Mark 1 ჯერ კიდევ არ გამოუცდიათ, ხოლო Starship-მა 11 საცდელი სუბორბიტალური ფრენა განახორციელა, რომელთაგანაც 2 შედარებით წარმატებული იყო (დანარჩენი გაშვებები აფეთქებებით სრულდებოდა). აპარატს დედამიწის ორბიტამდე არ მიუღწევია.

გასულ წელს Starship-ს კოსმოსში საწვავის მარაგის შევსების შესაძლებლობა უნდა ეჩვენებინა, მაგრამ ეს არ მომხდარა. NASA-ში კი ამბობენ, რომ ეკიპაჟიან მისიებამდე ამგვარი დემონსტრაცია მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ორივე კომპანიის მიერ ჯერ კიდევ ბევრი სატესტო მისიაა საჭირო, რაც ეჭვებს აჩენს, რამდენად მოასწრებენ ამ ყველაფერს 2027 წლის ბოლომდე.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.