ასტრონომებმა 10 000 ახალი შესაძლო ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
ფოტო: NASA
დაახლოებით ბოლო 3 დეკადაში მეცნიერებმა სულ მცირე 6273 ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — პლანეტა, რომელიც ჩვენი მზის სისტემის მიღმაა. ამის გარდა კიდევ ათასობით ობიექტია, რომლებსაც ჯერ კანდიდატის კლასიფიკაცია აქვს მინიჭებული, ანუ მათი არსებობა საბოლოოდ დადასტურებული არაა. ახლა ასტრონომებმა ამ რიცხვს კიდევ 10 091 ასეთი ციური სხეული შემატეს.
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა სხვა 1052 ეგზოპლანეტაც დააფიქსირეს, რომელთა შესახებაც უკვე ვიცოთ. გარდა ამისა, 411 ობიექტი ვარსკვლავთან მხოლოდ ერთხელ ჩავლისას (ტრანზიტისას) შენიშნეს, ამიტომ მათი ორბიტული პარამეტრების გამოთვლა არ უცდიათ.
მეცნიერებმა კოსმოსურ ტელესკოპ TESS-ის პირველი წლის მონაცემები (ღამის ცის ნახევარი) გამოიყენეს და ახლა მეორე წლის დაკვირვებებს აანალიზებენ. ის პოტენციურ ეგზოპლანეტებს ვარსკვლავთა სინათლის ცვლილებაზე დაკვირვების გზით ეძებს, რადგან ჩვენი პერსპექტივიდან მნათობის წინ ციური სხეულის ჩავლა მის სიკაშკაშეზე ზემოქმედებს და ერთგვარ ციმციმს იწვევს.
მეცნიერებმა ეგზოპლანეტების დაფიქსირების თავიანთი მეთოდი ვარსკვლავ TIC 183374187-ზე გამოცადეს. შედეგად დაადგინეს, რომ ამ სისტემაში არსებული კანდიდატი ობიექტი ე.წ. ცხელი იუპიტერის ტიპისაა — დიდი ზომის აირის გიგანტი, რომელიც მნათობთან ძალიან ახლოს მოძრაობს.
კვლევისას ასტრონომებმა არამხოლოდ კაშკაშა, არამედ შედარებით მკრთალი ვარსკვლავების სისტემებიც შეისწავლეს. ამან მათ საშუალება მისცა, რომ ეგზოპლანეტების საძებნელად ბევრად დიდი ბაზა მიეღოთ. გამოიყენეს მანქანური დასწავლის მეთოდიც, რათა მონაცემების ანალიზი ნახევრად ავტომატიზებული გაეხადათ. სწორედ ამის შედეგად აღმოაჩინეს მათ 10 000-ზე მეტი კანდიდატი ეგზოპლანეტა.
ავტორები ამბობენ, რომ მომდევნო ეტაპზე TESS-ის დამატებით დაკვირვებებს შეისწავლიან, რისთვისაც ახალ მიდგომასაც გამოცდიან — ისეთ ვარსკვლავებსაც გამოიკვლევენ, რომლებიც ტელესკოპმა წელიწადის სხვადასხვა დროს დააფიქსირა. ასე შესაძლებლობა ექნებათ, რომ შედარებით ხანგრძლივი ორბიტის მქონე ეგზოპლანეტებიც გამოავლინონ.
ავტორები არ გამორიცხავენ, რომ მომდევნო კვლევით ამჟამინდელი შედეგები გააორმაგონ კიდეც. მათი ნაშრომი არარეფერირებად პლატფორმა ArXiv-ზეა ხელმისაწვდომი და მალე გამოცემა The Astrophysical Journal-ის სერია Supplement-ში გამოქვეყნდება.
კომენტარები