მიზნები, წინსვლა და რისკები — ნათია პაჭიკაშვილის ამბავი
ფოტო: თიბისი
ჩვენი რუბრიკის — როცა გჯერა ახალი გმირი ნათია პაჭიკაშვილია, თიბისის რისკების მართვის დირექტორის მოადგილე.
ნათიას ისტორია დასტურია იმის, რომ ყველაფერი გამოვა, როცა საკუთარი მიზნების გჯერა. განათლებისა და პროფესიული განვითარებისადმი მისი თავდადება, HEC Paris-ის MBA-ის წარმატებით დასრულება და მრავალწლიანი გზა თიბისიში შთამაგონებელია ყველასთვის, ვინც კარიერას ახლა იწყებს.
მოგვიყევით, როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა?
ჯერ კიდევ “იესემში” სწავლის მეორე კურსიდან დავიწყე მუშაობა. რისკების მართვა არ იყო ჩემი საოცნებო მიმართულება. საქმიანობა სააუდიტორო კომპანიაში დავიწყე, შემდეგ გადავინაცვლე გადახდებისა და სამედიცინო კომპანიებში და ა.შ.
მალე სტუდენტებს უნივერსიტეტის მეილზე ვაკანსია გამოგვიგზავნეს — თიბისიში ეძებდნენ საკრედიტო პორტფელის მენეჯერს. სწრაფად გავგზავნე რეზიუმე, შემდეგ იყო რამდენიმე გასაუბრება, ტესტირება, ბოლოს შედგა რისკების მართვის მოადგილესთან შეხვედრა და ამიყვანეს.
რა იყო ის გარდამტეხი მომენტი, როდესაც ამ სფერომ დაგაინტერესათ?
თიბისიში ძალიან კარგი გარემო და კულტურა დამხვდა — მართლა განსხვავებული. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ რას ვაკეთებ. თიბისიში მისვლის პირველი დღიდან ვაკეთებდი საინტერესო საქმეს და ასე გრძელდება დღემდე. სულ ისეთ პროექტებში ვიყავი ჩართული, რომლებიც ჩემთვის და კომპანიისთვის ძალიან ღირებული იყო. შესაბამისად, მუდმივად ვვითარდებოდი — პროგრესული რეჟიმი მქონდა და ვფიქრობ, სწორედ ეს ქმნის იმ განცდას, რის გამოც გინდა, კონკრეტულ სფეროში დარჩე.
HEC Paris-ის MBA ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პროგრამაა მსოფლიოში. როგორ გადაწყვიტეთ ამ გამოწვევის მიღება?
ბავშვობიდან მშობლებისგან მქონდა შთაგონება, რომ სწავლა და განვითარება ადამიანისთვის აუცილებელია. ამიტომ თავიდანვე ვფიქრობდი, რომ საზღვარგარეთ გავაგრძელებდი სწავლას და ძალიან მინდოდა HEC Paris MBA-ის გავლა. თუმცა, ყველაფერი ისე არ მოხდა, როგორც ჩაფიქრებული მქონდა. როცა თიბისიში დავიწყე მუშაობა, ასეთი დატვირთვის გამო თითქოს გადამავიწყდა ეს ჩანაფიქრი. მანამ, სანამ თიბისის ორგანიზებით, შვეიცარიის ერთ-ერთ სკოლაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად არ წავედით. იქ ვნახე, რამდენი ნოვაცია არსებობს — იმდენად პოზიტიურად დავიმუხტე, რომ გადავწყვიტე MBA აუცილებლად გამევლო.
ზუსტად ერთ კვირაში მსოფლიოს ოთხ წამყვან უნივერსიტეტში გავაგზავნე განაცხადი და ოთხივემ მიმიღო. სწორედ მაშინ დავრწმუნდი, რომ თუ მართლა გინდა, შეძლებ კიდეც. ყველაფერი რთულია, მაგრამ თუ გჯერა — გამოგივა. სექტემბერში გადავწყვიტე და იანვარში უკვე პროგრამაზე სწავლა დავიწყე.
რა გამოცდილება მოგცათ MBA-მ, როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად?
ცოდნა, დიპლომი, კონტაქტები — ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე ღირებული ის ცვლილებებია, რომლებიც ამ გამოცდილებამ მომიტანა.
მინდა გამოვყო სამი მთავარი თემა, რომელიც სულ იყო კურიკულუმის ნაწილი:
პირველი — არაფერი მივიღოთ უცვლელ მოცემულობად; უარვყოთ სტატუს-კვო და ჩვენვე განვსაზღვროთ ჩვენი შესაძლებლობები.
მეორე — ყოველთვის უნდა ვიხედებოდეთ წინ, მუდმივად შევინარჩუნოთ განვითარებისკენ სწრაფვა; თამამად დავსვათ კითხვები და მოვიძიოთ მეტი ინფორმაცია. ვიყოთ მოუსვენრები — რაც თიბისის ღირებულებაცაა.
მესამე — არ შეგვეშინდეს. არ უნდა ვთქვათ შესაძლებლობებზე უარი წარუმატებლობის შიშით. სამყარო გვაძლევს შესაძლებლობებს, რომლებიც სწრაფად უნდა დავინახოთ და გამოვიყენოთ.
თიბისის რომელ პროექტს გამოარჩევთ, როგორც ყველაზე საინტერესოს და გარდამტეხს თქვენი პროფესიული ზრდისთვის?
თიბისიში ბევრ სტრატეგიულ პროექტში ვიყავი ჩართული და ყველა მათგანმა რაღაც ახალი მომცა. ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი უკავშირდება ორგანიზაციული მართვის დეპარტამენტს, რომელიც ახალშექმნილი იყო, როცა მე დავინიშნე ხელმძღვანელად. ფაქტობრივად ნულიდან დავიწყე — ერთადერთი სტაჟიორი მყავდა. ექვსი წლის განმავლობაში დეპარტამენტი ისე განვითარდა, რომ ხუთ დამოუკიდებელ განყოფილებას ვმართავდი. ყველა ჩარჩო, სამუშაო სისტემა და გუნდი თავიდან ბოლომდე ჩემი შექმნილია. ახლა ეს მიმართულება დამოუკიდებლად მუშაობს, და ამას ვთვლი ჩემს მთავარ პროექტად — ნულიდან შექმნილ სრულ სისტემას.
თქვენი აზრით, რითია განსაკუთრებული თიბისის სამუშაო კულტურა და როგორ უწყობს ხელს პირად განვითარებას?
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღირებულება მოუსვენრობაა, რომელსაც ჩვენი კულტურა ეფუძნება — ეს კი, ჩემი აზრით, მუდმივი განვითარების ტოლფასია.
როგორ გეგმავთ თქვენი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებას მომავალ პროექტებში?
მინდა შევქმნა ისეთი გარემო, სადაც გუნდის ყველა წევრს გააზრებული ექნება საერთო მიზანი — რას აკეთებენ, ვისთვის აკეთებენ და რა გავლენა აქვს მათ საქმეს ორგანიზაციაზე. ასევე, მინდა დავამკვიდრო ღია და სანდო კულტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციებს, შეცდომების აღიარებას და მათი გადაჭრის გზების ძიებას.
რა გეხმარებათ მოტივაციის შენარჩუნებაში, როდესაც რთული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ?
ჩემთვის მნიშვნელოვანია მიზნის დანახვა. როგორც კი დავინახავ დიდ სურათს, მაშინვე ვხვდები ჩემს როლს და ნაბიჯ-ნაბიჯ ვიწყებ მოქმედებას. ასევე, ვხედავ შრომის მომავალ გავლენას, რაც ძალიან მამოტივირებს.
თუ ვინმეს სურს თქვენს გზას გაჰყვეს — MBA, საერთაშორისო გამოცდილება, პასუხისმგებლობების ზრდა — რას ურჩევდით?
პირველი, მიუდგნენ მარტივად. ყოველთვის იქნება კითხვები: „არ გამოვა? სამსახურთან ერთად როგორ?“ — მაგრამ მთავარია, დაიჯერონ, რომ გამოვა, და მერე ყველაფერი თავისით დალაგდება. უნდა იფიქრონ იმაზე, რატომაც უნდა გამოვიდეს, და არა — რატომ არ გამოვა.
როგორ გესმით ფრაზა “როცა გჯერა”?
ეს ფრაზა არის პირველი ეტაპი წარმატებისკენ. შეიძლება გზაზე ბევრი წინააღმდეგობა შეგხვდეს, მაგრამ როცა გჯერა, შენი მთელი რესურსი და გონება მიზნისკენ არის მიმართული — და შეუძლებელიც შესაძლებელია.
და ბოლოს, რას ურჩევდით ადამიანებს, რომლებიც ახლა საკუთარ გზას ეძებენ?
მიზანი დაისახონ, არ შეწყვიტონ მისკენ სწრაფვა, არ შეეშინდეთ კომფორტის ზონიდან გამოსვლის და მუდმივად განვითარდნენ.
ყველაფერი გამოუვათ — შეუძლებელი არაფერია!
კომენტარები