შავი ზღვის სიმღვრივემ შტორმის შემდეგ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია — რას ნიშნავს ეს
ფოტო: Jeff Schmaltz, MODIS Rapid Response Team, NASA/GSFC
20 სექტემბერს საქართველოს დასავლეთ ნაწილში ამინდი მკვეთრად გაუარესდა. ბათუმის სანაპიროზე მინიმუმ 5-ბალიანი შტორმი იყო, შედეგად კი ხის დიდი მასები გამოირიყა. განსაკუთრებით უჩვეულო და ყურადსაღები აღმოჩნდა ზღვის ყავისფერი, მღვრიე შეფერილობა. სპეციალისტებმა წყლის სიმღვრივე გაზომეს, შავი ზღვისთვის კი ეს მაჩვენებელი, მათი ინფორმაციით, რეკორდულია.
ამის შესახებ ზღვის ბიოლოგს, ბიოლოგიის დოქტორ არჩილ გუჩმანიძეს, გამოცემა ბათუმელები გაესაუბრა. მისი თქმით, სიმღვრივის ეს მაჩვენებელი შავ ზღვაში აქამდე არასოდეს დაფიქსირებულა, ამის მიზეზი კი, სავარაუდოდ, მდინარეებიდან ხრეშის არასწორი მოპოვებაა.
20 სექტემბერს სიმღვრივე სპეციალისტებმა საზღვაო აკადემიის წინ გაზომეს ტურბიდომეტრით. რამდენიმე გაზომვის შედეგად მინიმალური მაჩვენებელი 2650 NTU აღმოჩნდა. შედეგი უჩვეულოა, ამიტომ სიმღვრივე კიდევ ერთხელ შეამოწმეს სპეციალური ცილინდრით, რომელმაც 1000 NTU (ამ ხელსაწყოსთვის მაქსიმალური მაჩვენებელი) აჩვენა.
"ეს ძალიან მაღალი, წარმოუდგენელი, მაჩვენებელია", — განმარტა არჩილმა, იქთიოლოგმა, ბათუმელებთან საუბრისას — "50 NTU-ზე ზევით უკვე ჰიდრობიონტებს ექმნებათ სერიოზული პრობლემები".
შედარებისთვის, იქთიოლოგის თქმით, შავი ზღვის სიმღვრივე კახოვკის კაშხლის აფეთქების შემდეგ სულ რაღაც 800 NTU იყო იმის მიუხედავად, რომ დიდი რაოდენობით მასა შევიდა შიგნით. არჩილმა შედეგები კოლეგებსაც გაუზიარა, მათ კი ასევე დაადასტურეს, რომ "ასეთი ოდენობის სიმღვრივე შავი ზღვის სანაპიროზე არსად არ დაფიქსირებულა".
"რა მონაცემებიც მე მაქვს — ისტორიული და მიმდინარეც — ასეთი რამ არასოდეს არ ყოფილა", — განაცხადა იქთიოლოგმა.
მისი თქმით, ეკოლოგიური თვალსაზრისით სიმღვრივის დასაშვები ზღვარი დადგენილი არ არის. მეორე მხრივ, საყოველთაოდ მიღებული ნორმით, 500 NTU-ზე მაღალი მაჩვენებელი უკვე "მთელი რიგი ჰიდრობიონტებისთვის არის სასიკვდილო".
"ეს სიმღვრივე არ არის მხოლოდ ზღვის ფერის ცვლილება", — განმარტა გუჩმანიძემ — "ეს უნდა გვესმოდეს სწორად, ანუ აქ ზღვა ტალახიანი კი არ იყო მხოლოდ, არამედ ეს არის უდიდესი ნეგატიური გავლენა ლიტორალურ, სანაპიროს ეკოსისტემაზე".
ეს განსაკუთრებით სახიფათოა ისეთი ორგანიზმებისთვის, რომელთაც გადაადგილება არ შეუძლიათ და გარემოს ვერ გაერიდებიან. ასეთებია, მაგალითად, მოლუსკები, კიბოსნაირები და ფსკერული ორგანიზმები.
რას უნდა გამოეწვია ზღვის ასეთი ამღვრევა?
წვიმა და შტორმი ზღვისპირეთში, მათ შორის ბათუმშიც, არაერთხელ გვიხილავს, ამიტომ სიმღვრივის ეს მაჩვენებელი ყველასათვის უჩვეულო აღმოჩნდა — როგორც წესი, მსგავსი რამ რაიმეს გასკდომის ან აფეთქების შედეგი უნდა იყოს, თუმცა ასეთი არაფერი მომხდარა.
"ეს ყველაფერი დაიწყო მდინარეებში. ის, რაც ნაპირზე გამოირიყა, ზღვიური მასალა არ არის, ეს არის მდინარისეული ჩამონატანი", — განმარტა არჩილ გუჩმანიძემ ბათუმელებთან საუბრისას — "პრობლემა არის ის, რომ ჩვენი მდინარეები ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რომელსაც ისინი ისტორიულად ასრულებდა. მიდის ქვიშა-ხრეშის აბსოლუტურად გაუაზრებელი მოპოვება: მოიპოვებენ ყველგან, მოიპოვებენ ნებისმიერი ოდენობით…".
ცნობილია, რომ ხრეშსა და ქვებს მდინარეებში ერთგვარი ფილტრის ფუნქცია აქვს, რომელიც ნაფოტებისა და მძიმე მასების გადაადგილებას აბრკოლებს; გარდა ამისა, ეს მასალა მდინარის კალაპოტის ფორმირებაშიც მონაწილეობს და მას გადინებისთვის მიმართულებას აძლევს. ხრეშის არასწორი მოპოვებისას ეს პროცესები ირღვევა.
"მდინარე გაედინება იქ, სადაც არ უნდა გაედინებოდეს — მდინარე რეცხავს იმ სანაპიროს, რომელსაც არ უნდა რეცხავდეს, დატოვებულია უამრავი ღია კარიერი, ღრმულები მთელ სანაპიროზე", — თქვა გუჩმანიძემ ბათუმელებთან საუბრისას — "მდინარის წყალსა და ნიადაგის საბაზისო ქანებს შორის არის ფორმირებული სედიმენტი, ანუ დანალექი. ეს არის ქვიშა-ხრეშის, თიხის, ლამის სახით. ეს ბარიერია მდინარის წყალსა და საბაზისო ქანებს შორის. იგი მოხსნილია მთლიანად და მდინარე რეცხავს ნიადაგს და ამ ბაზისს".
იქთიოლოგის განმარტებით, სიმღვრივე და ფაჩხი მდინარის დელტაში, ესტუარსა და ქვემო წელში უნდა კავდებოდეს და ჭალის ტყეებს, აკუმულაციურ უბნებს, ქმნიდეს. მეორე მხრივ, მისი თქმით, აკუმულაციური უბნები "საერთოდ აღარ არის".
"აღარც ჭალის ტყე დაგვრჩა — ჭალის ტყის მცენარეულობის დიდი ნაწილი ამოღებულია, ანუ დელტა და ქვემო წელი მოშლილია, მეანდრები აღარ არის", — განმარტა არჩილმა — "მთელი მდინარისეული მასა ყოველგვარი შეკავების და ფილტრაციის გარეშე პირდაპირ შედის ზღვაში. შემდგომ უკვე ზღვა ანაწილებს, ბუნებრივია, და ისევ ჩვენს სანაპიროებზე რიყავს — გვიბრუნებს ამ ყველაფერს უკან".
რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას?
როგორც უკვე აღვნიშნეთ, სიმღვრივის ასეთი მატება მხოლოდ ზღვის ფერზე არ მოქმედებს. გარდა იმისა, რომ ზღვაში მცხოვრები ორგანიზმებისთვის ასეთი გარემო სახიფათოა, ამან შეიძლება ბათუმის ტურიზმზეც იმოქმედოს.
"თუ ასე გავაგრძელებთ, მოვკლავთ მდინარეებს, მოვკლავთ ზღვას, ტალახში არავინ იბანავებს, აღარც ტურიზმი გვექნება და მაშინ რაღად გვინდა ეს მშენებლობა?", — თქვა არჩილ გუჩმანიძემ.
მისი აზრით, ეს შემთხვევა სისტემური პრობლემის შედეგია და შეიძლება მომავალშიც განმეორდეს, რადგან ხრეშის მოპოვებისას "არ ხდება გარემოსდაცვითი გააზრება" და "არ ვაფასებთ, ამას რა გავლენა ექნება თავად მდინარის ეკოსისტემაზე, ასევე ზღვაზე".
საგულისხმოა ისიც, რომ, იქთიოლოგის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს არცერთ ქალაქს შავი ზღვის აუზში გამწმენდი ნაგებობა არა აქვს, რომელიც გამართულად იმუშავებს. ადლის გამწმენდი ნაგებობა მხოლოდ თვითმონიტორინგზეა დამოკიდებული. შესაბამისად, შესაძლოა, წმენდის შესახებ ზუსტი მონაცემები არ გვქონდეს.
"ბათუმის დიდი ნაწილი კანალიზირებულიც კი არ არის და პირდაპირ ჩადის ყოველგვარი გაწმენდის გარეშე ზღვაში", — დაამატა მან.
ხრეშის მოპოვება ტურისტული მიზნებით ხდება და სწორედ ამანვე შეიძლება შეუქმნას საფრთხე გარემოსა და ტურიზმს. შესაბამისად, გამოსავალი პრობლემის უკეთ გააზრებასა და ბალანსის დაცვაში უნდა იმალებოდეს.
"ჩვენ უნდა მოვნახოთ ბალანსი ეკონომიკურ ინტერესებსა და ეკოლოგიას შორის", — თქვა იქთიოლოგმა — "ჩვენ თუ ამ ბალანსს ვერ ვიპოვით, არასწორი ეკონომიკური განვითარება მოკლავს ეკოლოგიას, მკვდარი ეკოლოგია კი გააჩერებს ეკონომიკურ განვითარებას. ეს არის წრებრუნვა, რომელიც ერთმანეთთან არის კავშირში, ეს არის ბუნებრივი ჯაჭვი".
კომენტარები