ბარნაულიდან გლდანში — ანტონ ჩეჩინის წერილი ციხიდან
ანტონ ჩეჩინის წერილი გლდანის მერვე დაწესებულებიდან. ეს ოპ-ედი არის ნაწილი On.ge-ის სერიისა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების დევნაზე გვიყვება.
საბჭოთა კავშირი
გამარჯობა, მე ანტონი მქვია, ახლა გლდანის N8 ციხეში ვიმყოფები, პოლიტიკურ საქმეზე.
ყველაფერი ბევრად ადრე და აქედან შორს, ციმბირის პატარა ქალაქ ბარნაულში დაიწყო. სკოლაში, ისტორიის გაკვეთილებზე მხოლოდ საბჭოთა კავშირისა და რუსეთის "საგარეო მტრებზე" გვიყვებოდნენ. ხელისუფლების დანაშაულებსა და უკანონობებზე საუბარი სასიამოვნო არ იყო, მაგრამ ამ თემამ ძალიან დამაინტერესა. ცდილობდნენ საგულდაგულოდ დაემალათ სიმართლე სამხედრო კონფლიქტებში ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ ქვეყნის შიგნით, თუ მის ფარგლებს გარეთ. ვეცნობოდი ინფორმაციას საბჭოთა კავშირის შესახებ, სადაც ყველა "კარგად" ცხოვრობდა და მიკვირდა, რატომ სურდა ყველას მისი დაბრუნება ასე. მე ხომ ჩემთვის ახალი სიტყვები გავიგე: რეპრესიები, კაგებე, გულაგი, წამება, გადასახლება.
ჯერ კიდევ ბავშვს, მინდოდა, მენახა იმ დროისა და იმდროინდელი ქმედებების ის მტკიცებულებები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწიეს. ქალაქის ცენტრში მდებარე ძველი შენობების მისამართები მოვიძიე და მაშინვე ინტერესით იქით გავეშურე, იმ იმედით, რომ ეს ყველაფერი არ შეიძლება მომხდარიყო და მხოლოდ გამოგონილი ზღაპრები იყო.
მაგრამ აი, ჩემ წინ შავი ფერის მასიური რკინის კარებია, ზედ ამობურცული დიდი წითელი ვარკვლავებით, საბჭოთა ხელისუფლების ერთ-ერთი სიმბოლოთი. ეს ენკავედეს შენობების ცენტრალური კომპლექსია. მეზობელ ქუჩაზე ენკავედეს ციხეა, რომლის ეზოშიც, ღია ცის ქვეშ, საკნებია შემორჩენილი, სადაც -30°C და მეტიც, -40°C ტემპერატურისას, თოვლსა და წვიმაში, პატიმრები ჰყავდათ დამწყვდეული.
თუმცა, ეს გალიები სულაც არაა ყველაზე საშიში რამ, რასაც შეიძლება წააწყდე. ერთ-ერთ შენობაში შემონახულია თაღი, რომლითაც ეზოში მანქანები შედიოდნენ. თაღს ვარსკვლავიანი კარები აღარ შემორჩა, მაგრამ მის ძველ, ნატყვიარებით სავსე აგურის კედლებზე ასობით გვარია ამოკაწრული. აქ ხვრეტდნენ, სისრულეში მოჰყავდათ სწორედ ის "სასიკვდილო განაჩენი" და როგორც წესი, ეს ადამიანები რეპრესირებული პოლიტპატიმრები იყვნენ.
ვისაც მეტად გაუმართლა, ტაიგაში ან სახელმწიფო ობიექტების მშენებლობებზე მიჰყავდათ. მაგალითისთვის, იმ "ბელომორ კანალის" მშენებლობის ისტორია შეიძლება წაიკითხოთ, რომლის სახელიც სიგარეტს დაარქვეს, გრანდიოზული მშენებლობა "გრანდიოზული" მსხვერპლის თანხლებით მიმდინარეობდა.
ჩემ მიერ ნანახმა თავისთავად გამოიწვია ინტერესი — "რა ხდება დღეს ასეთი პატიმრების თავს"? როგორც აღმოჩნდა, ახლაც აქვს ადგილი წამებას და არაადამიანურ მოპყრობას, ადამიანის უფლებები კი, რომელთა შესახებაც საზოგადოებადმცოდნეობის გაკვეთილებზე გვიყვებოდნენ, რუსეთში ისე არ მოქმედებს, როგორც საჭიროა. დეტალებს ნუღარ ჩავუღრმავდებით, ეს სისტემატურად ასე ხდებოდა.
ოკუპაცია უკრაინაში
მოვიდა დრო, მოგიყვეთ ჩემ შესახებ და იმაზე, თუ რა გადამხდა შემდგომში. 2014 წელს უკრაინაში მომხდარმა მოვლენებმა დამაინტერესა, ყველაფერი ბოლომდე გასაგები არ იყო, მაგრამ მიზეზიც მაშინვე გავაცნობიერე და ისიც, რატომ გამოვიდა ხალხი პროტესტზე.
ამას მოჰყვა რუსეთის მიერ ყირიმის "მიერთება". ოკუპაციას, როგორც ზეიმს, ისე გვთავაზობდნენ, თუმცა უსასრულო კორუფციას, რომლის გამოც მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა, ქვეყანაში საპროტესტო განწყობების "აფეთქება" ნებისმიერ მომენტში შეეძლო. ოღონდ, "ლილიპუტინი" უკვე განუკურნებლად იყო დაავადებული თავისი პოლიტიკური ამბიციებით.
გასაგები გახდა, რომ პრეზიდენტი საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტებს ერთიმეორის მიყოლებით ხოცავდა. მის მსხვერპლებს შორის ალტაის მხარის 2 გუბერნატორია, რომელთა მკვლელობა სხვადასხვა დროს მოხდა. კრემლს ისინი არ მოსწონდა იმის გამო, რომ მის განკარგულებებს აპროტესტებდნენ და მოსახლეობასთანაც ახლოს იყვნენ. ბავარინიც და ევდოკიმოვიც ეფესბეს მიერ მოწყობილ ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ. მიხაილ ევდოკიმოვის ნაწილებად გაგლეჯილი მერსედესი საკუთარი თვალით ვნახე ბავშვობაში, "ავარიის" მომენტიდან რამდენიმე წუთში. მიხაილ ევდოკიმოვი კინომსახიობი იყო და სატელევიზიო გადაცემებში მონაწილეობდა, ის თითქმის ყველას უყვარდა თავისი სიკეთის გამო. რთული სათქმელია, დავწერდი თუ არა ამ ტექსტს, იქ ცოტა ადრე, ავარიის მომენტში რომ აღმოვჩენილიყავი.
ასაკის მატებასთან ერთად, ვხვდებოდი, რომ არ შეიძლება ყველაფრის მოთმენა და მთავრობისთვის ყველაფრის პატიება. თუ ხელისუფლება არ იცავს ადამიანის უფლებებს და ყველაფერს მხოლოდ საკუთარი თავისთვის არსებობს, ამას უნდა ებრძოლო და შეეწინააღმდეგო. ხმამაღლა ამხილო მთელი ეს უკანონობა. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ალექსეი ნავალნი იყო, რომლის მიმართ ხალხის ნდობასაც მთელი რუსეთის მასშტაბით ქუჩებში იმდენი ადამიანი გამოჰყავდა, რომ პუტინს ეს ძალიან არ მოსწონდა და აშინებდა. ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანდა პოლიციის ქმედებებიდან — ქვეყნის ყველა კუთხეში ჩხრეკდნენ შტაბებს, მთელი ტექნიკის კონფისკაციით, ნავალნისა და მის გუნდზე სისხლის სამართლის საქმეების ფაბრიკაციით, მხარდამჭერებს აკავებდნენ, მიტინგებზე სცემდნენ, გარჩევის გარეშე აკისრებდნენ ჯარიმებსა და საპატიმრო სასჯელებს.
ალექსეის თავს ესხმოდნენ და მწვანე საღებავს ასხამდნენ, ეომებოდნენ ბოტებით ინტერნეტში, უტეხავდნენ საიტებს (რაც არც ისე კარგად გამოუვიდათ, რადგან საიტის გასატეხად ჭკვიანი უნდა იყო). მისმა კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა, ალბათ, ყველაზე მეტი "პრობლემა" შეუქმნა ხელისუფლებას, ამხილა რა, ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკოსები, მათ შორის, თავად პუტინი.
არჩევნები
2017 წელს, პრეზიდენტის პოსტზე წინასაარჩევნო კამპანიისას, ნავალნი თავის გუნდთან ერთად ჩემს ქალაქ ბარნაულსაც ეწვია. ციმბირის ყინვიანი ამინდის მიუხედავად, შესაძლო მომავალ პრეზიდენტთან შესახვედრად ბევრი ადამიანი მოვიდა. პოლიციაც საკმარისად ბევრი იყო, მაგრამ ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა. ყველა ახალგაზრდა პოლიტიკოსს უსმენდა, მათ შორის, მეც. ყველა მის თითქმის ყველა სიტყვას ეთანხმებოდა. მხოლოდ ერთი კითხვა არსებობდა, როგორ გავიმარჯვოთ და დავამარცხოთ ისეთი მტერი, როგორიც პუტინია? სტრატეგია გასაგები იყო, შეხვედრის დასასრულს ალექსეის ხელი ჩამოვართვი და მომავალ არჩევნებში გამარჯვების რწმენით სახლში წავედი. ალექსეი არჩევნებზე არ დაუშვეს და ამის მაგივრად ციხეში ჩასვეს, შეეცადნენ მის მოწამვლას, ისევ ციხე, უკვე გერმანიაში მკურნალობის შემდეგ. შემდეგ, საერთოდ, მოკვლა გადაწყვიტეს. ჯერ კიდევ ალექსეის სიცოცხლეში, რუსეთში, ქალაქის შტაბში მოხალისე ვიყავი და მას მუშაობაში ვეხმარებოდი. ორჯერ ვიყავი დამკვირვებელი არჩევნებზე, ნოვოსიბირსკსა და ბარნაულში. დამკვირვებლად იმ სკოლაში მივედი, სადაც ვსწავლობდი. იქ ეს არ გახარებიათ, რადგან იცოდნენ, ვისგანაც ვიყავი და მხარს "ჭკვიანურ ხმის მიცემას", ალექსეის კიდევ ერთ პროექტს ვუჭერდი, რომელიც ძალიან კარგად მუშაობდა! მასწავლებლები ხუმრობდნენ, რომ შემდეგ არჩევნებზე მე უკვე კანდიდატი ვიქნებოდი. შესაძლოა, ასეც მომხდარიყო ერთ-ერთ არჩევნებისას ხელისუფლების ზეწოლის გამო, რუსეთიდან რომ არ წავსულიყავი.
გამომგზავრების წინ, ჩემს ქალაქში რამდენიმე ანტისაომარ აქციაზე დასწრება მოვასწარი
მე ბევრ საპროტესტო აქციაში მაქვს მონაწილეობა მიღებული, ალექსეი ნავალნისა და სხვა პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად. ერთ-ერთ აქციაზე ადმინისტრაციულად დამაკავეს, სასამართლომ ჯარიმა დამაკისრა, ქვეყნის შიგნით გასაჩივრება შეუძლებელი იყო და ჩემმა ადვოკატმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანა სარჩელი. უკვე საქართველოში ყოფნისას გავიგე, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება ჩემ სასარგებლოდ გამოიტანა და რუსეთს 4 000 ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაავალა. თუმცა, ომის გამო, რუსეთმა ევროპის საბჭოც დატოვა და ევროპის სასამართლოს (და არა მხოლოდ მის წინაშე) ყველა ვალდებულება მოიხსნა. გამომგზავრების წინ, ჩემს ქალაქში რამდენიმე ანტისაომარ აქციაზე დასწრება მოვასწარი. რუსეთი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დამეტოვებინა — ნავალნის შტაბებთან კავშირის გამო სისხლის სამართლის საქმეს მიკერავდნენ. ბარნაულის შტაბის კოორდინატორი უკვე ციხეში იჯდა, მის შესახებ ძალზე ცოტა ინფორმაცია გვქონდა. მის შემდეგ უკვე რიგითი აქტივისტების დაკავება იგეგმებოდა, ყველასი, ვინც შტაბის მუშაობას თუნდაც ცოტათი ეხმარებოდა.
მოგვიანებით, შტაბის კოორდინატორი ევროპასა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლაში მოჰყვა, რომელიც თურქეთში შედგა. ამ დროს მე უკვე საქართველოში ვებრძოდი მოსკოვიდან გამოსულ "ბორენკას", რომელიც რუსეთის ეფესბეს ზედამხედველობით პოლიტიკურ კარიერას იკეთებს და საქართველოს "მომავალზე" მუშაობს.
ცხოვრება საქართველოში
იმის შემყურე, რაც საქართველოს პარლამენტში ხდებოდა, რა კანონებს იღებდნენ და რაზე მსჯელობდნენ, განზე ვერ გავდგებოდი და სახლში ვერ დავჯდებოდი. დავიწყე სიარული აქციებზე, რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში იმართებოდა. ვუწევდი სამედიცინო დახმარებას, რამდენადაც ეს თავად შემეძლო ან ვეხმარებოდი ადამიანების მიყვანაში ყველაზე სახიფათო წერტილებიდან — სასწრაფო დახმარების მანქანებამდე. იქიდან შესაძლებელი იყო გაგერკვია, რას აკეთებდა და რომელ სპეციალურ საშუალებებს იყენებდა პოლიცია. ამის ცოდნით შეიძლება დაიცვა იქ მყოფი საზოგადოება და იყო მოვლენების ეპიცენტრში. ამის გამო ტელეკამერების კადრებში აღმოვჩნდი და ჩემზე ადმინისტრაციული საქმე აღძრეს, მოსამართლემ ჯარიმა დამაკისრა. აქცია "უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის" მიღების წინააღმდეგ ტარდებოდა და ხელისუფლების მითითებით პოლიცია უკიდურესი სისასტიკით მოქმედებდა. პროტესტის მონაწილეების მიმართ მასობრივი რეპრესიები იწყებოდა. შემდეგ მოპარული არჩევნები და ირაკლი კ.-ს განცხადება, რომელმაც მთელი საქართველო ქუჩაში გამოიყვანა, ყველა ქალაქში და არა მხოლოდ.
2024 წლის 18 ნოემბერს მე დამაკავეს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციელებისთვის ფოტოს გადაღების გამო, რომლებიც თავად მიღებდნენ თავიანთი ტელეფონებით. ეს თსუ-სთან გამართულ აქციასთან ახლოს მოხდა. იქ პოლიცია განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩა, იმის მიუხედავად, რომ პარლამენტისგან საკმაოდ შორია და ასეთი "ძალის" გამოყენების საჭიროება არ იყო. ასეთ მომენტებში ჩანს, რამდენად სუსტია ხელისუფლება. დაკავების შემდეგ, გამიშვეს, ვინაიდან არაფერი მქონდა დარღვეული იმ პოლიციელებისგან განსხვავებით, რომლებიც ცემით მემუქრებოდნენ და შეურაცხყოფას მაყენებდნენ, მთხოვდნენ გადაღებული ფოტოების ჩვენებას, ამოწმებდნენ მთელ ინფორმაციას ჩემი და ჩემი ცოლის შესახებ.
დაკითხვისას მხოლოდ საპროტესტო აქციებში ჩემი მონაწილეობისა და როლის შესახებ მეკითხებოდნენ
ორიოდე კვირის შემდეგ, 3 დეკემბერს, დილით, შავებში ჩაცმულმა სამმა პიროვნებამ სახლიდან სამსახურში მიმავალი დამაკავა და მითხრა, რომ ნარკოტიკების შენახვა და გასაღება მედება ბრალად. მე ვუთხარი, რომ ეს შეუძლებელია და კანონსაწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ამის შემდეგ, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ჩავჯექი მანქანაში, ვინაიდან დარწმუნებული ვიყავი, რომ დათვალიერების შემდეგ გამიშვებდნენ. მანქანაში ისევ მაყენებდნენ შეურაცხყოფას, რომელსაც ფიზიკური ზეწოლაც დაემატა კეფაში ჩარტყმისა და ლოყაზე პლასტიკური სამგზავრო ბარათის გარტყმის სახით. ამის შემდეგ, მითხრეს, პირდაპირ მანქანაშივე გამეხადა ქურთუკი და გადამეცა პოლიციელისთვის დასათვალიერებლად, რაც აქამდე უკვე გააკეთეს. შემდეგ, მითხრეს, ჩამეცვა ქურთუკი და იქიდან ამოიღეს პაკეტი თეთრი ფხვნილით, რომელიც აქამდე არც კი მინახავს. შემდგომში გაირკვა, რომ ეს ნარკოტიკი იყო, რომელზეც უკვე სხვა დათვალიერების დროს, დეპარტამენტში, ჩემი დნმ დაიტანეს, ვინაიდან მოტყუებით ჩემი ნერწყვის მოპოვება შეძლეს. დაკითხვისას მხოლოდ საპროტესტო აქციებში ჩემი მონაწილეობისა და როლის შესახებ მეკითხებოდნენ. ყველა საბუთი "კანონის შესაბამისადაა" შევსებული, მაგრამ ფაქტობრივად ყველაფერი სხვაგვარად იყო და თითქოს შანსებიც არაა, როგორც იმ ექსპერტიზაზე, რომლის ჩატარებაც ვითხოვე, პასუხად კი უარის შესახებ დოკუმენტი მივიღე ხელმოსაწერად, რომელსაც ხელი, რა თქმა უნდა, არ მოვაწერე. შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორი, სასამართლო და ციხე. ციხეში მივხვდი, რა ცოტა რამ გავაკეთე და რომ ციხეში იმის გამო არ ვზივარ, რაც ჩავიდინე.
მე მჯერა, რომ გამარჯვება ჯერ კიდევ შესაძლებელია, მთავარია, არ დავნებდეთ. არ შეიძლება დავუშვათ 100 წლის წინანდელი ისტორიის გამეორება, როდესაც ლევან ღოღობერიძე 1924 წელს დახვრეტებს ხელმძღვანელობდა. საქართველოს ოკუპაცია უნდა შეჩერდეს, დანაშაულების ჩამდენები კი უნდა დაისაჯონ.
მადლობა ჩემი ისტორიით დაინტერესებისთვის!
თავისუფლება პოლიტპატიმრებს!
სოლიდარობა მედიას!
ანტონ ჩეჩინმა ეს წერილი 4 ივლისს დაწერა, მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ასევე წაიკითხეთ:
კომენტარები