ვარკეთილის მეტროსადგურის სარემონტო სამუშაოები დასრულდა. განახლებული მეტროსადგურის ფოტოებს თბილისის მერია და თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებენ.

"ეს არის რიგით მესამე მოდერნიზებული მეტროსადგური, რომლის სრული რეაბილიტაცია ჩვენ ჩავატარეთ. ამჟამად კიდევ სამი მეტროსადგურის მოდერნიზების სამუშაოები მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ მგზავრთა გადაადგილების პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება", - ასე შეაფასა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განახლებული მეტროსადგური.

განახლებული მეტროსადგური ძირითადად თეთრ და ნაცრისფერ ფერებშია გაკეთებული. განახლებამდე, მეტროსადგურში ლურჯი და ოქროსფერი დომინირებდა.

ფოტო 1: თბილისის სატრანსპორტო კომპანია / ფოტო 2: თბილისის მერია

ფოტო 1: თბილისის სატრანსპორტო კომპანია / ფოტო 2: თბილისის მერია

2016 წელს თბილისის მერიისა და თბილისი სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით, რამდენიმე მეტროსადგურის შეკეთება დაიწყო. განახლების პროცესი იმ სადგურებით დაიწყო, რომლებიც ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთხელ უკვე შეაკეთეს, მათ შორის იყო ვარკეთილის სადგურიც. ვარკეთილის მეტროსადგურის განახლებაზე კომპანია - ყვარელრემმშენი მუშაობდა. კომპანია ელექტრონული ტენდერის საშუალებით შეირჩა და მასთან 347 852 ლარის ხელშეკრულება 2016 წლის 30 ნოემბერს დაიდო.