ველურ გარემოში თუთიყუშები ჭიკჭიკებენ, სტვენენ და მათთვის დამახასიათებელ სხვა ხმებს გამოსცემენ. ეს საინტერესო ფრინველები ამ კომპლექსურ ხმოვან სისტემებს საკვების მოსაპოვებლად, საფრთხეების დასაფიქსირებლად და ერთმანეთთან საკონტაქტოდ იყენებენ. მეცნიერები ამბობენ, რომ თუთიყუშები ასევე "სასიგნალო ხმებს" გამოსცემენ, რომელიც, ფაქტობრივად, იგივე როლს ასრულებს, რასაც სახელების დაძახება ადამიანებში.

როდესაც თუთიყუში ბუნებას ტოვებს, შესაბამისად მის "ენაზე" მოსაუბრე გარემოცვაც აღარ ჰყავს და მისი კომპლექსურად მოწყობილი ტვინი ადაპტირებას, ანუ ადამიანის ლექსიკის ათვისებას იწყებს. სწორედ აქ ჩნდება საინტერესო შეკითხვა — როცა თუთიყუში ლაპარაკობს, მართლა ესმის იმ სიტყვების მნიშვნელობა რასაც ამბობს, თუ უბრალოდ იმიტაციას აკეთებს?

საინტერესოა, რომ კვლევების მიხედვით, თუთიყუშებს აქვთ ფრაზების შესაბამის დროს გამოყენების და ადამიანების მიერ ნათქვამი სიტყვების გააზრების გასაოცარი უნარი. გამოდის, რომ ზოგიერთ თუთიყუშს მართლაც ესმის სიტყვის მნიშვნელობა, განსაკუთრებით თუ მას სწორი მეთოდით გავწვრთნით.

ირინ პეპერბერგის წიგნი, რომელშიც დეტალურად აქვს აღწერილი მისი კვლევები თუთიყუშ ალექსთან.

ფოტო: amazon.com

ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორმა, ირინ პეპერბერგმა მთელი კარიერა თუთიყუშებთან მუშაობას მიუძღვნა. მისი ყველაზე ცნობილი ფრთოსანი მეგობარი აფრიკული რუხი თუთიყუში სახელად ალექსი იყო, რომელმაც თავისი კომუნიკაციის უნარებით სამეცნიერო საზოგადოება აღაფრთოვანა.

ალექსი ასზე მეტ სიტყვას იყენებდა სხვადასხვა საგნის, ფერისა და მოქმედების აღსაწერად. ექვსამდე ითვლიდა და "ნულის" იდეაც ესმოდა. თუ მას უჩვენებდნენ საგანს, შეეძლო ეთქვა მისი ფერი, ფორმა და მასალა. ასევე, შეეძლო ორი საგანი ერთმანეთთან შეედარებინა და ეთქვა რომელი იყო უფრო "დიდი" ან "პატარა".

მისი გაწვრთნა ეტაპობრივად და სისტემურად ხდებოდა. ალექსს ზუსტად ესმოდა, რომელ სიტყვას რა მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ ის არ იყო ერთადერთი გამონაკლისი, რადგან როგორც მეცნიერები ამბობენ, სახლის პირობებში გაზრდილ თუთიყუშებსაც შეუძლიათ მსგავსი უნარების განვითარება.

მეცნიერი ერინ კოლბერტ-უაითი ამბობს, რომ თუთიყუშებს კონკრეტულ საგნებთან დაკავშირებული სიტყვების სწავლა ძალიან კარგად გამოსდით. მაგალითად, თუ სიტყვა "არაქისი" ხშირად მეორდება იმ დროს როდესაც მას ნამდვილად არაქისს აძლევთ, ის სწავლობს, რომ ამ ხმოვან კომბინაციას კონკრეტული ნივთი, ამ შემთხვევაში არაქისის კარაქი შეესაბამება. ეს მეთოდი მოქმედებს ზუსტად ისე, როგორც პატარა ბავშვებში.

აღსანიშნავია, რომ როდესაც ალექსი არაქისს მოითხოვდა და ამის მაგივრად მას სხვა საკვებს აძლევდნენ, თუთიყუში რეაგირებდა და ისევ არაქისს ითხოვდა, ეს ნიშნავს, რომ არა უბრალოდ რაიმე საჭმელს, არამედ კონკრეტულად ამ პროდუქტს გულისხმობდა.

თუთიყუში ალექსი 2007 წელს, 31 წლის ასაკში მოკვდა.

ფოტო: Mike Lovett/Brandeis University

თუთიყუშები არა მხოლოდ საგნების დასახელებას, არამედ ზოგჯერ კონტექსტურ ფრაზებსაც სწავლობენ, თუნდაც არ ესმოდეთ მათი ღრმა მნიშვნელობა. მაგალითად, ალექსმა ერთხელ "მაპატიე" თქვა მას შემდეგ, რაც დოკუმენტების შეკვრა გაანადგურა და მეცნიერი გააბრაზა. ეს სიტყვა მან იმ დროს ისწავლა, როცა ერთ-ერთმა მკვლევარმა კოლეგას შემთხვევით ყავის ფინჯანი დააგდებინა და ბოდიში მოუხადა.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ყველა თუთიყუშში არ ვითარდება საუბრის ასეთი კომპლექსური უნარები, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას გვერდით სხვა თუთიყუში ჰყავს. ასეთ შემთხვევაში, მათი საკომუნიკაციო ენა კვლავ თავდაპირველ ანუ ბუნებრივ ფორმას უბრუნდება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.