ოცნების პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაზე გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, არავინ ელოდა, რუბიო განაცხადებდა, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლებასთან ინტენსიურ თანამშრომლობას ხვალიდან იწყებენ და მხარდაჭერილი რეზოლუცია მცდარია.

"მსოფლიოში მძიმე პროცესები მიმდინარეობს. ამერიკა ინტენსიური მოლაპარაკებების პროცესშია რუსეთთან, რომელიც საქართველოს სტაბილურობისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებული აქვს. რასაკვირველია, ამ თემაზე არ უნდათ, მოლაპარაკების პროცესში ახალი თემა წარმოიშვას. იმ კონგრესს უპასუხა, რომელმაც „მეგობარი აქტის“ სახელით მიუღებელი რეზოლუცია მიიღო საქართველოს თაობაზე. ამ დოკუმენტში საქართველოს მოკავშირედ ირანი და ჩინეთი გახადეს, რაც არასწორია და ეს ყველამ იცის. აქედან გამომდინარეობდა მისი პასუხიც, რომ ყველაფერს კარგად ნახავენ, სიღრმისეულად ჩაიხედავენ, დასკვნებს გააკეთებენ და ამის შემდეგ გადაწყვეტილებას მიიღებენ. რასაკვირველია, არავინ ელოდა, რუბიო განაცხადებდა, რომ ისინი საქართველოს ხელისუფლებასთან ინტენსიურ თანამშრომლობას ხვალიდან იწყებენ და მხარდაჭერილი რეზოლუცია მცდარია. მცდარი რომ არის, ყველამ კარგად იცის. ვერ გამოიყენებენ ამ პროცესს, რამაც პოლიტიკურ ოპონენტებში მხიარულება და ყიჟინა გამოიწვია", — განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ 21 მაისს, აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ქართული ოცნების მთავრობა "ანტიამერიკული მთავრობის" კონტექსტში მოიხსენია.