ჯეიმს ვების ტელესკოპმა ვარსკვლავის მიერ პლანეტის შთანთქმა დააფიქსირა

ფოტო: Reuters.com
2020 წლის მაისში, ასტრონომები პირველად დააკვირდნენ ვარსკვლავის მიერ პლანეტის შთანთქმის პროცესს. იმ პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით მეცნიერებს მიაჩნდათ, რომ პლანეტა მას შემდეგ განადგურდა, რაც ვარსკვლავი ევოლუციის მიწურულ ფაზაში შევიდა ანუ წითელ გიგანტად იქცა და გაფართოვდა.

პლანეტის შთანთქმის ამსახველი გამოსახულება
ფოტო: ChatGPT/NEXT.On.ge
ამის მიუხედავად, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის ახალი დაკვირვებები აჩვენებს, რომ პლანეტის აღსასრული სულ სხვაგვარად მოხდა. მკვლევრების თქმით, ვარსკვლავის გაფართოების ნაცვლად, როგორც ჩანს, თავად პლანეტა მიუახლოვდა მას, რაც კატასტროფით დასრულდა და ორბიტის ნელ-ნელა დაშლის შემდეგ პლანეტა ვარსკვლავში ჩავარდა.
ეს ვარსკვლავი ირმის ნახტომის გალაქტიკაში მდებარეობს, დედამიწიდან დაახლოებით 12 ათასი სინათლის წლის მანძილზე, არწივის თანავარსკვლავედის მიმართულებით. იგი ოდნავ უფრო წითელი და ნაკლებად კაშკაშაა ვიდრე ჩვენი მზე, ხოლო მასით მისი დაახლოებით 70%-ია. დაზუსტებით არავინ იცის, რა დაემართა პლანეტას, მაგრამ მიიჩნევა, რომ ის ეკუთვნოდა გაზის გიგანტების ე.წ. "ცხელი იუპიტერების" კლასს.
"ჩვენ გვჯერა, რომ ის უნდა ყოფილიყო გიგანტური პლანეტა, მინიმუმ იუპიტერზე რამდენჯერმე მეტი, რადგან სწორედ ამდენად დიდი მასაა საჭირო ვარსკვლავზე ასეთი ძლიერი გავლენის მოსახდენად", — ამბობს კვლევის თანაავტორი, მორგან მაკლეოდი, ჰარვარდ-სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრის პოსტდოქტორანტი.
მკვლევრები ფიქრობენ, რომ პლანეტის ორბიტა გრავიტაციული ურთიერთქმედების გამო ნელ-ნელა ირღვეოდა და სწორედ ამ პროცესის შემდეგ პლანეტამ ვარსკვლავის ატმოსფეროში შესვლა დაიწყო. ამ მომენტში წინააღმდეგობა გაიზარდა და ვარდნის სიჩქარემ მოიმატა.

ცხელი იუპიტერი მასიური ეგზოპლანეტების კლასია, რომლებიც ფიზიკურად იუპიტერს ჰგვანან
ფოტო: Getty Images
"ვხედავთ როგორ იმოქმედა პლანეტის ვარდნამ ვარსკვლავზე, მაგრამ ზუსტად არ ვიცით, რა დაემართა თავად პლანეტას. ასტრონომიაში ბევრი რამ არის ისეთი მასშტაბური და მიუწვდომელი, რომ პირდაპირი ექსპერიმენტი ვერ ჩატარდება. არ შეგვიძლია პლანეტა და ვარსკვლავი ერთმანეთს შევაჯახოთ, მაგრამ მომხდარის აღდგენა შეგვიძლია კომპიუტერული მოდელებით ვცადოთ", — აღნიშნავს მაკლეოდი.
ჩვენი მზის სისტემის არცერთი პლანეტა არაა მზესთან იმდენად ახლოს, რომ მათი ორბიტა დაიშალოს, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ მზემ მომავალში რამდენიმე მათგანი შთანთქას.
"ნაშრომი აჩვენებს, რომ პლანეტები შეიძლება ნელ-ნელა მიუახლოვდეს თავიანთ ვარსკვლავებს და ამით დასრულდეს მათი სიცოცხლე. საბედნიეროდ, ჩვენი მზის სისტემა შედარებით სტაბილურია, ასე რომ ჩვენთვის ერთადერთი საფიქრალი მხოლოდ მზის წითელ გიგანტად გადაქცევაა", — ამბობს ასტრონომი რაიან ლაუ, აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდის NOIRLab-ის წარმომადგენელი და კვლევის წამყვანი ავტორი.
დაახლოებით ხუთ მილიარდ წელში მზე დაიწყებს გაფართოებას, ანუ წითელი გიგანტის ფაზაში შესვლას და შთანთქავს მერკურის, ვენერას და შესაძლოა დედამიწასაც. ამ ფაზის შემდეგ ვარსკვლავი თავის გარე შრეებს დაკარგავს და დარჩება მხოლოდ ბირთვი — ე.წ. თეთრი ჯუჯა.
კომენტარები