მეცნიერებმა თაგვებს მამონტის ბეწვი გაუზარდეს: გადაშენებული გიგანტების დაბრუნებისკენ ერთი ნაბიჯით წინ
მამონტების დაბრუნება იწყება?

ფოტო: Colossal
მეცნიერებმა გენური ინჟინერიის გამოყენებით შექმნეს თაგვები, რომლებსაც მამონტების ბეწვის მსგავსი თმა აქვთ — ხშირი, აჩეჩილი ბეწვი, რომელიც აწ უკვე გადაშენებულ ცხოველებს ბოლო გამყინვარების პერიოდში ათბობდა.
ეს მიღწევა ბიოტექნოლოგიური კომპანიის Colossal Biosciences მეცნიერებს ეკუთვნით. თაგვებზე მუშაობა გუნდმა 2024 წლის სექტემბერში დაიწყო, 2025 წლის 4 მარტს კი უკვე "მამონტის ბეწვის" მქონე თაგვებიც ვიხილეთ. კომპანიის მიზანია, 2028 წლისთვის დედამიწას ბეწვიანი მამონტები, დიდი ხნის წინ გადაშენებული სახეობა Mammuthus primigenius, დაუბრუნოს.
ასევე იხილეთ: მამონტები ტეხასში? — 2028 წლისთვის გადაშენებული სახეობის დაბრუნებას გეგმავენ
მეცნიერები ამისათვის ჯერ მამონტების უახლოესი ცოცხალი ნათესავის, აზიური სპილოს (Elephas maximus), უჯრედების რედაქტირებას აპირებენ; ასე სპილოსა და მამონტის ჰიბრიდულ ემბრიონებს შექმნიან, რომელთაც აჩეჩილი თმა და ბეწვიანი მამონტების სხვა მახასიათებლები ექნებათ.
სპილოებზე მუშაობა არც ისე მარტივია, ამიტომ შესაბამისი გენების რედაქტირება და სხვადასხვა ტექნიკა ჯერ უფრო პატარა არსებებზე უნდა გამოცადონ. ეს არსებები თაგვები აღმოჩნდნენ, რომლებიც მარტივად მოსავლელები არიან და სწრაფად მრავლდებიან.
"თაგვის მოდელი ამ შემთხვევაში ძალიან გამოსადეგია, რადგან, სპილოებისგან განსხვავებით [მათი მუცლადყოფნა 22 თვეს გრძელდება], თაგვებს 20-დღიანი ფეხმძიმობა ახასიათებთ", — Live Science-თან საუბრისას განმარტავს ბეთ შაპირო, ევოლუციური ბიოლოგიის სპეციალისტი და Colossal-ის უფროსი სამეცნიერო ოფიცერი.
მუცლადყოფნის ხანმოკლე პერიოდმა მკვლევრებს საშუალება მისცა, თაგვები სულ რაღაც 6 თვეში შეექმნათ და გაეზარდათ. ნაშრომი BioRxiv-ზე აიტვირთა, პრეპრინტების პლატფორმაზე. კვლევა სფეროს სპეციალისტებს ჯერ არ მიმოუხილავთ.
როგორ შექმნეს თაგვები, რომლებსაც მამონტისთვის დამახასიათებელი ბეწვი აქვთ
მამონტის ბეწვის მქონე თაგვების შესაქმნელად მეცნიერებმა მღრღნელების 7 გენი შეცვალეს; აქედან 6 ბეწვის სტრუქტურას, სიგრძესა და ფერს უკავშირდებოდა. სანამ ამ გენებს ამოარჩევდნენ, მკვლევრები დნმ-ის ისეთ თანმიმდევრობებს ეძებდნენ, რომლებიც თაგვებში თმის ზრდას აკონტროლებს და ევოლუციურად იმ თანმიმდევრობებსაც უკავშირდება, რომლებიც მამონტებს აჩეჩილ ბეწვს ანიჭებდა.
"მამონტის გენები არ აგვიღია და თაგვში არ ჩაგვისვამს", — ამბობს შაპირო — "თაგვების იმ გენურ ვარიანტებს ვეძებდით, რომლებიც მამონტებში გამოსადეგი გვეგონა. ამის შემდეგ თაგვები შევქმენით, რომლებშიც არაერთი ეს ცვლილება ერთდროულად გვხვდება".
ცვლილებების უმეტესობამ თაგვებში ჩვეულებრივ აქტიური გენები "გათიშა". მაგალითისთვის, მეცნიერებმა გენი FGF-5 გამორთეს, რომელიც თმის სიგრძეს არეგულირებს; შედეგად მიიღეს თაგვები, რომლებსაც სამჯერ გრძელი ბეწვი აქვთ, ვიდრე ჩვეულებრივ ლაბორატორიულ თაგვებს.
მეცნიერებმა თაგვებში ისეთი მუტაციებიც შეიტანეს, რომლებიც ბეწვიან მამონტებს ჰქონდათ, შედეგად კი ჩვეულებრივზე ტალღოვანი ბეწვი მიიღეს. ბეწვიან მამონტებს გენის, სახელად TGF ალფა, დამოკლებული ვარიანტი ჰქონდათ; მუტაცია აღენიშნებოდათ კერატინის გენშიც, სახელად KRT27. ეს მუტაციები მკვლევრებმა ბეწვიანი თაგვის დნმ-ში შეიტანეს. მათ ამისათვის გენური ინჟინერიის სამი ტექნიკა გამოიყენეს. ერთ-ერთი მეთოდის გამოყენებით მკვლევრებმა თაგვების დნმ რამდენიმე ადგილას შეცვალეს, თანაც დიდი სიზუსტით.
მეცნიერები იმ გენზეც ფოკუსირდნენ, რომელიც თაგვებში ცხიმის მეტაბოლიზმსა და ცხიმოვანი მჟავების შეწოვას არეგულირებს. ბეწვიანი მამონტები ძალიან ცივ გარემოში უპრობლემოდ ცხოვრობდნენ, ეს კი ნაწილობრივ კანქვეშ არსებული ცხიმის მარაგის დამსახურება იყო. ამის გამო მკვლევრებმა სცადეს, დნმ-ის რელევანტური თანმიმდევრობა დაერედაქტირებინათ და თაგვებისთვის იგივე მარაგი მიეცათ.
პროფესორ ვინსენტ ლინჩის აზრით, რომელიც კვლევაში ჩართული არ ყოფილა, მკვლევრები "ელოდნენ, რომ თაგვებს სხეულში მეტი ან ნაკლები ცხიმი ექნებოდათ". მისი ვარაუდით, ფიზიკური შედეგები ზედმეტად მცირე უნდა იყოს იმისთვის, რომ დაკვირვება მოხერხდეს.
საბოლოო ჯამში, ჯერჯერობით უცნობია, შეუძლიათ თუ არა მოდიფიცირებულ თაგვებს უფრო ცივი გარემოს უკეთ ატანა. Colossal-ის მეცნიერები ამბობენ, რომ ამას მომდევნო თვეებში შეამოწმებენ.
ასეთი თაგვების შექმნა წინგადადგმული ნაბიჯია ბეწვიანი მამონტების დაბრუნებისაკენ, თუმცა ჯერ არაერთი დაბრკოლებაა გადასალახი. მაგალითისთვის, ბეწვიანი თაგვების შესაქმნელად მოწინავე ტექნიკა გამოიყენეს, თუმცა, ლინჩის თქმით, სპილოებში მსგავსი შედეგის მისაღებად გაცილებით დახვეწილი ტექნოლოგია იქნება საჭირო. თაგვებს ბუნებრივად აქვთ ხშირი თმა, თუმცა სპილოებს არა. შესაბამისად, ტექნიკურად ეს ბევრად რთული მისაღწევი იქნება.
"სპილოებს ბეწვი აქვთ, თუმცა ბევრად ცოტა, ვიდრე სხვა ძუძუმწოვრებს, ამიტომ ეს მუტაციები აზიურ სპილოშიც რომ გამოეწვიათ... უბრალოდ ძალიან მეჩხერი იქნება", — ამბობს ლინჩი — "ამიტომ, რეალურად, გენომი არაერთხელ უნდა შეცვალო, რომ რამენაირად თმის სიხშირის გაზრდის გზას მიაგნო".
მეცნიერები კვლავაც განაგრძობენ მიზნის მისაღწევად სხვადასხვა ტექნიკის გამოცდას. ვინ იცის, იქნებ 2028 წლისთვის მართლაც დააბრუნონ ათასობით წლის წინ გადაშენებული ცხოველი.
კომენტარები