ორმხრივი პნევმონია: რა უნდა ვიცოდეთ დაავადებაზე, რომელიც პაპ ფრანცისკეს ჰქონდა

ფოტო: TV9 Bharatvarsh
ვატიკანის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ 21 აპრილს ფრანცისკეს, რომის პაპის, სიკვდილის შესახებ შეგვატყობინა.
ცნობილია, რომ პაპი საავადმყოფოში 14 თებერვალს გადაიყვანეს. მას ორმხრივი პნევმონია დაუდგინდა და ამ მდგომარეობაზე მკურნალობდა. ვატიკანის ინფორმაციით, საბოლოოდ მისი სიკვდილის მიზეზი თავის ტვინის ინსულტი გახდა.
რა არის ორმხრივი პნევმონია?
პნევმონია ფილტვების ინფექციაა, რომელსაც უმეტესად ბაქტერიები (მაგ: Streptococcus pneumoniae) ან ვირუსები (მაგ: ინფლუენცა) იწვევს; იშვიათად, შესაძლოა, ინფექციას საფუძველი სოკოებმა ან პარაზიტებმაც დაუდოს. ვატიკანმა განაცხადა, რომ პაპ ფრანცისკეს "პოლიმიკრობული ინფექცია" ჰქონდა, ანუ ინფექციაში ერთზე მეტი მიკრობული ორგანიზმი მონაწილეობდა.
ორმხრივი პნევმონია, თავის მხრივ, იგივეა, რაც ბილატერალური პნევმონია. ტერმინი ნიშნავს, რომ ადამიანს ინფექცია ორივე ფილტვში აქვს. ინფექციის შედეგად ანთება იწყება; ფილტვის ალვეოლები სივდება და სითხით ან ჩირქით ივსება. შედეგად ჟანგბადს უჭირს, ფილტვებიდან სისხლის მიმოქცევაში გადავიდეს და სუნთქვის გაძნელება, ასევე ქოშინი ვითარდება.
პნევმონიის სხვა სიმპტომებია: ხველა მწვანე/ყვითელი ამონახველით, სისხლიანი ლორწო, მკერდის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, დაღლილობა, მადის დაკარგვა და დაბნეულობა.
ვისთვის არის სახიფათო ეს დაავადება?
პნევმონია ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს. მეორე მხრივ, ჯანმრთელობის ზოგიერთი მდგომარეობა და კონკრეტული გარემო ფაქტორები ინფექციისა და გართულებების რისკს ზრდის.
მნიშვნელოვანი რისკფაქტორებია ჯანმრთელობის არსებული პრობლემები. ესენი შეიძლება იყოს: კისტოზური ფიბროზი, ქრონიკული ობსტრუქციული პულმონარული დაავადება (COPD), გულის დაავადება, სუსტი იმუნიტეტი და ყლაპვის გაძნელებით მიმდინარე დაავადებები.
ცნობილია, რომ პაპ ფრანცისკეს მწვავე რესპირატორული ინფექციის გამო ახალგაზრდობაში ცალი ფილტვის ნაწილი მოაშორეს. ბრონქიტის დიაგნოზით იგი 2023 წელსაც მოხვდა საავადმყოფოში.
რისკფაქტორები უნდა ვეძიოთ ასაკსა და ცხოვრების წესშიც. პნევმონია განსაკუთრებით სარისკოა 2 წელს ქვემოთ და 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებში. რისკებს ზრდის სიგარეტის მოწევა, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარება, ასევე მავნე ნივთიერებების ზემოქმედება.
როგორ მკურნალობენ ორმხრივ პნევმონიას?
პნევმონიის მკურნალობის თავისებურებებს არაერთი ფაქტორი განსაზღვრავს, თუმცა ეს უმთავრესად ინფექციის გამომწვევ მიზეზზეა დამოკიდებული. თუკი პნევმონია ბაქტერიულია, პაციენტს ანტიბიოტიკებით მკურნალობენ. შესაძლოა, ამ დროს კონკრეტული ბაქტერია ამოიღონ მიზანში ან ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი გამოიყენონ — გააჩნია, რამდენი ტიპის ბაქტერიამ გამოიწვია ინფექცია.
ვატიკანის განცხადებით, პაპის შემთხვევაში საქმე პოლიმიკრობულ ინფექციასთან გვქონდა, ასეთ დროს კი მკურნალობაც მეტად კომპლექსურია. მაგალითად, თუკი ინფექციაში ვირუსიც მონაწილეობს, მას ანტიბიოტიკები (ანუ ბაქტერიის საწინააღმდეგო საშუალებები) ვერ გააქრობს.
მკურნალობა ნაწილობრივ სიმპტომურია, ანუ სიმპტომების შემსუბუქებას ემსახურება. მაგალითად, მაღალი ტემპერატურისა და ტკივილის შესამსუბუქებლად იბუპროფენს ან მსგავს მედიკამენტებს იყენებენ; ხველისა და ლორწოვანი ამონახველის სამკურნალოდ ჰაერის დამატენიანებელი ხელსაწყოები და ორთქლიანი აბაზანებია რეკომენდებული. პნევმონიის გართულებისას ზოგიერთ პაციენტს ჟანგბადის თერაპია ან ანტიბიოტიკების ინტრავენურად მიღებაც ესაჭიროება.
ბაქტერიული პნევმონიის დროს პაციენტები (საუბარია ჯანმრთელობის სხვა პრობლემების მქონე ადამიანებზე) უკეთესობას მკურნალობის დაწყებიდან დაახლოებით 2 დღეში გრძნობენ, ვირუსული ინფექციის შემთხვევაში კი რამდენიმე დღეა საჭირო. ზოგიერთი სიმპტომი, თუნდაც ხველა ან დაღლილობა, შეიძლება რამდენიმე კვირითაც გაგრძელდეს.
საბოლოო ჯამში, პნევმონიისგან გამოჯანმრთელებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ასაკს, ინფექციის სირთულეს, ჯანმრთელობის სტატუსსა და ასაკს.
პაპ ფრანცისკეს სიკვდილის პირდაპირი მიზეზი ორმხრივი პნევმონია არ გამხდარა, თუმცა ამაში წვლილი ამ მდგომარეობასაც მიუძღოდა.
21 აპრილის დილას პაპს ინსულტი დაემართა, რასაც კომა და გულის გაჩერება მოჰყვა. ვატიკანის განცხადების მიხედვით, ამაში წვლილი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვა ფაქტორებსაც მიუძღვის, მათ შორის "წინა პერიოდში გადატანილ მწვავე რესპირატორულ უკმარისობას", არტერიულ ჰიპერტენზიასა და მეორე ტიპის დიაბეტს.
პაპის შემთხვევა ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს მსგავსი ინფექციები ზოგჯერ. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ქრონიკული დაავადებების მართვა და ინფექციების დროული დიაგნოსტირება, განსაკუთრებით — მოწყვლადი ჯგუფებისთვის.
კომენტარები