5 სექტემბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბაქოში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა.

ესაუბრა თუ არა ჯანელიძე ალიევს თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის საკითხზე? - ამ კითხვით On.ge-მ საგარეო საქმეთა სამინისტროს 6 სექტემბერს, დილით მიმართა.

უწყებაში ამბობენ, რომ შეხვედრაზე განხილული ყველა საკითხის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზეა განთავსებული, თუმცა აქ მუხტარლის შესახებ არაფერი წერია.

განცხადებაში კი ვკითხულობთ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა დაადასტურეს, რომ მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს და რომ ჯანელიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში მიიწვია.

მეოთხე თვეა, თბილისიდან გატაცებული აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი, აფგან მუხტარლი ბაქოს ციხეში იმყოფება და წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი. აზერბაიჯანის ხელისუფლება ჟურნალისტს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და კონტრაბანდას ედავება. თავად მუხტარლი კი ამბობს, რომ ის საქართველოს დედაქალაქიდან კრიმინალური პოლიციის ფორმიანმა პირებმა გაიტაცეს.

საქართველოში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.