საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 20 მსუბუქი ავტომობილის (ჯიპის ტიპის) 1 007 665 ლარად გამოცხადებული ტენდერის შედეგები ცნობილია. ავტომობილებს მაუწყებელს შპს ჯი-თი მოტორსი მიაწვდის. კომპანიის გამარჯვების შესახებ წერილი შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე უკვე ატვირთულია. აღნიშნული კომპანიის მფლობელები ქართული ოცნების შემომწირველთა შორის არიან. მათ პარტიისთვის 120 ათას ლარზე მეტი აქვთ გაღებული.

შპს ჯი-თი მოტორსი საზოგადოებრივ მაუწყებელს 20 ავტომობილს 934 500 ლარად მიაწვდის. კომპანიას სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის გამოცდილება აქვს და რამდენიმე ასეული ათასი ლარის ღირებულებების შესყიდვები სხვა დროსაც აქვს განხორციელებული.

შპს ჯი-თი მოტორსის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი შპს ჯი-თი გრუპია, რომელიც გიორგი თავდიშვილს, გიორგი გველესიანსა და თემურ უსტიაშვილს ეკუთვნით. აუდიტის სამსახურის ვებგვერდის მონაცემებით, 2016 წელს შპს ჯი-თი მოტორსმა 2 200 ლარი, მისმა ორმა მფლობელმა გიორგი გველესიანსა და თემურ უსტიაშვილს კი, ჯამში, 120 ათასი ლარი შესწირეს ქართულ ოცნებას.

ტენდერში მონაწილე მეორე კომპანია სს ფრანს ავტოა. კომპანია საზოგადოებრივ მაუწყებელს 22 ათასად უფრო ძვირად სთავაზობდა ავტომობილების მიწოდებას. ფრანს ავტოსაც კონკურენტის მსგავსად სახელმწიფო უწყებებისთვის მომსახურების მიწოდების გამოცდილება აქვს. ფრანს ავტოს მფლობელია იბერია ბიზნეს ჯგუფი, რომლის ერთ-ერთი მეწილეც სპორტისა და ახალგაზრულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილია.

ჯი-თი გრუპი საქართველოში სხვადასხვა სახის სატვირთო და სპეცტენქიკის გარდა, არის ფორდის, სუძუკის, რენჯ როვერისა და იაგუარის ოფიციალური იმპორტიორი.